Facebook Twitter
¹ბს-1550-1507(კ-08)

¹ბს-1550-1507(კ-08) 28 ივლისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

პაატა სილაგაძე

სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა

კასატორი (მოსარჩელე) _ გ. ხ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტო (საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამონაცვლე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინება

სარჩელის საგანი _ პენსიის დანიშვნა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 30 აგვისტოს გ. ხ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი 1972 წლიდან 2004 წლის 27 ივლისამდე მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში და მინიჭებული ჰქონდა პოლკოვნიკის სპეციალური წოდება. 2004 წლის 27 ივლისს, პირადი პატაკის საფუძველზე, მოსარჩელე დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და იმავე დღეს დაინიშნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში უფროსი ოპერატიული თანამშრომლის თანამდებობაზე. 2005 წლის 13 მაისის ¹8/9პ/შ ბრძანებით, პირადი პატაკის საფუძველზე, პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით, მოსარჩელე დათხოვნილ იქნა სამსახურიდან «ფინანსური პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის მე-20 მუხლის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად _ წელთა ნამსახურობით. სამსახური, რომელიც მოსარჩელეს ჩაეთვალა წელთა ნამსახურობაში პენსიის დასანიშნად, შეადგენდა 34 წელს, 7 თვესა და 14 დღეს.

მოსარჩელის მტკიცებით, 2005 წლის 2 ივნისს მან საპენსიო უზრუნველყოფისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი წარადგინა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ძალოვანი სტრუქტურების საპენსიო უზრუნველყოფის დეპარტამენტში, საიდანაც ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი 2005 წლის 29 აგვისტოს ¹05/05-1468 წერილით აცნობეს, რომ მისი საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი ვერ გადაწყდებოდა, ვინაიდან «ფინანსური პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონით არ იყო განსაზღვრული ფინანსურ პოლიციაში სამსახურის ზღვრული ასაკის ოდენობა და წელთა ნამსახურობით პენსიის დანიშვნის პირობები. აღნიშნულ კანონში ხარვეზის აღმოფხვრის მოთხოვნით, 2005 წლის 3 აგვისტოს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საიდანაც განცხადების პასუხად აცნობეს, რომ მასში მითითებული ხარვეზის გამოსასწორებლად ფინანსურ პოლიციაში მიმდინარეობდა მუშაობა და იგი რამდენიმე თვე გრძელდებოდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, იმ დრომდე ვერ გადაწყდა გ. ხ-შვილის საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი, რის შედეგადაც მის ოჯახს 3 თვისა და 15 დღის განმავლობაში არ გააჩნდა საარსებო წყარო.

მოსარჩელის განმარტებით, ფინანსურ პოლიციაში სამსახურის გავლის დროს მას შეუნარჩუნდა იგივე წოდება და ისევე, როგორც შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოველთვიურად, ხელფასის სახით, ღებულობდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილი განაკვეთის თანხას, პროცენტულ დანამატებს წელთა ნამსახურობისათვის და კვების ულუფის ფინანსურ კომპენსაციას.

