Facebook Twitter
ბს-1561-1516(კ-08) 6 მაისი, 2009წ

ბს-1561-1516(კ-08) 6 მაისი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ კ. და მ. ბ-შვილები (მოსარჩელეები)

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

კ. და მ. ბ-შვილებმა 2007 წლის ოქტომბერში სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვეს მათ სასარგებლოდ 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.

ს.ფ. 17-ზე წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობის 2007 წლის 28 სექტემბერს გაცემული ¹803 ცნობის თანახმად, მ. ბ-შვილის მიმართ_1998 წლის სახელფასო დავალიანება შეადგენს _ 141,64 ლარს; კვების კომპენსაცია _ 236 ლარს; ჯილდო – 70,82 ლარს; მატერიალური დახმარება – 35,41 ლარს, სულ 483,87 ლარი.

ს.ფ.18-ზე წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობის 2007 წლის 28 სექტემბერს გაცემული ¹804 ცნობის თანახმად კ. ბ-შვილის მიმართ 1998-1999-2000 წლების სახელფასო დავალიანება შეადგენს _ 522,24 ლარს; კვების კომპენსაცია _ 826 ლარს; ჯილდო – 287,18 ლარი; მატერიალური დახმარება _ 71,47 ლარს, სულ 1706,89 ლარს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კ. და მ. ბ-შვილების სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კ. ბ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 1998-1999-2000 წლების მიუღებელ სახელფასო დავალიანების _ 1706,89 ლარის, ხოლო მ. ბ-შვილის სასარგებლოდ _ 483,87 ლარის ანაზღაურება.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. და მ. ბ-შვილები მსახურობენ სამხედრო საჰაერო ძალების ს/ნაწილ ¹...-ში; კ. ბ-შვილის სახელფასო დავალიანება 1998-1999-2000 წლების მიხედვით შეადგენს 1709,89 ლარს; ხოლო მ. ბ-შვილის სახელფასო დავალიანება 483, 87 ლარს. სასამართლომ გამოიყენა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის «თ» ქვეპუნქტი, ასევე 37-ე მუხლის პირველი ნაწილი, 51-ე მუხლის პირველი პუნქტის «ბ» ქვეპუნქტი, 127-ე და 1341 –ე მუხლები, ასევე «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის მე-4 მუხლი და მე-12 მუხლები. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება მოსარჩელეთა მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 აპრილის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა ხანდაზმულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 აპრილის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა კ. ბ-შვილის სასარგებლოდ 1998-1999-2000 წლების კვების კომპენსაციის_826 ლარის, ხოლო მ. ბ-შვილის სასარგებლოდ_236 ლარის ანაზღაურება და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; კ. ბ-შვილის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის 826 ლარის; ხოლო მ. ბ-შვილის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის 236 ლარის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 აპრილის განჩინება დანარჩენ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 11 თებერვლის განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი კ. და მ. ბ-შვილების სასარგებლოდ ხელფასის, მატერიალური დახმარებისა და ჯილდოს ანაზღაურების ნაწილში; ხოლო დასაშვებად იქნა მიჩნეული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი კ. ბ-შვილის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის _ 826 ლარის და მ. ბ-შვილის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის –236 ლარის დაკისრების ნაწილში.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატის განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის კ. ბ-შვილის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის _ 826 ლარის და მ. ბ-შვილის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის –236 ლარის დაკისრების კანონიერების საკითხის შემოწმება.

ს.ფ.17-ზე წარმოდგენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საჰაერო ძალების მთავარი შტაბის უფროსის მიერ 2007 წლის 28 სექტემბერს გაცემული ¹103 ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ მ. ბ-შვილი ნამდვილად მსახურობდა სამხედრო საჰაერო ძალების ს/ნაწილ ¹...-ში და მისი სახელფასო დავალიანება (დარიცხული) 1998 წლის მიხედვით შეადგენს: ხელფასი_141,64 ლარს, კვება-236 ლარს, ჯილდო_70,82 ლარს, მატერიალური დახმარება_35,41 ლარს, სულ ხელზე ასაღები თანხა შეადგენს 401 ლარსა და 37 თეთრს.

