Facebook Twitter

ბს-1588-1542(კ-08) 19 თებერვალი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

მარიამ ცისკაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ე. ჯ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 30 მაისს ე. ჯ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ ქ. თბილისის მერისა და ქ. თბილისის პრემიერის მიმართ და ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹26, ¹37 ბრძანებების, ქ. თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹155 და ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 5 მაისის ¹481 განკარგულებების ბათილად ცნობა, წინანდელ სამუშაოზე დაუყოვნებლივ აღდგენა და გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 2 ივნისის განჩინებით ე. ჯ-ას სასარჩელო განცხადება ქ. თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹155 და ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 5 მაისის ¹481 განკარგულებების ბათილად ცნობის, აგრეთვე, წინანდელ სამუშაოზე მოსარჩელის დაუყოვნებლივ აღდგენისა და გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნათა ნაწილში განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 14 ივლისის განჩინებით, ამავე კოლეგიისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველზე, ადმინისტრაციული საქმე ე. ჯ-ას სასარჩელო განცხადების გამო, განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 7 ნოემბრის საოქმო განჩინებებით მოცემულ საქმეში თავდაპირველი მოპასუხე ქ. თბილისის მერი შეიცვალა სათანადო მოპასუხე ქ. თბილისის მერიით, ხოლო ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში ჩაება მესამე პირად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე ე. ჯ-ას სარჩელის გამო ქ. თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹155 და ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 5 მაისის ¹481 განკარგულებების ბათილად ცნობის, აგრეთვე, წინანდელ სამუშაოზე მოსარჩელის დაუყოვნებლივ აღდგენისა და გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე და ადმინისტრაციული საქმე ე. ჯ-ას სარჩელის გამო ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 5 მაისის ¹26 და ¹37 ბრძანებების ბათილად ცნობის თაობაზე გაერთიანდა ერთ წარმოებად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 1 დეკემბრის სხდომაზე ე. ჯ-ამ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება 2005 წლის 5 სექტემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ე. ჯ-ას სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა; ე. ჯ-ას უარი ეთქვა ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹26 ბრძანების, ქ. თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹155 და ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 5 მაისის ¹481 განკარგულებების ბათილად ცნობაზე, წინანდელ სამუშაოზე დაუყოვნებლივ აღდგენასა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურებაზე გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ჯ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 თებერვლის საოქმო განჩინებით ქ. თბილისის პრემიერი შეიცვალა მისი უფლებამონაცვლე ქ. თბილისის მერიით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით ე. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი ქ. თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹155 განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე, სააპელაციო პალატის მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ამ ნაწილში ე. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა და ქ. თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹155 განკარგულება მოსარჩელე ე. ჯ-ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში ცნობილ იქნა ბათილად; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ჯ-აც, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 6 მარტის განჩინებით ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ე. ჟ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება ე. ჯ-ას გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹155 განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება ე. ჯ-ას წინანდელ თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2008 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით ე. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება გაუქმდა ინ ნაწილში, რომლითაც ე. ჯ-ას უარი ეთქვა წინანდელ თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ე. ჯ-ას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის მერიას დაევალა ე. ჯ-ას სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2005 წლის 5 სექტემბრიდან წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს _ 90 ლარის ოდენობით; ე. ჯ-ას სასარჩლო მოთხოვნა წინანდელ თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ჯ-ა მუშაობდა თბილისის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის .... განყოფილების სპეციალისტად. 2004 წლის 27 მაისიდან 9 ივნისის ჩათვლით მიეცა დამატებითი სადეკრეტო შვებულება, 2004 წლის 10 ივნისიდან 24 ივლისის ჩათვლით იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში, 2004 წლის 26 ივლისიდან 2005 წლის 1 თებერვლიდან ბავშვის მოსავლელად გაუგრძელდა უხელფასო შვებულება 2005 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით.

თბილისის მერიის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის საშტატო განრიგის თანახმად, 2005 წლის 5 იანვრისათვის ..... განყოფილების სპეციალისტის ე. ჯ-ას ხელფასი შეადგენდა 90 ლარს. «ქ. თბილისის მერიის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის თანამშრომელთა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ» თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹155 განკარგულებით ე. ჯ-ია 2005 წლის 3 მაისიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹155 განკარგულება, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 6 მარტის განჩინებით შესული იყო კანონიერ ძალაში.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹26 ბრძანებით ლიკვიდირებულად ჩაითვალა ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახური _ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტი, მაგრამ ფაქტობრივად განხორციელდა ამ სამსახურის რეორგანიზაცია და არა ლიკვიდაცია, რადგან ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 5 მაისის ¹481 განკარგულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა «ქ. თბილისის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების დებულების დამტკიცების შესახებ» ქ. თბილისის პრემიერის 2003 წლის 22 მაისის ¹524 განკარგულება, ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹37 ბრძანებით კი დამტკიცდა ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის _ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის ახალი დებულება, სტრუქტურა და საშტატო ერთეულების ნუსხა ¹1 (დებულება) და ¹2 (სტრუქტურა და საშტატო ერთეულების ნუსხა) დანართების თანახმად. აღნიშნულ რეორგანიზაციას მოჰყვა შტატების შემცირება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, «ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ» ქ. თბილისის მერიის 2006 წლის 26 დეკემბრის ¹22 ბრძანების, ასევე «ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და თანამდებობათა დასახელების დამტკიცების შესახებ» ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 20 ნოემბრის ¹2-16 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, ქ. თბილისის საკრებულოს 2008 წლის 22 იანვრის ¹1-1 გადაწყვეტილების მიხედვით, ქ. თბილისის მერიის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტი, სადაც ე. ჯ-ია მუშაობდა, აღარ არსებობდა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მოხელე ექვემდებარებოდა სამსახურში აღდგენას სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში. მოხელის სამუშაოზე აღდგენა უნდა მომხდარიყო იმავე (წინანდელ) თანამდებობაზე, რომელიც მუშაკს ეკავა გათავისუფლებამდე, ანუ არაკანონიერად აღიარებული ბრძანების გამოცემამდე. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობდა ის თანამდებობა, რომელზეც გათავისუფლებამდე მუშაობდა ე. ჯ-ია, ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მისი სამუშაოზე აღდგენის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. ამასთა, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 112-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მერიის 2005 წლის 16 მაისის ¹155 განკარგულება _ «თბილისის მერიის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის თანამშრომელთა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ» და არ ხდებოდა მისი აღდგენა წინანდელ თანამდებობაზე, ასეთის არარსებობის გამო, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ე. ჯ-ას უნდა აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური 2005 წლის 5 სექტემბრიდან წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს _ 90 ლარის ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2008 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ჯ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა წინანდელ თანამდებობაზე აღდგენაზე და რომლითაც თბილისის მერიას ე. ჯ-ას სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით განაცდურის სახით 2005 წლის 5 სექტემბრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს სახით 90 ლარის გადახდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 დეკემბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. ჯ-ას საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 19 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2009 წლის 26 თებერვლამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ჯ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. ჯ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.