მოსარჩელის მტკიცებით, ფინანსური პოლიცია იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის სამართალმემკვიდრე, საგანგებო ლეგიონის თანამშრომელთა საპენსიო უზრუნველყოფა კი ხორციელდებოდა «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონით. ფინანსური პოლიცია იყო სპეციალური სამართალდამცავი ორგანო, სადაც დაწესებული იყო სპეციალური წოდებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ხ-შვილმა მოითხოვა «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად, პენსიის დანიშვნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ხ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე 1972 წლიდან 2004 წლის 27 ივლისამდე მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ხოლო 2004 წლის 27 ივლისიდან _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში. 2005 წლის 13 მაისს გ. ხ-შვილი გათავისუფლდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციიდან «ფინანსური პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის მე-20 მუხლის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე. პენსიის დასანიშნად დაანგარიშებულმა გ. ხ-შვილის წელთა ნამსახურობამ შეადგინა 34 წელი, 7 თვე და 14 დღე. გ. ხ-შვილს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა უარი უთხრა წელთა ნამსახურობით პენსიის დანიშვნაზე. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ გ. ხ-შვილი არ წარმოადგენდა «ფინანსური პოლიციის შესახებ» (ამოქმედდა 2004 წლის 15 მარტიდან) კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ პენსიის მიმღებ პირს, ვინაიდან იგი ფინანსური პოლიციიდან განთავისუფლებულ იქნა წელთა ნამსახურობით, ხოლო მოქმედი კანონმდებლობით არ იყო განსაზღვრული ფინანსურ პოლიციაში სამსახურისათვის ზღვრული ასაკი და საპენსიო უზრუნველყოფისათვის საჭირო წელთა ნამსახურობა. ამასთან, «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონი არ ვრცელდებოდა ფინანსური პოლიციის თანამშრომლებზე. ამდენად, არ არსებობდა მითითებული კანონის საფუძველზე მოსარჩელისათვის პენსიის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ხ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება _ მისთვის 2005 წლის 13 მაისიდან, იმ დროს მოქმედი «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონით, წელთა ნამსახურობით პენსიის დანიშვნის საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისთვის დავალება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 დეკემბრის განჩინებით გ. ხ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები და მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ხ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება _ მისთვის 2005 წლის 13 მაისიდან, იმ დროს მოქმედი «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონით, წელთა ნამსახურობით პენსიის დანიშვნის საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისთვის დავალება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 სექტემბრის განჩინებით გ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრი გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და «ფინანსური პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით დამატებით განმარტა, რომ მითითებული ნორმა სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური პოლიციის თანამშრომლის საპენსიო უზრუნველყოფის ვალდებულებას უკავშირებდა ორ მომენტს _ ზღვრული ასაკის მიღწევას და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირად გახდომას. მართალია, კანონმდებელმა წელთა ნამსახურობა მიიჩნია ფინანსური პოლიციიდან პირის დათხოვნის საკმარის საფუძვლად, მაგრამ «ფინანსური პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ფინანსური პოლიციის თანამშრომლის საპენსიო უზრუნველყოფა დაუკავშირა ორ მომენტს _ ზღვრული ასაკის მიღწევას ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირად გახდომას. ამდენად, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ «ფინანსური პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის ნორმები არ იძლეოდა გ. ხ-შვილის სარჩელის დაკმაყოფილების კანონისმიერ საფუძველს.

საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა კასატორის მითითება სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის ანალოგიის გამოყენების სავალდებულოობის თაობაზე და მიიჩნია, რომ კასატორის მიერ მითითებული არც ერთი საკანონმდებლო აქტით არ დასტურდებოდა კანონმდებლის ნება, ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი მოეწესრიგებინა იმგვარად, როგორც ამას მოითხოვდა კასატორი. «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონი, მასში შეტანილი თექსმეტამდე ცვლილების მიუხედავად არ ვრცელდებოდა ფინანსური პოლიციის თანამშრომლებზე, ამდენად, საკასაციო პალატამ აღნიშნული კანონის 27.3 მუხლის ანალოგიით გამოყენება დაუშვებლად მიიჩნია.

საკასაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქმეში დაცულ წელთა ნამსახურობის ნუსხას, რომლითაც დასტურდებოდა, რომ პოლკოვნიკი გ. ხ-შვილი 30 წელზე მეტ ხანს მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში.

