Facebook Twitter

ბს-1605-1559(კ-08) 24 მარტი, 2009 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 აგვისტოს განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2008 წლის 8 მაისს ი. გ.-მ, დ.- გ.-მ, შ. ჩ.-მ და «... პარტიამ» სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაცულ საქმეთა კოლეგიაში საქართველოს პარლამენტის მიმართ და მოითხოვეს კუთვნილი დავალიანების ანაზღაურება (იხ. ს.ფ 1-11)

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 ივნისის განჩინებით მოსარჩელე ... პარტიის წარმომადგენლის ლ. ა.-ის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდა და სარჩელი სახალხო პარტიის მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველად (იხ. ს.ფ. 69).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 მაისის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩართული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. (იხ. ს.ფ. 48).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით ი. გ.-ის, დ. გ.-ისა და შ. ჩ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს პარლამენტს დაეკისრა მოსარჩელე ი. გ.-ის სასარგებლოდ სადეპუტატო თანხის _ 527 ლარის, დ. გ.-ის სასარგებლოდ – 527 ლარის, ხოლო შ. ჩ.-ის სასარგებლოდ _ 387 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 71-73).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს პარლამენტმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 86-96).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 აგვისტოს განჩინებით საქართველოს პარლამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 113-116).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს პარლამენტმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 აგვისტოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 125-134).

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 12 იანვრის განჩინებით საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 13-14).

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინა კასატორმა _ საქართველოს პარლამენტმა და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი მოტივით:

კასატორის მოსაზრებით, საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებს, რადგან ამგვარი სახის დავები სასამართლოში მრავლადაა, კერძოდ დავალიანების ანაზღაურების დაგვიანებისAშემთხვევაში ხშირად კრედიტორები სასარჩელო განცხადებით მიმართავენ სასამართლოს და ითხოვენ დავალიანების ანაზღაურებას, მაგრამ აღნიშნული საქმის განხილვა ხელს შეუწყობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ სტანდარტების დამკვიდრებას აღნიშნული დავების დარეგულირების საკითხებში და შესაბამისად დადებით როლს შეასრულებს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებაში.

კასატორის მითითებით, სადავო საკითხთან დაკავშირებული ანალოგიური სამართლებრივი ურთიერთობები სპეციფიკური ხასიათისაა, კერძოდ, მიმდინარე დავაში საქმე ეხება ურთიერთობას, რომლის ერთი მხარე არის სუბიექტი სახელმწიფო ორგანიზაცია, რომლის ნაკისრ ვალდებულებების შესრულებას უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე, მეორე მხარეს კი წარმოადგენს ფიზიკური პირი, რომელიც ითხოვს მის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას. სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფოს (მოცემულ შემთხვევაში პარლამენტს) აქვს მთელი რიგი შემაფერხებელი გარემოებები, რომლებიც დროში განგრძობადს ხდიან აღნიშნული სახის დავალიანებების გასტუმრებას. საუბარია იმაზე, რომ საქართველოს პარლამენტი მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს აღნიშნული სახის დავალიანებების გასტუმრებას, როდესაც მოხდება ფინანსთა სამინისტროს მხრიდან შესაბამისი ასიგნებების გამოყოფა.

ამდენად, კასატორმა მიიჩნია, რომ აღნიშნული საქმე აუცილებლად უნდა იქნეს განხილული საქართველოს უზენაეს სასამართლოში კასაციის წესით, რათა დაინერგოს ერთგვაროვანი პრაქტიკა აღნიშნული დავების დარეგულირების საკითხში (იხ. ს.ფ. 21-23).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორის _ საქართველოს პარლამენტის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრება არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს პარლამენტის მიერ კომპეტენტურად ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.