Facebook Twitter
#bs-778-744(k-06) 12 marti, 2008 weli

ბს-1612-1566(კ-08) 28 მაისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

მარიამ ცისკაძე

სხდომის მდივანი – ნინო გოგატიშვილი

კასატორი (მოპასუხე) _ ნ. წ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ბ. ღ-ტი

თანამოპასუხეები: ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია, წარმომადგენელი _ ი. ბ-ძე; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახური

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ოქტომბრის განჩინება

განხილვის საგანი _ საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 20 მაისს ბ. ღ-ტმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურისა და ნ. წ-ძის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ქ. ქობულეთში, ... ქუჩის ¹...-ში საკუთრებაში გააჩნდა სახლთმფლობელობა, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო მეუღლის ბაბუის _ ა. წ-ძისგან. ამ ქონების ნაწილი კომუნისტური მმართველობის დროს ჩამოერთვათ და აშენდა ,,...’’ მაღაზია, რომლის დანგრევის შემდეგ, აღნიშნული 170 კვ.მ მიწის ნაკვეთი არავის შემოუღობავს და არც არავის სარგებლობაში გადასულა. 2006 წლიდან მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოს, თუმცა უშედეგოდ. მოგვიანებით კი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 5 მარტის ¹10004 საკუთრების მოწმობით მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა სადავო მიწის ნაკვეთის ნ. წ-ძის მიერ დაკანონების ფაქტი. აღნიშნული მიწის ნაკვეთი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ნ. წ-ძეს დაუკანონა როგორც თვითნებურად დაკავებული, რითაც მოსარჩელეს შეეზღუდა უფლება, აუქციონის წესით შეესყიდა სადავო მიწის ნაკვეთი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 5 მარტს გაცემული ¹10004 საკუთრების მოწმობისა და მის საფუძველზე საჯარო რეესტრის მიერ 2008 წლის 31 მარტს განხორციელებული რეგისტრაციის, რომლითაც ნ. წ-ეს გადაეცა ქ. ქობულეთში, ... ქ. ¹...-ს მიმდებარედ 170 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ბათილად ცნობა მოითხოვა.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით ბ. ღ-ტის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 5 მარტის ¹10004 საკუთრების უფლების მოწმობა 170 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ქ. ქობულეთში, ... ქუჩის ¹...-ს მიმდებარედ) და საჯარო რეესტრის ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 31 მარტის ¹20/12/06/341 ჩანაწერი.

აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. წ-ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ნ. წ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. წ-ძემ განცხადებით მიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე, როგორც თვითნებურად დაკავებულზე, საკუთრების უფლების აღიარება. ნ. წ-ძემ მოთხოვნას საფუძვლად დაუდო მოწმეთა ჩვენებები.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მეორე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად შესაძლებელი იყო თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, თუ ამ მოთხოვნის მომენტისთვის აღნიშნულ მიწის ნაკვეთს სახელმწიფო არ განკარგავდა. იმავე კანონის, მეხუთე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად ნ. წ-ძეს, გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, უნდა წარმოედგინა თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად, დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. ზემოაღნიშნული დოკუმენტების წარდგენა ნიშნავდა მის დასაშვებად ცნობას და იმპერატიულად არ ავალებდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაეკმაყოფილებინა განცხადება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითებები, რომ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით შეიძლებოდა დადასტურებულიყო მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტი და რომ ბ. ღ-ტი არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო საქმეზე დაინტერესებულ პირად, რადგან მას არაერთხელ მიუმართავს სათანადო ორგანოებისთვის სადავო მიწის ნაკვეთის შესყიდვის მოთხოვნით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. წ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება არ იყო იურიდიულად დასაბუთებული, რის გამოც მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელი იყო, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენდა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო შეეფასებინა საქმეში არსებული მტკიცებულებები და განესაზღვრა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებები იყო დასადგენი. სააპელაციო სასამართლომ კი ისე გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებები, რომ არ შეამოწმა მათი საფუძვლიანობა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ნ. წ-ძემ ვერ დაადასტურა სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, რაც კასატორმა უსაფუძვლოდ მიიჩნია და აღნიშნა, რომ საქმეში იყო მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ადასტურებდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი 2006 წლიდან მის სარგებლობაში იყო, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარებოდა ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც დაკავებული იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო სახელმწიფო ქონება, რომლის ბედიც საკუთრების აღირების კომისიას არ გაურკვევია. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ ,,ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებულ მიწის ნაკვეთზე და არა იმ ნაკვეთზე რომელიც ადრე იყო დაკავებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით. საქმეში წარმოდგენილი იყო ქობულეთის რაიონის გამგეობის 2003 წლის 6 ივნისის წერილი, საიდანაც ირკვეოდა, რომ 2002 წლის 10 ივნისს რაიონის გამგეობის სახელმწიფო ქონების მართვის განყოფილების ¹13 დადგენილებით სადავო მიწის ნაკვეთზე მდებარე მაღაზია ჩამოწერილ იქნა ქობულეთის «...» ბალანსიდან, რის შემდეგაც მიწის ნაკვეთი დარჩა მმართველობის ადგილობრივი ორგანოს განკარგულებაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. წ-ძის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2009 წლის 19 მარტამდე განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2009 წლის 19 მარტამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მარტის განჩინებით ნ. წ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2009 წლის 28 მაისს, 12.00 საათზე.

2009 წლის 28 მაისის საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელე ბ. ღ-ტმა უარი თქვა სარჩელზე და საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა, რასაც მხარეებიც დაეთანხმნენ, მათ შორის კასატორი ნ. წ-ძე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო მოსარჩელე ბ. ღ-ტის შუამდგომლობას სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. იმავე კოდექსის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ბ. ღ-ტმა სარჩელზე უარის თქმით მოახდინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე მხარის ნების გამოვლენა. ამასთან, ფიზიკური პირის მიერ სარჩელზე უარის თქმის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელზე უარის თქმისგან განსხვავებით, ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას და არ ამოწმებს სარჩელზე უარის თქმის კანონიერებას.

საკასაციო სასამართლო ასეევ მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განუმარტავს მხარეებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე დავაზე, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე მუხლებით, 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ. ღ-ტის შუამდგომლობა სარჩელზე უარი თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. მოსარჩელე ბ. ღ-ტსა და მოპასუხეებს _ ნ. წ-ძეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიასა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურს შორის დავაზე შეწყდეს საქმის წარმოება;

3. გაუქმდეს ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ოქტომბრის განჩინება;

4. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე დავაზე, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.