Facebook Twitter

¹ბს-1591-1545(კ-08) 28 მაისი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ქ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი – იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 20 სექტემბერს გ. ქ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 14 ივნისის ¹331-კ ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა რეგიონალური საბაჟო ,,აღმოსავლეთის’’ გამშვებ პუნქტ ,,...’’ ინსპექტორის თანამდებობიდან.

აღნიშნულის გამო გ. ქ-შვილმა, 2005 წლის 14 ივლისს, სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა აღნიშნული ბრძანების არაკანონიერად აღიარება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 14 ივნისის ¹331-კ ბრძანება და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ადმინისტრაციული აქტი.

აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ივლისის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი და აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

მოსარჩელის განმარტებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა 2005 წლის 14 ივნისიდან სასამართლოს მიერ დავალებული ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემამდე სამსახურში იძულებით არყოფნისათვის კუთვნილი ხელფასის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით გ. ქ-შვილის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დაევალა მოსარჩელე გ. ქ-შვილისათვის ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, 2005 წლის 14 ივნისიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით დავალებული ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემამდე.

საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ მოსარჩელე გ. ქ-შვილი იმყოფებოდა რა შრომით ურთიერთობაში ადმინისტრაციულ ორგანოსთან – საქართველოს ფინანსთა სანინისტროს შემოსავლების სამსახურთან, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა მოხელეს, რის გამოც მასზე შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას უნდა გავრცელდეს აღნიშნული კანონის მოთხოვნები. ამავე კანონის 112-ე მუხლის თანახმად სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდისათვის.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 6 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სარჩელი იყო დაუშვებელი ვინაიდან, არ აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25-ე მუხლებით გათვალისწინებული სარჩელის დასაშვებობის პირობებეს. სარჩელი დაუშვებელი იყო აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, რომლის შესაბამისად, სასამართლო არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა. ასეთი საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამასახურში წარდგენილი არ ყოფილა.

კასატორის განმარტებით, ვინაიდან სარჩელის წარდგენისას არ იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოსარჩელეს არ მიუმართავს ადმინისტრაციული ორგანოსათვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით, შესაბამისად არ არსებობდა ვალდებულება ადმინისტრციული ორგანოს მიერ რაიმე სახის ანაზღაურების გაცემისა.

დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ ითავლისწინებს იძულებითი განაცდურის დაანგარიშების წესს. აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში არც სასამართლო პრაქტიკაა ჩამოყალიბებული და არც რაიმე ნორმა არ ავალდებულებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მოახდინოს იძულებითი განაცდურის დაანგარიშება. ამასთან, აღნიშნული სამსახურის მიერ სახელფასო დავალიანების გაუცემლობა0 გამოწვეულია იმ გარემოებითაც, რომ გასულ წლებში სახელმწიფო ბიუჯეტში სახელფასო თანხები რამოდენიმეჯერ იქნა სეკვესტრირებული. სასამართლოს გადაწყვეტილების აღასრულება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხარჯზე შეუძლებელია იმ მიზეზის გამო, რომ ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დასაფარავად თანხა გამოყოფილი აქვს ფინანსთა სამინისტროს, ხოლო შემოსავლების სამსახურისათვის გამოყოფილი ზღვრული ასიგნებანი არ მოიცავს გასულ წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისათვის გათავლისწინებულ თანხას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 სექტემბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების შეცვლით მიღებული უნდა იყოს ახალი გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს მასალებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე: გ. ქ-შვილი 2005 წლის 14 ივნისამდე მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო «აღმოსავლეთის» საბაჟო გამშვებ პუნქტ «...» თანამშრომლად.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 14 ივნისის ¹331-კ ბრძანებით გ. ქ-შვილი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით, გ. ქ-შვილის სასარჩელო განცხადების საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 14 ივნისის ¹331-კ ბრძანება გ. ქ-შვილის თანამდებობიდან დათხოვნის შესახებ და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასებების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 11 ივლისისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 07 დეკემბრის განჩინებებით.

მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გ. ქ-შვილის სამსახურიდან გათავისუფლებისას დაარღვია კანონის მოთხოვნები, რაც წარმოადგენდა გათავისუფლების თაობაზე მიღებული აქტის ბათილობის საფუძველს. ამდენად, აქტის ბათილად გამოცხადებით, მითითებულმა აქტმა, მისი ძალაში შესვლის დღიდან, დაკარგა ძალა და გამოიწვია ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების გაუქმება. არსებული ფაქტობრივი საფუძვლები საკასაციო სასამართლოს აძლევს საშუალებას გაიზიაროს სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ იმ პირობებში, როდესაც გ. ქ-შვილის სამსახურიდან გათავისუფლება მიჩნეულია უკანონოდ, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აუნაზღაუროს მას სამსახურში იძულებითი არ ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში შრომითი გასამრჯელო-ხელფასის სახით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ქმედების განხორციელების თაობაზე. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი რაიმე ქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

საკასაციო სასამართლო ადასტურებს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ ქმედების განუხორციელებლობა, კერძოდ, განაცდური ხელფასის გაუცემლობა პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს პროცესუალური მოწინააღმდეგის კანონიერ უფლებას – მიიღოს იძულებითი განაცდური, რის გამოც სასამართლო, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლზე დაყრდნობით უფლებამოსილია, გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალება, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სასამართლოს მსჯელობას ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების თაობაზე – აანაზღაუროს იძულებითი განაცდური, საჭიროდ მიიჩნევს სასამართლოს ყურადღება მიაქციოს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 23 იანვრის ¹238-ბ ბრძანებით, გ. ქ-შვილი - აღდგენილ იქნა სამსახურში და დაინიშნა თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საბაჟო-გამშვები პუნქტი «...» ინსპექტორის თანამდებობაზე და მისი თანამდებობრივი სარგო და კატეგორია განისაზღვრა დამტკიცებული საშტატო ნუსხის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ აქტის არსებობა სასამართლოს ართმევს შესაძლებლობას გააკეთოს ზოგადი ხასიათის მითითება და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს იძულებითი ხელფასის ანაზღაურება ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემამდე. საკასაციო სასამართლო სავალდებულოდ მიიჩნევს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში კონკრეტულად განსაზღვროს ის პერიოდი, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას და სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს გარკვეთით, რაც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას.

ამდენად მართალია, საკასაციო სასამართლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუსაბუთებლად და თვლის რომ საკასაციო საჩივარი არ ემყარება სამართლის შესაბამის ნორმებს, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლის საჭიროებიდან გამომდინარე თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინების შეცვლით საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებული უნდა იყოს ახალი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 08 სექტემბრის განჩინების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. გ. ქ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დაევალოს გ. ქ-შვილს აუნაზღაუროს ხელფასი სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში – 2005 წლის 14 ივნისიდან 2008 წლის 23 იანვრამდე;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.