ბს-1617-1571(2კ-08) 17 მარტი, 2009 წელი
ქ. თბილისი
მიღების ადგილი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2008 წლის 18 თებერვალს ფოთის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა შპს «ს.-ის» წარმომადგენელმა გ. ფ.-მ ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა ფოთის საგადასხადო ინსპექციის 2007 წლის 9 აგვისტოს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა ნაწილობრივ, ჯარიმის სახით 4400 ლარის დარიცხვის ნაწილში (იხ. ს.ფ. 2-13).
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით შპს «ს.-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 9 აგვისტოს ¹1660 საგადასახადო მოთხოვნა ნაწილობრივ, 2007 წლის მარტისა და აპრილის დღგ-ს დეკლარაციის წარუდგენლობის გამო დარიცხული ჯარიმის – 1400 ლარისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 133.3 მუხლის შესაბამისად, დარიცხული ჯარიმის – 3000 ლარის ნაწილში (იხ. ს.ფ. 86-89).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და ამავე სამსახურის ფოთის რეგიონალურმა ცენტრმა, რომლებმაც მოითხოვეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 94-111).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება შპს «ს.-ისათვის» 2007 წლის მარტისა და აპრილის დღგ-ს დეკლარაციის წარუდგენლობის გამო ჯარიმის _ 1400 ლარის დარიცხვის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 9 აგვისტოს ¹1660 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობისა და ფოთის რეგიონალური ცენტრისათვის სახელმწიფო ბაჟის _ 132 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს «ს.-ის» სარჩელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 131.1 მუხლის შესაბამისად, ჯარიმის სახით 1400 ლარის დარიცხვის ნაწილში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 9 აგვისტოს ¹1660 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 179-186).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და ამავე სამსახურის ფოთის რეგიონალურმა ცენტრმა და მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში (იხ. ს.ფ. 193-198; 204-211).
საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 18 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 215-216).
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინეს მხარეებმა.
მოწინააღმდეგე მხარის შპს «ს.-ის» წარმომადგენელმა მოითხოვა საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა შემდეგი მოტივით:
მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის მოსაზრებით, საკასაციო საჩივრები დაუშვებელია, რადგან არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლოს არ მიუღია საკასაციო სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება, უსაფუძვლოა კასატორის _ შემოსავლების სამსახურის მითითება საქმის საპროცესო დარღვევებით განხილვის თაობაზე, რადგან სარჩელის დასაშვებობაზე იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ და შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, ამასთან, მოცემული საქმის განხილვას მნიშვნელობა არა აქვს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან სიახლეს არ წარმოადგენს იმის დადგენა, რომ სანქციის დაკისრება საქმის გარემოებების გამოკვლევის გარეშე და სამართალდარღვევის არსებობის გარეშე დაუშვებელია (იხ. ს.ფ. 220-225).
კასატორის _ შემოსავლების სამსახურმა მოითხოვა საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად.
კასატორის მითითებით, შპს «ს.-ს» ფოთის საქალაქო სასამართლოში შეეძლო სადავოდ გაეხადა მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2008 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება, რაც არ განუხორციელებია, რის გამოც დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია.
ამდენად, კასატორის მოსაზრებით, შპს «ს.-მა» დაარღვია საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ვადა, რის გამოც სარჩელი არ აკმაყოფილებს დასაშვებობის მოთხოვნებს.
კასატორის მითითებით, მიუხედავად შემოსავლების სამსახურის პოზიციისა, სარჩელის დასაშვებობასთან დაკავშირებით არ უმსჯელია სააპელაციო სასამართლოს და დაუსაბუთებლად ეთქვა უარი აპელანტს, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 294-ე მუხლის «ე1» პუნქტი.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა საგადასახადო კოდექსის 133-ე მუხლი, რაც საკასაციო საჩივრის სსსკ-ის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტისა და 393.2 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველია (იხ. ს.ფ. 227-231).
ფოთის რეგიონალურმა ცენტრმა მოითხოვა საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა შემდეგი მოტივით:
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 133.3 მუხლი და არასწორად შეუმცირა მასზე დარიცხული სანქცია (იხ. ს.ფ. 236-237).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ფოთის რეგიონალური ცენტრის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრებები არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორებმა ვერ დაასაბუთეს თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისა და ამავე სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის მიერ არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.