¹ბს-1622-1576 (კ-08) 1 ივლისი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)
სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა
კასატორი – ე. ქ-ავა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო (მოპასუხე)
დავის საგანი – ქმედების განხორციელება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება_ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ე. ქ-ავამ 2007 წლის ივლისში სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის კუთვნილი ხელფასის 7200 ლარის გადახდის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით ე. ქ-ავას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ქ-ავა სამსახურიდან განთავისუფლებამდე (2005 წლის 28 ოქტომბრამდე) წარმოადგენდა საჯარო მოხელეს, კერძოდ, ეკავა ... სახელმწიფო ჯიშსაშენის ... თანამდებობა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ მოსამსახურეთა უფლებები და გარანტიები რეგლამენტირებულია «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 თავით, ხოლო შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) მიღების საფუძვლები განსაზღვრულია ამავე საკანონმდებლო აქტის 37-ე მუხლით; ამ მუხლის 1-ლი ნაწილი ადგენს, რომ ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს; პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლდა 2005 წლის 28 ოქტომბერს ¹8-კ ბრძანების საფუძველზე, აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის), 7200 ლარის, ანაზღაურების დაკისრებაზე იმ პირობებში, როდესაც მას ფაქტიურად შეწყვეტილი აქვს შრომითი ურთიერთობა მოპასუხესთან. მით უფრო, რომ ე. ქ-ავას მიერ მითითებულ პერიოდში (2005 წელს) სამართლებრივ სივრცეში საერთოდ არ არსებობდა მოსარჩელის მიერ მითითებული შრომის კოდექსი, რომელიც მიღებული იქნა 2006 წელს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოცემულია აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის გასაჩივრების უფლება ე. ქ-ას არ გამოუყენებია და დროულად არ გამოუხატავს თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ამ აქტის მიმართ, რამაც მთელი რიგი ვალდებულებები წარმოშვა. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მასზე დავალებული ქონების მოვლა-პატრონობაზე გაწეულ ხარჯებს და მათი ანაზღაურების საკითხს, სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი სხვა სამართლებრივი რეგულირების სფეროს განეკუთვნება და ვერ გახდება მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალდებულების, შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) გადახდის დაკისრების საფუძველი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ქ-ავამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ე. ქ-ავას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ქ-ავამ და
მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორი თვლის, რომ სასამართლომ დაუსაბუთებლად უთხრა უარი ხელფასის ანაზღაურებაზე; კასატორის აზრით, მისი სასარჩლო განცხადების საგანი არის არა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, არამედ ადმინისტრაციული ორგანოსადმი ქმედების განხორციელების დავალდებულება, რის გამოც კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად მოახდინა ადმინისტრაციული ხელშეკრულების ლეგალური დეფინაცია. კასატორის განმარტებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ¹2-201 ბრძანების მე-2 პუნქტი მიჩნეულ უნდა იქნეს ადრესატის ნების გამოვლენად, რადგან მასში პირდაპირ და ნათლად არის მითითებული, რომ განთავისუფლებულ ... დაევალათ ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობა და დაეკისრათ მატერიალური პასუხისმგებლობა აღნიშნული ქონების სრულ გადაბარებამდე (ზუსტად იგივე ვალდებულებები ეკისრებოდა ე. ქ-ავას განთავისუფლებამდე). კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მას გაშვებული აქვს აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადა, ვინაიდან მოცემული სარჩელი არის ქმედების განხორციელების თაობაზე აღძრული სარჩელი, რომლისათვის გასაჩივრების ვადები კანონით დადგენილი არ არის.
