Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-1611-1565(კ-08) 23 იანვარი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ვ. ჩ-ას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2008 წლის 10 დეკემბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-1611-1565(კ-08) ვ. ჩ-ას საკასაციო საჩივრით განსახილველად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 დეკემბრის განჩინებით ვ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნას, რადგან საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული თუ რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო საჩივრით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი (კასაციის მიზეზი) და არ შეიცავდა დასაბუთებას, თუ რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობა. შესაბამისად, კასატორს მიეცა ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე მითითებული ხარვეზის შესავსებად (იხ. ს.ფ. 120-121).

საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ ვ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 18 დეკემბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად კასატორს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, განესაზღვრა გონივრული ვადა 10 დღე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 18 დეკემბრის განჩინება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კასატორს – ვ. ჩ-ას ჩაჰბარდა 2008 წლის 30 დეკემბერს, რაც დასტურდება საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებით (იხ. ს.ფ. 126). შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10-დღიანი ვადა ამოიწურა 2009 წლის 9 იანვარს, კასატორის მიერ კი აღნიშნულ საპროცესო ვადაში ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

1. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.