საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-1586-1540 (კ-09) 27 მაისი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რ. ღ-შვილის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 სექტემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ რ. ღ-შვილის სარჩელისა გამო მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹1 საპყრობილის მიმართ, მესამე პირი ი. ნ-ძე, ქმედების განხორციელების დავალდებულების შესახებ.
სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
რ. ღ-შვილმა 2007 წლის მაისში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹1 საპყრობილის მიმართ, მესამე პირი ი. ნ-ძე და მოითხოვა სიძე ი. ნ-ძესთან მოკლევადიანი პაემნის უფლების დართვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. ღ-შვილის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ღ-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 სექტემბრის განჩინებით რ. ღ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილადა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა რ. ღ-შვილმა.
საკასაციო სასამართლომ რ. ღ-შვილის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობების შემოწმების შედეგად ჩათვალა, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 22 დეკემბრის განჩინებით რ. ღ-შვილს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა; მას ასევე დაევალა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივარი სათანადო ასლების დართვით წარმოდგენა; ამავე განჩინებით განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.
ზემოაღნიშნული განჩინება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹1 საპყრობილეს რ. ღ-შვილისათვის გადასაცემად ჩაბარდა 2008 წლის 29 დეკემბერს; ხოლო რ. ღ-შვილის განცხადება, რომლითაც მან მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება იმ მოტივით, რომ იგი იმყოფება პატიმრობაში და ამის გამო ვერ გადაიხდის სახელმწიფო ბაჟს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარდგენილია 2009 წლის 14 იანვარს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირთა ჩამონათვალს, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან, იმპერატიულად განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლი და «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლი. მოცემული ნორმების თანახმად კი პირის პატიმრობაში ყოფნა არ წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს კასატორის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების პროცესუალური წინაპირობა, რადგან კასატორის მიერ წარმოდგენილი განცხადება (საჩივარი) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების შესახებ არ არის საკმარისად მოტივირებული და ის ფაქტი, რომ იგი იმყოფება პატიმრობაში, არ წარმოადგენს გადახდისუუნარობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებას.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან კასატორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ რ. ღ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველად დარჩეს რ. ღ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 სექტემბრის განჩინებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.