საკასაციო სასამართლომ, კასატორის (მოსარჩელის) უფლებების სრულად რეალიზების მიზნით, საჭიროდ მიიჩნია, სააპელაციო სასამართლოს დაედგინა და გამოეკვლია გ. ხ-შვილზე, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსი შემადგენლობის პირზე და არა, როგორც ფინანსური პოლიციის თანამშრომელზე, «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის გავრცელების შესაძლებლობის საკითხი. საგულისხმო იყო, რომ მითითებული კანონის მე-11 მუხლი აღნიშნული კატეგორიის პირთა მიმართ ადგენდა წელთა ნამსახურობის პენსიის განსაზღვრისა და დანიშვნის პირობებს. ასეთივე გარანტიები განისაზღვრა «სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ» საქართველოს კანონის მე-8 მუხლით. ზემოაღნიშნული ორი კანონის ერთობლიობაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგნად უნდა ექცია ხსენებული კანონების გ. ხ-შვილის, როგორც შინაგან საქმეთა ორგანოებში ნამსახურები პირის მიმართ გამოყენების შესაძლებლობა, რითაც გამოირიცხებოდა კასატორის უფლებების შესაძლო შელახვის ფაქტი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის საოქმო განჩინებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით _ სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოთი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინებით გ. ხ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით აღნიშნა, რომ «ფინანსური პოლიციის შესახებ» კანონის 23-ე და მე-20 მუხლები არ განსაზღვრავდა ფინანსურ პოლიციაში სამსახურისათვის ზღვრული ასაკი ან საპენსიო უზრუნველყოფისათვის საჭირო წელთა ნამსახურობას, ხოლო «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონი არ ვრცელდებოდა ფინანსური პოლიციის თანამშრომლებზე. სააპელაციო პალატა ასევე არ დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას მისი საპენსიო უზრუნველყოფის საკითხის მოსაწესრიგებლად გამოყენებული უნდა ყოფილიყო როგორც საქართველოს კონსტიტუცია, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები და მიიჩნია, რომ გ. ხუროშვილის მიმართ დარღვეული არ იყო საქართველოს კონსტიტუციის და მის მიერ მითითებული საერთაშორისო ნორმები. მოცემულ შემთხვევაში კი, გ. ხ-შვილი არ იყო დარჩენილი სოციალური უზრუნველყოფის გარეშე, რადგან «სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის «ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად, მას მიეცემოდა შესაბამისი პენსია 65 წლის ასაკის მიღწევისთანავე.

ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, როდესაც არსებობდა «სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ» კანონი, არ იყო სამართლის ანალოგიის გამოყენების საჭიროება. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა ის მოსაზრება, რომ ფინანსური პოლიციიდან 2004-2005 წლებში დათხოვნილმა პირებმა პენსია მიიღეს «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის შესაბამისად, ფინანსურ პოლიციაში წელთა ნამსახურობის გამო. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რომელიმე პირს უკანონოდ დაენიშნა პენსია, აღნიშნული ვერ გახდებოდა ანალოგიური გადაწყვეტილების მიღების საფუძველი მოცემულ შემთხვევაშიც. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ფინანსური პოლიცია წარმოადგენდა საგადასახადო დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის უფლებამონაცვლე-სამართალმემკვიდრეს, რადგან სამართალმემკვიდრეობის საკითხის დადგენისათვის სავალდებულო იყო, რომ ნორმატიულ აქტში პირდაპირ ყოფილიყო მითითებული ასეთი სამართალმემკვიდრეობის შესახებ.

რაც შეეხებოდა საკასაციო სასამართლოს მითითებას გ. ხ-შვილის უფლებების სრულად რეალიზაციის მიზნით აპელანტზე, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსი შემადგენლობის პირზე და არა, როგორც ფინანსური პოლიციის თანამშრომელზე, «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის გავრცელების შესაძლებლობის საკითხი, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გ. ხ-შვილმა სააპელაციო სასამართლოში მკაფიოდ განაცხადა, რომ იგი არ ცვლიდა თავის მოთხოვნას და კვლავ მოითხოვდა, რომ მას პენსია დანიშვნოდა, როგორც ფინანსური პოლიციის ყოფილ თანამშრომელს და არა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი ვერ იმსჯელებდა გ. ხ-შვილზე, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსი შემადგენლობის პირზე, «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის გავრცელების შესაძლებლობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ხ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება _ მისთვის 2005 წლის 13 მაისიდან, იმ დროს მოქმედი «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონით, წელთა ნამსახურობით პენსიის დანიშვნის სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოსთვის დავალება.

კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 383-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პროცედურა, რის შედეგად საქმეზე გამოტანილ იქნა არასწორი გადაწყვეტილება.

