ბს-1600-1554(კ-08) 19 მარტი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზ. მ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 10 სექტემბერს ზ. მ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, მესამე პირად თ. ხ.-ზე მიუთითა.
მოსარჩელის განმარტებით, გორის რაიონული სასამართლოს მიერ 2005 წლის 27 მაისს გაცემული სააღსრულებლო ფურცლის თანახმად, თ. ხ.-ს სასარგებლოდ 4 603 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, 2006 წლის 21 მარტს შიდა ქართლის სააღსრულებლო ბიურომ ქ. გორში, ...-ის ქ. ¹172/3-ში მდებარე ბინაზე ჩაატარა აუქციონი.
მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ხსენებული აუქციონი ჩატარდა მთელი რიგი დარღვევებით, კერძოდ, ზემოხსენებული ბინა დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ არასწორად იქნა შეფასებული, შეფასებისას არ იქნა გათვალისწინებული სახლის მიშენებული ნაწილი, რომელიც მის ფასს მნიშვნელოვნად გაზრდიდა. ამასთან, მოსარჩელის მითითებით, იგი არ იყო გაფრთხილებული აუქციონის ჩატარების შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ 2006 წლის 26 აპრილის აუქციონის, მისი შედეგებისა და შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2006 წლის 31 მაისის ¹06-09 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით ზ. მ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. მ.-მ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ზ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება და მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა გორის რაიონულ სასამართლოს.
თბილისის სააპელაცო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ დაადგინა, რომ გორის რაიონულ სასამართლოს საქმის განხილვისას არ უმსჯელია თუ რამდენად კანონიერად მოხდა ბინაზე ყადაღის დადება და რამდენად იყო ინფორმირებული ამის შესახებ მოვალე _ ზ. მ.-ე.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გორის რაიონულ სასამართლოს საქმის ხელახლა განხილვისას უნდა დაედგინა, გამოიცა თუ არა ზემოაღნიშნული განკარგულებები და დაცული იყო თუ არა მოსარჩელის მიერ სააღსრულებო მოქმედების გასაჩივრებისთვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. მ.-მ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზ. მ.-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2009 წლის 16 იანვრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2009 წლის 19 მარტამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. მ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, თუ პირს გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, მას დაეკისრება მისთვის გადავადებული და გადაუხდელი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 იანვრის განჩინებით ზ. მ.-ს გადაევადა სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო ზ. მ.-თვის გადავადებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტი, მოცემულ შემთხვევაში 300 ლარს შეადგენს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაეკისროს 300 ლარის 30 პროცენტის _ 90 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. მ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 სექტემბრის განჩინება;
3. ზ. მა.-ს დაეკისროს მისთვის გადავადებული, გადაუხდელი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის 30 პროცენტი _ 90 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.