Facebook Twitter

¹ბს-156-151(2კ-09) 24 სექტემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ 1. მ. ბ-ძე (მოსარჩელე) 2. ქალაქ თბილისის მერია (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 სექტემბრის განჩინება

სარჩელის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, საკუთრების უფლების აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 27 აპრილს მ. ბ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქ. თბილისის მთავრობის მიმართ.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ 2006 წლის 13 დეკემბერს ქ. თბილისის მთავრობამ გამოსცა ¹03.30.98 დადგენილება, რომლის საფუძველზეც ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მთავრობის 2002 წლის 4 აპრილის ¹06.27.121 დადგენილება, რის შედეგადაც მოსარჩელეს ჩამოერთვა მის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ... ქ. ¹5ბ-ში, 25-ე კორპუსის II სადარბაზოში, I სართულზე მდებარე ოროთახიანი 41,2 კვ.მ ფართის ბინა. 2006 წლის 26 დეკემბერს ქ. თბილისის მთავრობის მიერ მიღებულ იქნა ახალი ¹04.29.159 დადგენილება, რომლის საფუძველზეც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულებულიყო ქ. თბილისის მთავრობის 2006 წლის 13 დეკემბრის დადგენილება. მოსარჩელემ ქ. თბილისის მთავრობის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹03.30.98 და 2006 წლის 26 დეკემბრის ¹04.29.159 დადგენილებები უკანონოდ მიიჩნია და სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლითაც ზემოხსენებული დადგენილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 29 მარტის სხდომის წინ მისთვის ცნობილი გახდა «ქ. თბილისის მთავრობის რიგი დადგენილებების ბათილად ცნობის თაობაზე» ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის ¹04.07.126 დადგენილების შესახებ. ხსენებული დადგენილებით ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მთავრობის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹03.30.98 და 2006 წლის 26 დეკემბრის ¹04.29.159 დადგენილებები.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის ¹04.07.126 დადგენილება 2007 წლის 19 მარტიდან იყო ძალაში შესული, რაც გახდა მ. ბ-ძის სარჩელის გამოხმობის საფუძველი. 2007 წლის 25 აპრილს მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ მას ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 30 მარტის ¹07.01.205 დადგენილების საფუძველზე, კვლავ ჩამოერთვა კერძო საკუთრება. ამასთან, ხსენებულ დადგენილებას წინ უსწრებდა «ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე» ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის ¹04.06.125 დადგენილება და «ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე» ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის ¹04.06.125 დადგენილებაში დაშვებული შეცდომების გასწორების შესახებ» 2007 წლის 7 მარტის ¹06.19.186 დადგენილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქ. თბილისის მთავრობის 2002 წლის 4 აპრილის ¹06.27.121 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის ¹04.06.125 და 2007 წლის 30 მარტის ¹07.01.205 დადგენილებების ბათილად და ქ. თბილისში, ... ქ. ¹5-ში მშენებარე «ბ» კორპუსში, მეორე სადარბაზოს I სართულზე მდებარე ¹25 ბინაზე საკუთრების უფლების აღდგენა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ბ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, არსებითი დავის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მთავრობის 2002 წლის 4 აპრილის ¹06.27.121 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის ¹04.06.125 დადგენილება _ «ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე» და ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 30 მარტის ¹07.01.205 დადგენილება მოსარჩელის ნაწილში და მოპასუხე ქ. თბილისის მთავრობას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებისა და ფაქტების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მთავრობამაც. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 სექტემბრის განჩინებით მ. ბ-ძისა და ქ. თბილისის მთავრობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 სექტემბრის განჩინება მ. ბ-ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორმა მ. ბ-ძემ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მთავრობამ 2006 წლის 13 და 26 დეკემბერს გამოსცა დადგენილებები (¹03.30.98 და ¹04.29.159) და ჩამოერთვა ბინა. აღნიშნული აქტები გასაჩივრებულ იქნა მის მიერ და მათი ბათილობა მოითხოვა. მოპასუხემ 2007 წლის 29 მარტის სასამართლო სხდომაზე წარმოადგინა ახალი აქტი (2007 წლის 14 თებერვლის ¹04. 07. 126), რომლის ძალითაც თვითონვე გააუქმა თავის გამოცემული დადგენილებები, მაგრამ მეორე დღეს, 2007 წლის 30 მარტს, კანონის იგნორირებით კვლავ გამოსცა ახალი დადგენილება ¹07.01.205, რომლითაც ასევე ჩამოერთვა ბინა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით ქ. თბილისის მერიამაც გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორ ქ. თბილისის მერიის განმარტებით ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 30 მარტის ¹07.01.205 დადგენილებით, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მთავრობის 2002 წლის 4 აპრილის ¹06.27.121 დადგენილება მ. ბ-ძის ოჯახისათვის ქ. თბილისში, ... ქ. ¹5-ში ასაშენებელ ,,ბ” კორპუსში მე-2 სადარბაზოს პირველ სართულზე ¹25 ბინის დამაგრების თაობაზე. ბათილად ცნობილი აქტის მომზადების და გამოცემის დროს არსებითად იქნა დარღვეული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილისდ მოთხოვნები, არ ყოფილა დაცული ამავე კოდექსის მე-9 თავით გათვალისწინებული წესები და 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნა. შესაბამისად 2002 წლის 4 აპრილის ¹06.27.121 დადგენილება, როგორც კანონსაწინააღმდეგო, მართებულად იქნა ბათილად ცნობილი. გარდა ამისა, კასატორმა მიუთითა, რომ მ. ბ-ძე არ გამოცხადდა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად და ამ მიზეზით არ მოხდა მისი მითითება ზეპირი მოსმენის ოქმში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 4 თებერვლის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ბ-ძისა და ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრები; მხარეებს მიეცათ უფლება, 2009 წლის 4 თებერვლის განჩინებების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივრები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2009 წლის 16 აპრილამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 აპრილის განჩინებით მ. ბ-ძისა და ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განსახილველად ჩანიშნულ იქნა მხარეთა დასწრებით 2009 წლის 11 ივნისს, 12.00 საათზე; მოწინააღმდეგე მხარეებს საკასაციო საჩივრებზე წერილობითი პასუხის გასაცემად მიეცათ 10 დღის ვადა 2009 წლის 16 აპრილის განჩინების ჩაბარებიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალებზე დაყრდნობით დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქ. თბილისის 2002 წლის 4 აპრილის დადგენილება ¹06.27.121-ით ... ქუჩა ¹5-ში ასაშენებელ ,,ბ” კორპუსში ბინა ¹25 დაუმაგრდა მ. ბ-ძის ოჯახს. ქ. თბილისის მთავრობამ 2006 წლის 13 დეკემბრის ¹03.30.98 დადგენილებით საქართველოს გენერალური პროკურატურის 2006 წლის 24 ნოემბრის (¹გ24.11.2006/71 / 12-312/247) წერილის, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 21 ნოემბრის განაჩენის (საქმე 1/7126) საფუძველზე, ბათილად ცნო ქ. თბილისის მთავრობის 2002 წლის 4 აპრილის ¹06.27.121 დადგენილება, მისი ძალაში შესვლის დღიდან. ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის დადგენილებით კი, ბათილად იქნა ცნობილი 2006 წლის 13 დეკემბრის ¹03.30.98 დადგენილება. 2007 წლის 14 თებერვლის დადგენილება ¹04.06.125-ით ქ. თბილისის მთავრობამ, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 2002 წლის 4 აპრილის ¹06.27.121 დადგენილების კანონიერების დადგენის მიზნით. ქ. თბილისის მთავრობამ 2007 წლის 30 მარტის ¹07.01.205 დადგენილებით დაადგინა, რომ ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის ¹04.06.125 დადგენილების შესაბამისად, ქ. თბილისის მერიაში ჩატარებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, რომლის მიზანს წარმოადგენდა ქ. თბილისის მთავრობის 2002 წლის 4 აპრილის ¹06.27.121 დადგენილების კანონიერების დადგენა, ქ. თბილისის მთავრობა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი ქ. თბილისის მთავრობის 2002 წლის 4 აპრილის ¹06.27.121 დადგენილება.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს განსაზღვრავს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილი. აღნიშნული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, თითეული კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია ღიად და საჯაროდ წარმართოს თავისი სხდომები, გარდა ამ კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კოდექსის 34-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია ერთი კვირით ადრე საჯაროდ გამოაცხადოს მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროის და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე მისი დახურვის შესახებ. ხოლო გადაუდებელი აუცილებლობისას კოლეგიური საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესების დაუცველად. ამ შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაცხადოს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე მისი დახურვის შესახებ. კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ გადაუდებელი აუცილებლობისას სხდომის ჩატარების ან სხდომის დახურვის შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში განმარტოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. სარჩელი გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული სხდომის, ასევე სხდომის დახურვის კანონიერების შესახებ სასამართლოს უნდა წარუდგინოს კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში. კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის კანონით დადგენილი წესით დარღვევის ჩატარება იწვევს ამ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად გამოცხადებას სასამართლოს მიერ.