ს.ფ.18-ზე წარმოდგენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საჰაერო ძალების მთავარი შტაბის უფროსის მიერ 2007 წლის 28 სექტემბერს გაცემული ¹804 ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ კ. ბ-შვილი ნამდვილად მსახურობდა სამხედრო საჰაერო ძალების ს/ნაწილ ¹...-ში და მისი სახელფასო დავალიანება (დარიცხული) 1998-1999-2000 წლების მიხედვით შეადგენს: ხელფასი_522,24 ლარს, კვება_826 ლარს, ჯილდო_287,18 ლარს, მატერიალური დახმარება 71,47 ლარს, სულ ხელზე ასაღები თანხა შეადგენს 1663 ლარსა და 65 თეთრს.

“სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის თანახმად, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) თანამდებობრივი სარგოს გარდა მიეკუთვნება აგრეთვე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული. კვების კომპენსაცია წარმოადგენს “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 12.3 მუხლით რეგლამენტირებულ სასურსათო ულუფას. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის პერიოდში “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად, ღებულობს კომპენსაციას სასურსათო უზრუნველყოფის _ ულუფის სახით. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341 მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ იგი არ ეხება საჯარო მოსამსახურისათვის კომპენსაციის ანაზღაურებას ამ მუხლით დადგენილი წესით. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კვების კომპენსაციის ანაზღაურების ვალდებულების შესრულების მოთხოვნის მიმართ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ს.ფ3- ზე წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2007 წლის 9 ოქტომბრის ¹9/3156 წერილით კ. ბ-შვილს ეცნობა, რომ მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება განხორციელდება ამ მიზნებისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მოსარჩელის მოთხოვნა, მაგრამ შესაბამისი წყაროს არსებობის შემთხვევაში კვლავ დაუბრუნდება დავალიანების ანაზღაურების საკითხის განხილვას. ს.ფ. 4-ზე წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2007 წლის 9 ოქტომბრის ¹9/3155 წერილით მ. ბ-შვილს ეცნობა, რომ მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება განხორციელდება ამ მიზნებისათვის, სახელფასო ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მისი თხოვნა, მაგრამ შესაბამისი წყაროს არსებობის შემთხვევაში კვლავ დაუბრუნდება დავალიანების ანაზღაურების საკითხის განხილვას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ წერილებს მხოლოდ ინფორმაციული ხასიათი გააჩნია და იგი არ წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მოსარჩელეთა მიმართ კვების კომპენსაციის ანაზღაურების ვალდებულების არსებობის აღიარებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის განჩინება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო

სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი. ეს მუხლი განსაზღვრავს პირობას, რომლის არსებობის შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს თვითონ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, ისე, რომ არ დააბრუნოს იგი ხელახლა განსახილველად უკან. ამგვარი პირობაა საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულად და სწორად დადგენა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ და ამ ფაქტების დადგენა საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე. ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები დადგენილია სრულად და სწორად, ე.ი. ფაქტობრივი თვალსაზრისით საქმე მზადაა გადასაწყვეტად, მაგრამ არასწორადაა შეფარდებული (გამოყენებული) კანონი.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მ. ბ-შვილის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ 1998 წლის კვების კომპენსაციის _ 236 ლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო კ. ბ-შვილის 1998-1999-2000 წლების კვების კომპენსაციის_826 ლარის დაკისრების ნაწილში ხანდაზმულია, რადგან მოსარჩელეებმა სასამართლოს სარჩელით მიმართეს 2007 წლის ოქტომბერში ე.წ. სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 აპრილის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა 1998-2000 წლების კვების კომპენსაციის ანაზღაურება კ. ბ-შვილის სასარგებლოდ; ხოლო 1998 წლის კვების კომპენსაციის ანაზღაურება მ. ბ-შვილის სასარგებლოდ და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. არ დაკმაყოფილდეს კ. ბ-შვილის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის _826 ლარის დაკისრების ნაწილში.

4. არ დაკმაყოფილდეს მ. ბ-შვილის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის _236 ლარის დაკისრების ნაწილში.

5. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 აპრილის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის კ. ბ-შვილის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების 880,89 ლარის დაკისრების ნაწილში;

6. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 აპრილის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მ. ბ-შვილის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების 247,87 ლარის დაკისრების ნაწილში;

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.