ბს-1579-1534 (კ-08) 18 თებერვალი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ. ჭ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური (მოპასუხე)
დავის საგანი – უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლ. ჭ-ამ 2007 წლის აგვისტოში სარჩელი აღძრა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა 2003 წლის 4 აპრილის სარეგისტრაციო მოწმობის საფუძველზე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ლ. ჭ-ას სარჩელი მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ მოპასუხისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძვნება შემდეგ მოტივებს: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურში 0,17 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ლ. ჭ-ას საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის; მოსარჩელის მიერ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილ იქნა 2003 წლის 4 აპრილით დათარიღებული სარეგისტრაციო მოწმობა. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის დროისათვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებდა «მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონი. სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული კანონის და მოქმედი «უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისას ივსება უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათი. სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარის მიერ წარმოდგენილ სარეგისტრაციო მოწმობაში მითითებულ მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტარციო სამსახურში მოსარჩელის საკუთრების უფლება რეგისტრირებული და სააღრიცხვო ბარათი გახსნილი არ ყოფილა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ წარმოდგენილი 2003 წლის 4 აპრილის მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანებით დამტკიცებული «უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქციის 71-ე მუხლით განსაზღვრულ სარეგისტრაციო მოწმობას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ჭ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 სექტემბრის განჩინებით ლ. ჭ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება.
საპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ჭ-ამ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილი, ვინაიდან დავა არ განიხილა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში; სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე არ იქნა გამოყენებული «უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის «გ” ქვეპუნქტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ლ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნლოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ლ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან ლ. ჭ-ას წარმომადგენელს თ. კ-ას გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული ლ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 სექტემბრის განჩინებაზე;
2. ლ. ჭ-ას წარმომადგენელს თ. კ-ას დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.