Facebook Twitter
ბს-1595-1549 (კ-08)

ბს-1595-1549(კ-08) 16 ნოემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს «...» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 08 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 19 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს «...» მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 ივლისის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელე _ შპს «...» უარი ეთქვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 06 ოქტომბრის ¹536-ს ბრძანებისა და 2005 წლის 06 ოქტომბრის ¹744 საგადასახადო მოთხოვნის _ შპს «...» გადასახადის სახით 8 331 388 ლარის დარიცხვის ნაწილში ბათილად ცნობაზე, უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «...», რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «...», რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «...» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, შპს «...» საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 8000 ლარის 70 პროცენტი _ 5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «...» საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის განჩინება;

3. შპს «...» დაუბრუნდეს საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 8 000 ლარის 70 პროცენტი _ 5600 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე

¹ ბს-859-821(გ-09) 16 ნოემბერი 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოპასუხე _ გ. ა-ავა

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2008 წლის 12 დეკემბერს სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის _ გ. ა-ავას მიმართ, ჯარიმის, ზიანის ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2005 წლის 22 ივნისის ¹1735 ბრძანებით გ. ა-ავა გაწვეულ იქნა სამხედრო-საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში და 2005 წლის 1 ივნისიდან დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. კონტრაქტის საფუძველზე, მხარეებს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ეკისრებოდათ პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. გ. ა-ავამ დაარღვია კონტრაქტის პირობები, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2006 წლის 26 იანვრის ¹114 ბრძანებით, 2005 წლის 6 დეკემბრიდან დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან. მოსარჩელემ მოითხოვა ჯარიმის სახით 16 092 ლარის დაკისრება და პირგასამტეხლო, ყოველდღიურად _ 16 092 ლარის 2%, 2005 წლის 17 დეკემბრიდან ჯარიმის გადახდამდე. ასევე მოითხოვა ზიანის სახით მოპასუხის მომზადებაზე დახარჯული თანხის – 2964,19 ლარის გადახდა.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 მარტის განჩინებით ცალკე წარმოებად გამოიყო გ. ა-ავას მიერ კონტრაქტის დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა და საქმე ამ ნაწილში განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ადმინისტრაციულმა პალატამ აღნიშნა, რომ როგორც სასარჩელო მოთხოვნის, ისე სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა შედგებოდა ორი ნაწილისაგან, პირველი _ კონტრაქტის 7.3 და 7.4 პუნქტებიდან გამომდინარე, კონტრაქტის დარღვევის გამო ჯარიმისა და პირგასამტეხლოს დაკისრებისაგან, ხოლო მეორე _ კონტრაქტის დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურებისაგან, რაც სამინისტრომ გაიღო გ. ა-ავას მომზადებაზე და რომლის ხელახლა გაღება მოუწევს მის სანაცვლოდ ახალი სამხედრო მოსამსახურის გაწვრთნისათვის. აღნიშნულ მოთხოვნას აპელანტი ამყარებდა სამოქალაქო კოდექსის 394.1, 407-ე და 414-ე მუხლებზე.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ სასარჩელო განცხადებისა და სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ნაწილი – კონტრაქტის დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, სამოქალაქო კოდექსის ნორმების საფუძველზე არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავის საგანს, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით ასევე განიხილება საქმეები იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამარათლის კანონმდებლობიდან. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზრაურების თაობაზე დავებს მითითებული ნორმა ადმინისტრაციული წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიას მიაკუთვნებს. მოცემულ შემთხვევაში კი სადავოა არა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურებაზე, არამედ ფიზიკური პირის ვალდებულება – აანაზღაუროს კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტით მიყენებული ზიანი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ივნისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ზიანის ანაზღაურების განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული დავა განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. პალატამ განმარტა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ» ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება. ამავე მუხლის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, თავდაცვის სამინისტრო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. მის მიერ გ. ა-ავასთან დადებული ხელშეკრულება ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა, რადგან ემსახურება სამხედრო ქვედანაყოფში სამხედრო სამსახურის გავლის თვალსაზრისით საჯარო უფლებამოსილების განხორციელებას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 209-ე მუხლები აწესრიგებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სხვა პირისათვის ზიანის ანაზღაურების საკითხებს, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების წესი ამავე კოდექსით არაა გათვალისწინებული და იგი სამოქალაქო კანონმდებლობით უნდა მოწესრიგდეს. სწორედ ამიტომ არის აღნიშნული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილში, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. ხელშეკრულების პირობების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 405-ე და 415-ე მუხლებით. ამასთან სამოქალაქო კოდექსის ნორმებით ზიანის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტა არ გულისხმობს, რომ მოცემული დავა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველია, ვინაიდან ზიანის საფუძვლად მითითებულია ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომლის მე-8 მუხლი განსაზღვრავს ზიანის ანაზღურების წესებს.

სამოქალაქო საქმეთა პალატამ განმარტა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის მიხედვით სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტა პირდაპირ და უშუალო კავშირშია ამ ხელშეკრულების დარღვევის გამო ამავე ხელშეკრულების მე-8 მუხლით გათვალისწინებულ ზიანის ანაზღაურებასთან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაცულ საქმეთა პალატისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით მოწესრიგებული სამართალურთიერთობიდან.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ განსახილველ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო მოსამსახურეს შორის დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. ა-ავას შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, ფიზიკურ პირთან დადებულ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ამდენად, იგი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ» ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული სამართალწარმოებით განიხილება დავა, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. ამავე მუხლის მე-2 მუხლის ,,ბ» ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შეწყვეტა ან შესრულება. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ» ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, ფიზიკურ და იურიდიულ პირთან, აგრეთვე, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხე ფიზიკურ პირს შორის ,,თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ» ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება. ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანოს – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიზანს უდავოდ საჯარო უფლებამოსილების განხორციელება – სახელმწიფოსათვის სამხედრო მოსამსახურეთა კორპუსით უზრუნველყოფა წარმოადგენდა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული დავა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში დავის საგანი გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობის საფუძველზე დადებული ხელშეკრულებიდან და სასარჩელო მოთხოვნა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ამ ხელშეკრულებითვე განსაზღვრული ზიანის ანაზღაურებაა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელის გამო გ. ა-ავას მიმართ, მისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს და იგი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განსჯადია, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქმე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელის გამო მოპასუხე გ. ა-ავას მიმართ ზიანის ანაზღაურების ნაწილში, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.