¹ბს-1594-1548(2კ-08) 26 თებერვალი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრისა (საგადასახადო ინსპექცია) და საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 22 ივნისს შპს ,,ვ-მა” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – საქართველოს კონტროლის პალატისა და ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1999 წლის 1 ნოემბერს ჩინურ კომპანია ,,ი-თან” გააფორმა ხელშეკრულება 1000 კბ.მ წიფლის სამასალე მორის მიწოდების თაობაზე. ჩინური კომპანია ,,ი-ის” მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ხე-ტყის ექსპორტი არ შედგა. მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის მოკვლევის სამმართველოს 2000 წლის 20 ივნისის დადგენილების საფუძველზე, ტვირთის განსაზღვრულ ადგილზე მიუტანლობის გამო დაჯარიმდა 300 ლარის ოდენობით.
მოსარჩელე განმარტავს, რომ მას 2006 წლის 25 მაისს ჩაჰბარდა საქართველოს კონტროლის პალატის 2003 წლის 8 აგვისტოს შუალედური აქტი – 1999 წლის 10 დეკემბერს 180000 კგ. მუხის მორების ჩინეთში ექსპორტირების მოტივით შპს ,,ვ-თვის” 21666 ლარის, მათ შორის, ძირითადი თანხის _ 6489 ლარისა და საურავის – 15177 ლარის დაკისრების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს კონტროლის პალატის 2003 წლის 8 აგვისტოს შუალედური აქტის ბათილად ცნობა და ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციისთვის ძირითადი თანხის _ 6489 ლარისა და მასზე დარიცხული საურავების ჩამოწერის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით შპს ,,ვ-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ვ-მა” და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ვ-ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ,,ვ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კონტროლის პალატის 2003 წლის 8 აგვისტოს შუალედური აქტი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექცია) დაევალა შპს ,,ვ-თვის” დარიცხული ძირითადი თანხის – 6489 ლარისა და საურავის ჩამოწერა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, ასევე დაარღვია ამავე კოდექსის 394-ე მუხლი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს კონტროლის პალატამ, საპატიო მიზეზის გარეშე, არ უზრუნველყო სადავო ადმინისტრაციულ წარმოებაში შპს ,,ვ-ის” მონაწილეობა; შემოწმების პროცესში შპს ,,ვ-ს” შეეძლო წარედგინა ექსპორტის განუხორციელებლობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, რაც სადავო საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას განაპირობებდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 45-ე, 217-ე მუხლებზე და განმარტა, რომ საგადასახადო კონტროლს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიერ გადასახადების გამოანგარიშების სისწორესა და დროულად გადახდაზე ახორციელებდა მხოლოდ საგადასახადო ორგანოები; სხვა მაკონტროლებელ და სამართალდამცავ ორგანოებს ეკრძალებოდათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან საგადასახადო შემოწმების ჩატარება; საექსპორტო ოპერაციებთან დაკავშირებული გადასახადების კონტროლი ხორციელდებოდა საბაჟო ორგანოების მიერ; საბაჟო ორგანოების 2000 წლის 21 ივლისის ¹86 და 2006 წლის 21 მაისის წერილებით დასტურდებოდა, რომ ექსპორტი არ განხორციელებულა და საქონლით დატვირთული ვაგონების საბაჟო ორგანოების მიერ განსაზღვრულ ადგილას მიუტანლობის გამო, შპს ,,ვ-ი” დაჯარიმდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს კონტროლის პალატამ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია), რომელთაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 დეკემბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს კონტროლის პალატისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივრები; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 19 დეკემბრის განჩინებების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2009 წლის 26 თებერვლამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს კონტროლის პალატისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს კონტროლის პალატისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.