Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-1588-1517(კ-09) 16 დეკემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა გ. ხ-ოვის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.

საკასაციო პალატამ გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.10.09წ. განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხე ქ. თბილისის მერიის წარმომადგენლის გ. ჭაიას შუამდგომლობა, გ. ხ-ოვის სარჩელი მოპასუხის ქ. თბილისის მერიის მიმართ, საცხოვრებელი ფართის გამოყოფის თაობაზე დარჩა განუხილველი. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ხ-ოვმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.09წ. განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს გ. ხ-ოვს მიეცა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღე განჩინებაში აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად, მხარეს განემარტა, რომ თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნებოდა შევსებული კერძო საჩივარი დარჩებოდა განუხლიველი და განჩინება არ გასაჩივრდებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კერძო საჩივარში ხარვეზის დადგენის შესახებ 30.11.09წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ხ-ოვმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ხ-ოვის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185.1 მუხლის თანახმად თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე და 179-ე მუხლების დარღვევით ან/და სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო გამოიტანს ხარვეზის შესახებ განჩინებას და მოსარჩელეს დაუნიშნავს ვადას მის შესავსებად. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების შესახებ, რაზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

განსახილველ შემთხვევაში გ. ხ-ოვის მიერ საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ხარვეზის შესახებ 30.11.09წ. განჩინება, რომლის გასაჩივრების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა, რის გამო გ. ხ-ოვის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ხ-ოვის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.09წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილვევად.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.