¹ბს-1623-1577(კ-08) 17 თებერვალი, 2009 წელი
ქ. თბილისი
მიღების ადგილი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ოქტომბრის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2008 წლის 15 აპრილს ბ. ა-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სახელფასო დავალიანების _ 1330.74 ლარისა და თანხის დაყოვნების გამო 2433 ლარის გადახდა (იხ. ს.ფ. 1-11; ტ.I).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით ბ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 762,57 ლარის ანაზღაურება, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 64-68; ტ.I).
ბ. ა-ის სასარჩელო მოთხოვნა კვების კომპენსაციის ანაზრაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 73-85; ტ.I).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 113-118; ტ.II).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ.2 ს.ფ. 122-134).
საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 18 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 139-140; ტ.II).
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი მოტივით:
კასატორის მოსაზრებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის «ა» და «გ» ქვეპუნქტების შესაბამისად.
კასატორის მითითებით, განმარტებას საჭიროებს საკითხი რამდენად შედის ჯილდო და მატერიალური დახმარება «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლით განსაზღვრულ დეფინიციაში. იმისათვის, რომ ამა თუ იმ ფინანსურ გასაცემელს მიეცეს ხელფასზე დანამატის სტატუსი და ჩაითვალოს ხელფასის შემადგენელ ელემენტად, საჭიროა ამ ფულად გასაცემელს (ჯილდო, მატერიალური დახმარება) კანონმდებლობის მიხედვით ჰქონდეს «დანამატის» სტატუსი.
კასატორის მითითებით, «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე პუნქტით (2000 წლამდე რედაქციით) სამსახურეობრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, სანიმუშო დისციპლინისა და საბრძოლო მომზადებაში წარჩინებული მაჩვენებლისათვის სამხედრო მოსამსახურეს წლის განმავლობაში შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო და/ან მატერიალური დახმარება. ამ მუხლის მესამე პუნქტით – ოფიცერს თანამდებობაზე ნამსახურევი კალენდარული წლების (მათ შორის ყოფილი სსრკ-ის და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში) მიხედვით ეძლევა თანამდებობრივ და სამხედრო წოდებების ფულად სარგოებზე პროცენტული დანამატები ნამსახურობისათვის.
«სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეოთხე პუნქტიდან გამომდინარე, «დანამატის» სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ ფულად თანხებს, რომელიც გაიანგარიშება ნამსახურობის წლების მიხედვით. რაც შეეხება ჯილდოს, კვების კომპენსაციას, მატერიალურ დახმარებას «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე და მესამე პუნქტიდან გამომდინარე, «დანამატის» სტატუსი არ აქვს მინიჭებული. მითითებული კანონის შესაბამისად, აღნიშნულ გასაცემლებს აქვთ მატერიალური უზრუნველყოფის სტატუსი და ხელფასისაგან დამოუკიდებელი სოციალური უზრუნველყოფის საშუალებებს წარმოადგენენ.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით; სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
თავდაცვის სამინისტროს განმარტებით მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა არის 1998-2000 წლების, ხოლო სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2008 წელს ანუ მოსარჩელეს გაშვებული აქვს როგორც «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 127.1 მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი, ისე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, რაც სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული.
კასატორი მითითებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება მიღებულია სსსკ-ის 102,3; 105; 337.1 და სასკ-ის მე-4 და მე-19 მუხლების მოთხოვნათა დარღვევით.
სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ გაცემულ ცნობებს, ვინაიდან ისინი ვერ ჩაითვლება მოპასუხის მხრიდან ვალის აღიარებად, რადგან აღიარება ან დაპირება მხოლოდ მაშინ წარმოშობს ვალდებულებას, თუ იგი მიღებულია უფლაბამოსილი პირის მიერ და მას ინფორმაციული ხასიათი არ აქვს. აღნიშნული ცნობა ინფორმაციული ხასიათისაა და გაცემულია სზაკ-ით დადგენილი ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში (იხ. ს.ფ. 144-148; ტ.II).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრება არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.