¹ბს-1567-1522 (კ-08) 1 ივლისი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა
კასატორები – 1) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური
2) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი “...” (მოსარჩელე)
დავის საგანი – ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება_ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _1) სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სასოფლო-სამეურნეო რეგისტრირებულმა კოოპერატივმა “...” 2006 წლის 16 ივნისს სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, მესამე პირი_საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი და მოითხოვა თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 28 მარტის საგადასახადო მოთხოვნა ¹16-ის, თელავის საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2006 წლის 12 მაისის ბრძანება ¹133 პ2-ის ბათილად ცნობა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე რ.კ. “...” გაკოტრების მმართველის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი თელავის საგადასახადო ინსპეციის 2006 წლის 28 მარტის საგადასახადო მოთხოვნა ¹16, კოოპერატივზე დარიცხული_ 418 821,99 ლარის ნაწილში, ასევე თელავის საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2006 წლის 12 მაისის ბრძანება ¹133.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ რ.კ. “...” მიმართ გახსნილია გაკოტრების საქმის წარმოება, რომელიც დღემდე არ არის დასრულებული, სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლის მე-4 ნაწილსა და ამავე კოდექსის 282-ე მუხლის მეორე ნაწილზე და მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანად მიიჩნია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექცია შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრით (საგადასახადო ინსპექცია), ხოლო მესამე პირი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მაისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ რაიონულ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა დღეს მოქმედი საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რადგან სადავო ურთიერთობის წარმოშობის დროს აღნიშნული კოდექსი არ მოქმედებდა; სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საგადასახადო კოდექსში 2003 წლის 26 აგვისტოს განხორციელებულ ცვლილებებზე, რომლითაც აღნიშნულ კოდექსს დაემატა 2521-ე მუხლი, რომლის მე-2 ნაწილით საურავი არ უნდა დაერიცხოს არა მხოლოდ იმ საწარმოებს, რომელთა მიმართაც კოდექსში განხორციელებული ამ ცვლილების (დამატების) შემდეგ გაიხსნა გაკოტრების წარმოება, არამედ ასევე იმ საწარმოებსაც, რომლებიც უკვე იმყოფებოდნენ გაკოტრების რეჟიმში საგადასახადო კოდექსში 2521-ე მუხლის დამატებისას.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მესამე პირის _ შემოსავლების სამსახურის მოსაზრება იმის შესახებ, რომ კოოპერატივ “...” მიერ სარჩელი იქნა აღძრული იმ პერიოდისთვის მოქმედი საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლის დარღვევით (5 დღიანი გასაჩივრების ვადის გადაცილებით). აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სარჩელი აღძრულია 2006 წელს, როდესაც ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი, სარჩელის დასაშვებობის შემოწმების მიზნით, სხვა რომელიმე კანონის გამოყენებაზე არ უთითებდა (განსხვავებით დღეს არსებული რედაქციისგან); ამიტომ სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის დასაშვებობის შემოწმებისთვის გამოყენებული უნდა იქნეს სარჩელის აღძვრის დროს მოქმედი ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 22.3 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების შესაძლებლობას მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ კოოპერატივ “...” გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი _ თელავის საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2006 წლის 12 მაისის ბრძანება ¹133 ჩაბარდა 2006 წლის 25 მაისს (ს.ფ. 8), ხოლო სარჩელი აღძრულია 2006 წლის 16 ივნისს, ანუ გასაჩივრების ერთთვიანი ვადაში.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ) და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოსაზრებით სარჩელი არ იყო დასაშვები, რადგან გასული იყო მისი გასაჩივრების საგადასახადო კოდექსით დადგენილი ვადა.
კასატორი თვლის, რომ 2005 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის თანხმად საურავის დარიცხვა მოხდა საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
კასატორის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მოსაზრებით სასამართლოს მითითება საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლის მე-4 ნაწილსა და 2005 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლზე არასწორია; კასატორი თვლის, რომ საურავის დარიცხვა კოოპერატივ “...” ვადაგადაცილებულ დავალიანებებზე კანონიერად ხდებოდა 2003 წლამდე.
კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელემ გაუშვა საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლით საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის/მისი მოადგილის ბრძანების გასაჩივრების ვადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მაისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი თელავის საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2006 წლის 12 მაისის ¹133 ბრძანება ძირითადი გადასახადის 38 849,6 ლარის ნაწილში; დანარჩენ ნაწილში კი უცვლელი უნდა დარჩეს სააპელაციო პალატის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 28 მარტის ¹16 საგადასახადო მოთხოვნის თანახმად კოოპერატივ “...” 2006 წლის 28 მარტის მდგომარეობით ბიუჯეტის მიმართ დავალიანება ერიცხება 457671,59 ლარის ოდენობით; მათ შორის გადასახადის ძირითადი თანხაა 38849,6 ლარი, საურავი 41 8821.99 ლარი (ს.ფ. 14). ს.ფ. 9-ზე წარმოდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი თელავის საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2006 წლის 12 მაისის ¹133 ბრძანება, რომლის თანახმად დ/წყაროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის “...” გაკოტრების მმართველის ზ. ბ-ულის 2006 წლის 3 მაისის “შესაგებელი” არ დაკმაყოფილდა; მოცემულ ბრძანებას საფუძვლად დაედო საგადასახადო კოდექსის 147-ე მუხლი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1997 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით სასოფლო-სამეურნეო რეგისტრირებული კოოპერატივი “...” გამოცხადდა გაკოტრებულად და გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება (ს.ფ. 5-7); მოსარჩელე ამჟამად გაკოტრების რეჟიმში იმყოფება.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ” კანონით საქართველოს საგადასახადო კოდექსს 2003 წლის 26 აგვისტოს დაემატა 2521-ე მუხლი; ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის, რეაბილიტაციის ან საგაკოტრებო მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან შესაბამისი რეჟიმის დასრულებამდე გაკოტრების ან რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფ საწარმოს ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებებზე საურავი არ დაერიცხება; ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულია, ამ კანონის ამოქმედებისას გაკოტრების ან რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფ საწარმოზე ამ მუხლის პირველი ნაწილის მოქმედება ვრცელდება რეჟიმის მთელ პერიოდზე, მისი დასაწყისიდან დასრულებამდე. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსი და სწორად მიუთითა, რომ საურავის გადახდის მოვალეობისაგან უნდა განთავისუფლდეს ის საწარმოც, რომელიც გაკოტრების რეჟიმში იმყოფებოდა საგადასახადო კოდექსში 2003 წლის 26 აგვისტოს ზემოაღნიშნული ცვლილებების განხორციელებამდე.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კოოპერატივ “...” მიერ სარჩელი აღძრულია სადავო პერიოდისათვის მოქმედი საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლის დარღვევით; საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასოფლო-სამეურნო რეგისტრირებული კოოპერატივი “...” გაკოტრების მმართველმა სარჩელი აღძრა 2006 წლის 16 ივნისს; მოცემული პერიოდისათვის მოქმედი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით კი სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში _უშუალოდ ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში. სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ კოოპერატივ “...” გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი_თელავის საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2006 წლის 12 მაისის ბრძანება ¹133 ჩაჰბარდა 2006 წლის 25 მაისს (სფ.8); ხოლო სარჩელი აღძრული იქნა 2006 წლის 16 ივნისს, ანუ გასაჩივრების ერთთვიან ვადაში.
საკასაციო პალატა თვლის, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მაისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი თელავის საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2006 წლის 12 მაისის ¹133 ბრძანება ძირითადი გადასახადის 38 849,6 ლარის ნაწილში. დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს თელავის საგადასახადო ინსპეციის კოოპერატივზე დარიცხული საურავების _ 418 821,99 ლარის ნაწილში 2006 წლის 28 მარტის ¹16 საგადასახადო მოთხოვნისა და თელავის საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2006 წლის 12 მაისის ¹133 ბრძანების ბათილად ცნობა; მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ დარიცხული გადასახადების ძირითადი თანხის 38 849,6 ლარის ნაწილში საგადასახადო მოთხოვნას ეთანხმება (სფ.4). შესაბამისად საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს განჩინება ძირითადი გადასახადის 38 849,6 ლარის ნაწილში თელავის საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2006 წლის 12 მაისის ¹133 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მაისის განჩინება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი. ეს მუხლი განსაზღვრავს პირობას, რომლის არსებობის შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს თვითონ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, ისე, რომ არ დააბრუნოს იგი ხელახლა განსახილველად უკან. ამგვარი პირობაა საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულად და სწორად დადგენა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ და ამ ფაქტების დადგენა საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე. ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები დადგენილია სრულად და სწორად, ე.ი. ფაქტობრივი თვალსაზრისით საქმე მზადაა გადასაწყვეტად, მაგრამ არასწორადაა შეფარდებული (გამოყენებული) კანონი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მაისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი თელავის საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2006 წლის 12 მაისის ¹133 ბრძანება ძირითადი გადასახადის 38 849,6 ლარის ნაწილში.
3. დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩეს სააპელაციო პალატის განჩინება.
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.