Facebook Twitter

ბს-1547-1504(კ-08) 18 თებერვალი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ი.მ. «თ. ღ-ე» (მოპასუხე)

დავის საგანი – საგადასახადო დავალიანების გადახდის დაკისრება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ისან-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ 2001 წლის თებერვალში გადახდის ბრძანების მიღების შესახებ განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ი.მ. «თ. ღ-ის» მიმართ და მოითხოვა საგადასახადო დავალიანების გადახდის დაკისრების თაობაზე ბრძანების გაცემა.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 1 მარტის გადახდის ბრძანებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოპასუხეს ი.მ. «თ. ღ-ეს» ისან-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სასარგებლოდ დაეკისრა 44627 ლარის გადახდა.

ქ. თბილისის ისან-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 1 მარტის გადახდის ბრძანებასთან დაკავშირებით მოპასუხემ წარადგინა შესაგებელი და საქმე განხილული იქნა სასარჩელო წესით.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ისანი-სამგორის საგადასახადო ინსპექციის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ისან-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 24 ივნისის განჩინებით საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ისან-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მოცემულ საქმეზე ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით თბილისის ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სარჩელი ი.მ. «თ. ღ-თვის» ვადაგადაცილებული დავალიანების დაკისრების შესახებ 44627 ლარის ოდენობით არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: არ არის წარმოდგენილი მოპასუხის შემოწმების აქტი, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე შეუძლებელია იმის დადგენა, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადახდის ბრძანების ჩაბარებამდე თ. ღ-თვის ცნობილი თუ იყო დავალიანების არსებობის შესახებ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მარტის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის ისან-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ), რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები; კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია სადავოდ გადასახადის გადამხდელის პირად ბარათზე დარიცხული თანხა იმ მოტივით, რომ საგადასახადო ინსპექციაში ამ დარიცხვის დოკუმენტური საფუძველი არ მოიძებნა. კასატორის აზრით, დოკუმენტების დაკარგვის ან განადგურების ფაქტი ვერ გახდება დარიცხვის სამართლიანობაზე მსჯელობის არგუმენტი, რადგან გადასახადის გადამხდელს სასამართლოსათვის შესაბამისი მტკიცებულებები არ წარუდგენია, ხოლო საგადასახადო კოდექსის 257-ე მუხლის შესაბამისად გასაჩივრების პროცესში საგადასახადო დარიცხვის მცდარობის ტვირთი ეკისრება გადასახადის გადამხდელს.

კასატორის მოსაზრებით, საქმე განხილულ იქნა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კერძოდ, საქმე სასარჩელო წესით განიხილა ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ 2001 წლის 9 თებერვლის გადახდის ბრძანების გაცემის თაობაზე განცხადების საფუძველზე და არა მისი სასარჩელო განცხადების საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნლოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მარტის განჩინებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.