საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-1583-1512(კ-09) 16 დეკემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა გ. ხ-ოვის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.
საკასაციო პალატამ გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.10.09წ. განჩინებით გ. ხ-ოვს უარი ეთქვა სარჩელის სასამართლო წარმოებაში მიღებაზე. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ხ-ოვმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.11.09წ. განჩინებით გ. ხ-ოვს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში წარმოედგინა სასამართლოში კერძო საჩივარი, სადაც იქნებოდა დაზუსტებული, რაში მდგომარეობს გასაჩივრებული განჩინების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს კერძო საჩივრის შემტანი პირი, მითითება გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ კერძო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს, იმდენი ასლის დართვით, რამდენი მხარეც არის საქმეში და სახელმწიფო ბაჯის 50 ლარის გადახდის ქვითარი. მხარეს განემარტა, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი და განჩინება არ გასაჩივრდებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კერძო საჩივარში ხარვეზის დადგენის შესახებ 20.11.09წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ხ-ოვმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ხ-ოვის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185.1 მუხლის თანახმად თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე და 179-ე მუხლების დარღვევით ან/და სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო გამოიტანს ხარვეზის შესახებ განჩინებას და მოსარჩელეს დაუნიშნავს ვადას მის შესავსებად. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების შესახებ, რაზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
განსახილველ შემთხვევაში გ. ხ-ოვის მიერ საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ხარვეზის შესახებ 20.11.09წ. განჩინება, რომლის გასაჩივრების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა, რის გამო გ. ხ-ოვის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ხ-ოვის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.11.09წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილვევად.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.