კასატორის განმარტებით, «ფინანსური პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტი, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი ფორმულირებით, ძალაში შევიდა 2006 წლის 1 იანვრიდან _ «სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ» საქართველოს კანონის ამოქმედების დღიდან. 2004 წლის 15 მარტიდან 2006 წლის 1 იანვრამდე მოქმედი «ფინანსური პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, პოლიციის თანამშრომელს, რომელიც გათავისუფლდა სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის ან შეზღუდული შესაძლებლობის პირად გახდომის გამო, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უფლება ჰქონდა, მიეღო ხელფასის ოდენობის პენსია. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 234-ე მუხლის შესაბამისად, მუშაკებსა და მათი ოჯახის წევრებს პენსიები დაენიშნებათ პენსიების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2006 წლის 1 იანვრამდე საქართველოში მოქმედებდა ძალოვანი ორგანოებიდან დათხოვნილი მუშაკებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის პენსიის დანიშვნის ერთადერთი კანონი _ «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონი, რომელიც იგულისხმებოდა «ფინანსური პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 2006 წლის 1 იანვრამდე მოქმედ 23-ე მუხლის მე-7 პუნქტში.

კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა 2006 წლის 1 იანვრამდე მოქმედი და არა მას შემდეგ ძალაში შესული შესაბამისი ნორმატიული აქტებით. აქედან გამომდინარე, სამართლიანია კასატორის მოთხოვნა «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონით პენსიის დანიშვნის თაობაზე. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის, შემდგომ _ სოციალური სუბსიდიების სააგენტოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2006 წლის 28 მარტის ¹გ-05/05-3217, 19 ივლისის ¹გ-07/07-9098, 28 ნოემბრის ¹გ-02დმ/07-14184 და 2008 წლის 8 თებერვლის ¹02/09-2212 წერილებიდან გამომდინარე, 2004-2005 წლებში, «ფინანსური პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის მე-20 მუხლის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, პენსია დაენიშნა ფინანსური პოლიციიდან დათხოვნილ რამდენიმე თანამშრომელს. «ფინანსური პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის (2006 წლის 1 იანვრამდე მოქმედი) განმარტება, რომ პოლიციის თანამშრომელს, რომელიც გათავისუფლდა სამსახურიდან,…მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უფლება აქვს, მიიღოს ხელფასის ოდენობის პენსია, «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-13 პუნქტის მითითების ანალოგიურია, რომ პოლიციის თანამშრომელს პენსია ენიშნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

კასატორის განმარტებით, 2006 წლის 1 იანვრამდე ყველა ძალოვანი ორგანოდან წელთა ნამსახურობით დათხოვნილ თანამშრომელს პენსია დაენიშნა «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონით. «ფინანსური პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 თავში მოყვანილი ნორმების, მე-7 და მე-8 მუხლების შესაბამისად, კასატორიც, როგორც ძალოვანი ორგანოს წარმომადგენელი, მიეკუთვნება იმ პირთა წრეს და კატეგორიას, რომლებზეც ვრცელდება «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონი. ფაქტია, რომ კასატორი ფინანსური პოლიციიდან დაითხოვეს წელთა ნამსახურობით, მაგრამ კანონში არსებული ხარვეზის გამო, სასამართლომ მიიჩნია, რომ მას პენსია უნდა დანიშვნოდა 65 წლის ასაკის მიღწევის ან დაინვალიდების შემთხვევაში. ცნობილი ფაქტია და დამტკიცებას არ საჭიროებს, რომ ფინანსური პოლიცია შეიქმნა 2004 წლის 15 მარტს, ხოლო 2007 წლის 1 იანვარს (2 წლისა და 9 თვის შემდეგ) შეწყვიტა არსებობა. აქედან გამომდინარე, კასატორს სამსახურის გაგრძელების შემთხვევაშიც, ვერ ექნებოდა საპენსიო უზრუნველყოფისათვის საჭირო ოთხწლიანი სტაჟი. ამ საკითხის კანონის ანალოგიის გამოყენებით გადაწყვეტა შესაძლებელი იყო, ვინაიდან არსებობდა მსგავსი ურთიერთობების მომწესრიგებელი «პოლიციის შესახებ» და «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონები. სააპელაციო სასამართლომ კანონის ანალოგიის გამოყენებაზე უარის თქმის დასაბუთებისას არასწორად განმარტა კანონი.

კასატორის მტკიცებით, იმ დადასტურებული ფაქტით, რომ ფინანსური პოლიცია იყო საგადასახადო დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის უფლებამონაცვლე (სამართალმემკვიდრე), იქმნება «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონით მისი საპენსიო უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტის კიდევ ერთი სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან აღნიშნული ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებს პენსია ენიშნებოდათ მითითებული კანონით.

