ბს-1598-1552(კ-08) 10 თებერვალი, 2009 წელი
Qქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. ნ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი
დავის საგანი –ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ_სამართლებრივი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და მისი ხელახლა განხილვის მიზნით სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. ნ-ემ 2007 წლის ივლისში სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს დავალებოდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და ქმედების განხორციელება, ასევე ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 3 აგვისტოს განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩართული იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ნ-ის სარჩელი მოპასუხეების _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართაA სამკურნალო დაწესებულების და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლისს 18 სექტემბრის განჩინებით მ. ნ-ის სარჩელზე მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო.
მ. ნ-ემ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით, ხოლო გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 აპრილის განჩინებით მ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება და 2007 წლის 3 ოქტომბრის განჩინება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 აპრილის განჩინებით მ. ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 სექტემბრის განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ნ-ემ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 აპრილის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვის მიზნით სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა მ. ნ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წანამძღვრების შემოწმების შედეგად თვლის, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საკასაციო საჩივარი ხარვეზიანია შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 22 დეკემბრის განჩინებით მ. ნ-ეს დაევალა საკასაციო საჩივრისათვის აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივარი სათანადო ასლების დართვით; მასვე დაევალა ზემოაღნიშნულ ვადაში წარმოედგინა საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საკასაციო საჩივრის ავტორ მ. ნ-ეს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.
მ. ნ-ემ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება მოითხოვა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარდგენილი 2009 წლის 5 იანვრის განცხადებით. მ. ნ-ე განცხადებაში მიუთითებს, რომ იგი სოციალური სუბსიდიების სააგენტოს გორის რაიონული განყოფილების მიერ 2008 წლის 25 ივლისს რეგისტრირებულია სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამაში საიდენტიფიკაციო კოდით 100135310857, იგი ასევე მიუთითებს, რომ არანაირ უძრავ-მოძრავ ქონებას არ ფლობს.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.
კასატორის მიერ წარმოდგენილი განცხადებით არ ირკვევა, იღებს თუ არა მ. ნ-ე საარსებო შემწეობას. ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. ნ-ის მიერ მითითებული გარემოება ვერ გახდება მისი სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების საფუძველი, ვინაიდან მის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში განსახილველ საკასაციო საჩივარზე მ. ნ-ემ სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი და საკასაციო საჩივრისათვის არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, ამიტომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 401-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველად იქნეს დატოვებული მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 აპრილის განჩინებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.