ამავე კოდექსის მე-9 მუხლი ეხება საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას, კერძოდ: 115-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ამ თავით დადგენილი წესის შესაბამისად, გამოიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით. ასევე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით, ამ თავით დადგენილი წესით, შეიძლება გამოიცეს იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს.

საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ თავი დებულებების გათვალისწინებით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ამავე კოდექსის 118-ე მუხლის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება, წარადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრება 20 დღის განმავლობაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ განცხადების ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის საჯარო გაცნობისათვის წარდგენის დღემდე.

თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გამოცხადების რეგისტრაციიდან ერთი თვის განმავლობაში მოამზადოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისას უნდა გაიმართოს ზეპირი მოსმენა, რომლის დროსაც გამოიყენება ამ კოდექსის 110-112-ე მუხლების დებულებები. ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 დღის ვადაში.

როგორც სამოქალაქო, ასევე ადმინისტრაციულ წარმოებაში მხარეები სარგებლობენ თაბანარი საპროცესო უფლებებითა და შესაძლებლობებით. კერძოდ, თითეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად თითეულმა მხარემ უნდა მიუთითოს მის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადაო გახდა, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოებების არსებობა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით, მაგრამ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-4 ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაგზავნასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, როდესაც იგი იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია და საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სადაო ქ. თბილისის მთავრობის 2002 წლის 04 აპრილის ¹06.27.121 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის ¹04.06.125 დადგენილების - «ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე» მუნიციპალიტეტის კაბინეტისა და ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 30 მარტის ¹07.01.205 დადგენილების მიღების დროს მოსარჩელის მიმართ შესწავლილი იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემობებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი. ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციული აქტი.

საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, როცა იგი იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათA შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია, აღნიშნულიდან გამომდინარე სადავო ქ. თბილისის მთავრობის 2002 წლის 04 აპრილის ¹06.27.121 დადგენილებაში ბათილად ცნობის თაობაზე ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 თებერვლის ¹04.06.125 დადგენილების - «ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე”, ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 30 მარტის ¹07.01.205 დადგენილება მოსარჩელის ნაწილში გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შესწავლის გარეშე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ. ბ-ძის და ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრები უსაფუძვლოა, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ბ-ძის და ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.