კასატორის განმარტებით, იგი კვლავ მოითხოვს, რომ მას პენსია დაენიშნოს, როგორც ფინანსური პოლიციიდან დათხოვნილ თანამშრომელს. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის მე-4 ნაწილის მითითება და არ დაასაბუთა წერილობითი მტკიცებულებების მოთხოვნაზე უარის თქმა, გადაწყვეტილება არ მიიღო ფაქტებზე, მტკიცებულებებსა და კანონზე დაყრდნობით და საქმეზე გამოიტანა არასწორი გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 მარტის განჩინებით გ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2009 წლის 2 ივნისს, 14.00 საათზე.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე კასატორმა გ. ხ-შვილმა დააზუსტა საკასაციო მოთხოვნა, კერძოდ ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.08 წ. განჩინების გაუქმება და მოპასუხე _ სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოსათვის, მისთვის როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსი შემადგენლობის პირსათვის პენსიის დასანიშნად სასამართლოსთვის მიმართვის დღიდან 30.08.05 წლიდან პენსიის დანიშვნის დავალება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ გ. ხ-შვილის საკასაციო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

სსსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, მხარეები განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. საპროცესო კოდექსი მხარეს აღჭურვავს როგორც უფლებებით, ასევე მოვალეობებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლი ითვალისწინებს მხარეთა საპროცესო უფლებებს, მათ შორის მოსარჩელის უფლებას საქმის წინასწარი მომზადების დასრულების შემდეგ სასარჩელო მოთხოვნის შეცვლის გარეშე დააზუსტოს მოთხოვნა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი განხილულ უნდა იქნეს მხარის მიერ დაზუსტებული მოთხოვნის ფარგლებში. დღეისათვის გ. ხ-შვილის მოთხოვნაა პენსია დაენიშნოს როგორც შს სამინისტროს უფროსი შემადგენლობის პირს პენსიის დასანიშნად სასამართლოსთვის მიმართვის დღიდან _ 2005 წლის 30 აგვისტოდან.

საკასაციო სასამართლოს, საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: გ. ხ-შვილი 13.05.2005 წ. განთავისუფლდა ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი ოპერატიული თანამშრომლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან «ფინანსური პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის მე-20 მუხლის «ა» ქვეპუნეტის საფუძველზე წელთა ნამსახურობით. გარდა ამისა, გ. ხ-შვილი 30 წელზე მეტი, 2004 წლამდე მსახურობდა საქართველოს შს სამინისტროს ორგანოებში და მინიჭებული ჰქონდა პოლკოვნიკის წოდება. «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, პოლიციელთა საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საკასაციო სასამართლო «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის 1-ლი მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები. საქმეში წარმოდგენილი პენსიისათვის წელთა ნამსახურობის გაანგარიშების თანახმად (ს.ფ. 5-6) გ. ხ-შვილის პენსიის დასანიშნად ნამსახურევი წლების საერთო რაოდენობა 13.05.2004 წლისათვის შეადგენს 34 წელს, 7 თვესა და 14 დღეს. ამდენად, კასატორი განეკუთვნება ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტთა რიცხვს და მას აქვს უფლება დაენიშნოს პენსია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსი შემადგენლობის პირისათვის გათვალისწინებული განაკვეთით.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გ. ხ-შვილის მოთხოვნა ნაწილობრივ საფუძვლიანია და ამ სახით უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილებით გ. ხ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს უნდა დაევალოს, დაუნიშნოს პენსია გ. ხ-შვილს, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსი შემადგენლობის პირს, გ. ხ-შვილის მიერ სასამართლოში პენსიის დანიშვნის თაობაზე სარჩელის შეტანის დღიდან _ 2005 წლის 30 აგვისტოდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. გ. ხ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს დაევალოს, დაუნიშნოს პენსია გ. ხ-შვილს, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსი შემადგენლობის პირს, გ. ხ-შვილის მიერ სასამართლოში პენსიის დანიშვნის თაობაზე სარჩელის შეტანის დღიდან _ 2005 წლის 30 აგვისტოდან;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.