Facebook Twitter
ბს-1565-1520(კ-08)

ბს-1565-1520(კ-08) 1 აპრილი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – რ. ღ-ძე

დავის საგანი – კვების კომპენსაციის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.10.08წ. განჩინება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

14.03.08წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა რ. ღ-ძემ და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დავალიანების ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1992-2000წწ. მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო სამმართველოს ... ლაბორატორიაში და 1998-2000 წლებში არ მიუღია რამდენიმე თვის ხელფასი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.06.08წ. გადაწყვეტილებით რ. ღ-ძის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ დავალიანების სახით 1624.85 ლარის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.06.08წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.10.08წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.06.08წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 37.1 მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), ხოლო 37.4 მუხლის თანახმად, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი. ამავე კანონის 1341 მუხლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან განთავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანებების დაფარვის წესის შესაბამისად. სახელმწიფო წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების არსებობას აღიარებდა აგრეთვე 2005 წლის და ყოველი მომდევნო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონებით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო სამმართველოს უფროსის წერილით აღიარებული იქნა სადავო დავალიანება და მიცემული იქნა მომავალში მისი ანაზღაურების პირობა შესაბამისი ასიგნებების კვალობაზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვალის აღიარების გამო კვების კომპენსაცია ხანდაზმულად არ უნდა ჩათვლილიყო.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 08.10.08წ. განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორმა მიუთითა, რომ რ. ღ-ძე სასარჩელო განცხადებით მოითხოვდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 1998-2000 წლების დავალიანების ანაზღაურების დაკისრებას. კასატორის მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნა კვების კომპენსაციის ნაწილში ხანდაზმულია, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება სსკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, თუმცა სასამართლოს კანონის ეს ნორმა არ გამოუყენებია. სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლებითაც არ არის ვალი აღიარებული, რადგან მასში არ არის მითითებული მოპასუხის მხრიდან აღიარებისა და მისი გადახდის დაპირებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაცულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 08.10.08წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი კვების კომპენსაციის დაკმაყოფილების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად, ხოლო რ. ღ-ძის სასარგებლოდ ხელფასის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის რ. ღ-ძის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის _ 826 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; რ. ღ-ძის სარჩელი კვების კომპენსაციის მოთხოვნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

«სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. «საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის თანახმად, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) თანამდებობრივი სარგოს გარდა მიეკუთვნება აგრეთვე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონით არის გათვალისწინებული. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის პერიოდში, «საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად, იღებს კომპენსაციას სასურსათო უზრუნველყოფის _ ულუფის სახით. კვების კომპენსაცია წარმოადგენს «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 12.3 მუხლით განსაზღვრული სასურსათო ულუფის კომპენსაციას. «საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341 მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება. შესაბამისი წლების სახელმწიფო ბიუჯეტების შესახებ კანონებით აღიარებულია წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ხელფასი განსხვავდება უზრუნველყოფის სახისაგან _ სასურსათო ულუფისაგან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ვინაიდან სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის მიერ მისაღები კომპენსაციის სახეს, ხანდაზულობის გამომრიცხავი კანონმდებლობის ხსენებული ნორმები აღნიშნულ კომპენსაციაზე ვერ გავრცელდება. სამხედრო მოსამსახურეზე სასურსათო ულუფის ან შესაბამისი ფულადი კომპენსაციის გაცემის ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა და ამ ვალდებულების შესრულების მოთხოვნის მიმართ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. აღნიშნული ვადა უნდა აითვალოს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუქცევით. საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელეს მისაღები აქვს 1998-2000 წლების კვების კომპენსაცია(ს.ფ. 49). ვინაიდან სარჩელის აღძვრის მომენტისათვის (14.03.08წ.) გასული იყო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, მისი მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 15.02.07წ., ¹1014 და 16.05.08წ. ¹3-11/3878 ცნობები, რომელთა თანახმად 1998-2000 წ.წ. პერიოდში რ. ღ-ძის კუთვნილი კვების კომპენსაციის ოდენობა შეადგენს 826 ლარს, არ წარმოადგენს ვალის აღიარებას. ცნობები ინფორმაციულ ხასიათს ატარებენ და ადასტურებენ არა მოპასუხის მიერ დავალიანების აღიარებას, არამედ ფაქტს იმის შესახებ, თუ რა თანხა ერგებოდა მოსარჩელეს. ფაქტის და სარჩელის აღიარება არ არის იდენტური ცნებები, ფაქტის აღიარება არის მტკიცებულება, ხოლო სარჩელის აღიარება არის დისპოზიციური პრინციპიდან გამომდინარე განკარგვითი აქტი, ფაქტის აღიარება არ ნიშნავს სარჩელის აღიარებას. რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 11.07.06წ. ¹9/2196 წერილს, ამ წერილით აღიარებულია სახელფასო დავალიანება, რომლითაც არ არის მოცული კვების კომპენსაცია. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება სამინისტროსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის თანხების დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო. აღნიშნულის გათვალისწინებით სამინისტროს მოსარჩელე რ. ღ-ძის სასარგებლოდ უნდა დეკისროს სახელფასო დავალიანება – 798 ლარი და 85 თეთრი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.10.08წ. განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.06.08წ. გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის რ. ღ-ძის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის – 826 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. არ დაკმაყოფილდეს რ. ღ-ძის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის კვების კომპენსაციის _ 826 ლარის დაკისრების ნაწილში;

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.06.08წ. გადაწყვეტილების და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.10.08წ. განჩინების კანონიერ ძალაში შესული ნაწილების გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რ. ღ-ძის სასარგებლოდ დაეკისროს 798 ლარი და 85 თეთრი(შვიდასოთხმოცდათვრამეტი ლარი და ოთხმოცდახუთი თეთრი);

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.