საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-1555-1512(კ-08) 20 თებერვალი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ნ. პ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარე აჭარის ა/რ სააღსრულებო ბიუროს მიმართ, მესამე პირები _ დ. ბ-ე, თ. წ-ე, ნ. ა-ე და ო. ვ-ე.
2007 წლის 26 მარტს ნ. პ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე აჭარის ა/რ სააღრულებო ბიუროს მიმართ და ქ. ბათუმში, ..... ქუჩა ¹101-ში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლის 1/4 ნაწილზე მოპასუხისათვის აუქციონის ჩატარების აკრძალვა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 18 აპრილის ¹2-609 სააღსრულებო ფურცლის მიხედვით სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 მარტის განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირებად თ. წ-ე, დ. ბ-ე, ნ. ა-ე და ო. ვ-ე ჩაებნენ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. პ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ნ. პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. პ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2008 წლის 12 დეკემბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ ნ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამდენად, საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 12 დეკემბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით ნ. პ-ეს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
2009 წლის 13 იანვარს ნ. პ-ის წარმომადგენლებმა რ. ბ-ემ და თ. ჭ-ემ განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომელშიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის საფუძველზე ნ. პ-ის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება მოითხოვეს იმ საფუძვლით, რომ ნ. პ-ე იმყოფებოდა ქუთაისის ¹... საპყრობილეში და მას არანაირი შემოსავალი არ გააჩნდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 20 იანვრის განჩინებით ნ. პ-ის წარმომადგენლების რ. ბ-ისა და თ. ჭ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა; გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 12 დეკემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა; ნ. პ-ეს დავალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვება და დარჩება განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 20 იანვრის განჩინების შემცველი გზავნილი კასატორს ჩაჰბარდა 2009 წლის 30 იანვარს, ხოლო კასატორის წარმომადგენელ თ. ჭ-ეს _ 2009 წლის 27 იანვარს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი _ წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. შესაბამისად, კასატორს ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა ამოეწურა 2009 წლის 2 თებერვალს. ნ. პ-ემ მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო 2008 წლის 12 დეკემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება ნ. პ-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს ნ. პ-ის საკასაციო საჩივარი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.