კასატორი მიუთითებს, რომ მას სასამართლოსთვის არ მოუთხოვია სამოქალაქო კოდექსის 717-ე მუხლის მიხედვით მარწმუნებლისაგან ხარჯების ანაზღაურების დავალდებულება, მიუხედავად ამისა, რომ აღნიშნულის მოთხოვნის საფუძველი არსებობდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად თვლის, რომ ე. ქ-ავას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმყოფილდეს; მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგი გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილადაა მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ე. ქ-ავა მუშაობდა ... სახელმწიფო ჯიშსაშენის .... საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეცხოველეობის სანაშენე საქმის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარის 2005 წლის 28 ოქტომბრის ¹8-კ ბრძანებით მეცხოველეობის სანაშენე საქმის დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით 2005 წლის 28 ოქტომბრიდან ... ჯიშსაშენის ... ე. ქ-ავა გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან. მითითებული ბრძანება გაიცა საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 აგვისტოს ¹145 დადგენილებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2სექტემბრის¹2-201 ბრძანების
შესასრულებლად დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. აღნიშნული ბრძანების მე-2 პუნქტით განთავისუფლებულ დირექტორებს დაევალათ ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობა და დაეკისრათ მატერიალური პასუხისმგებლობა აღნიშნული ქონების სრულ გადაბარებამდე.
მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ასევე ის გარემოება, რომ ე. ქ-ავა ზემოაღნიშნულ ბრძანების საფუძველზე ახორციელებდა დაკისრებულ მოვალეობებს, ვინაიდან იქ იყო პირუტყვის გარკვეული რაოდენობა და ამასთანავე ბალანსზე ირიცხებოდა სამი ერთეული შენობა-ნაგებობა და ტექნიკა, რომლებიც მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებდნენ; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინიტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის 2007 წლის 4 ივლისის წერილში აღნიშნულია, რომ ჯიშსაშენზე რიცხულ თხებზე მიმდინარე თვეში გამოცხადდებოდა აუქციონი და შესაბამისად მოხდებოდა მათი გასხვისება, პრივატიზების შემდეგ კი ე. ქ-ავას მოეხსნებოდა პასუხისმგებლობა მათ მოვლა-პატრონობაზე (ტI.სფ.9). საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინიტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს ჩხოროწყუს წარმომადგენლობის 2007 წლის 30 მაისის ¹4/01 ცნობით კი დასტურდება, რომ 2005 წლის 28 ოქტომბრიდან 2007 წლის 30 აპრილამდე ე. ქ-ავა ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას (ტ.I.სფ.11). საქმეში წარმოდგენილია ასევე მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც ირკვევა, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინიტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს ჩხოროწყუს რაიონში წარმომადგენელმა ქ. ს-ავამ 2007 წლის 4 მაისს ყოფილი ... სახელმწიფო ჯიშსაშენის ... ე. ქ-ასაგან ჩაიბარა 46 მეგრული თხა. (ტომი I. ს.ფ. 41).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ე. ქ-ავა სამსახურიდან განთავისუფლებამდე ე.ი 2005 წლის 28 ოქტომბრამდე წარმოადგენდა საჯარო მოხელეს, ეკავა ... სახელმწიფო ჯიშსაშენის ... თანამდებობა; სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მას შორის შრომითი ურთიერთობა წარმოადგენდა საჯარო-სამართლებრივ შინაარსის მქონე ურთიერთობას, იგი რეგულირდებოდა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მეშვეობით; ამავე კანონით რეგლამენტირებულია მოსამსახურეთა უფლებრივი გარანტიები და შრომითი გასამრჯელოს მიღების საფუძვლები; ამ კანონის 37- მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსაურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი).Mმოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატს.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეცხოველეობის სანაშენე საქმის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარის 2005 წლის 28 ოქტომბრის ¹8კ ბრძანებით მეცხოველეობის სანაშენე საქმის დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ე. ქ-ავას დაევალა ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობა და ამასთან მას მატერიალური პასუხიმგებლობაც დაეკისრა აღნიშნული ქონების გადაბარებამდე, ამიტომ სასამართლოს სწორი სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცა ზემოაღნიშნულ ბრძანების მე-2 პუნქტისათვის; ამ პუნქტის შესაბამისად განესაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები; საქმის მასალების მიხედვით შეემოწმებინა ე. ქ-ავას მიერ დაკისრებულ მოვალეობის შესრულებული სამუშაოს მოცულობა და ღირებულება. ასევე ისიც, მიბარებული ქონების და პირუტყვის მოვლა-პატრონობისათვის საჭირო ხარჯები ვის მიერ იყო გაღებული 2005 წლის 28 ოქტომბრიდან 2007 წლის 4 მაისამდე.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის Mმნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1» პუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ე. ქ-ავას საკასაციო საჩივარი;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.