Facebook Twitter

ბს-1625-1553(კ-09) 30 დეკემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ქ. ლ-ევას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 9 მარტს ქ. ლ-ევამ სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე ქ. ფოთის მერიის მიმართ და მოითხოვა ქ. ფოთში, ... ქ. 28/1-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის პრივატიზაცია.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ქ. ლ-ევას სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს ნება დაერთო ქ. ფოთში, ... ქ. ¹28/1-ში მდებარე ბინის პრივატიზაციაზე.

2008 წლის 28 იანვარს ვ. კ-აიამ განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 26 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 14 აპრილის განჩინებით ვ. კ-აიას განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმყოფილდა.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. კ-აიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 4 სექტემბრის განჩინებით ვ. კ-აიას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 14 აპრილის განჩინება და ვ. კ-აიას განცხადება ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ფოთის საქალაქო სასამართლოს.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ვ. კ-აიას განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება ქ. ლ-ევას სარჩელზე.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 თებერვლის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ვ. კ-აია, რომელმაც 2009 წლის 16 მარტს დამოუკიდებელი სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს ქ. ფოთის მერიის მიმართ და მოითხოვა ქ. ფოთში, ... ქ. 28/1-ში მდებარე ბინის კანონიერ მოსარგებლედ ცნობა და ფოთის მერიის დავალდებულება აღნიშნული ბინის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ქ. ლ-ევას სარჩელი დაკმაყოფილდა; ვ. კ-აიას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ვალერი კორძიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ქ. ლ-ევას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და თავისი სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ვ. კ-აიას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება; ქ. ლ-ევას სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ვ. კ-აიას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. ლ-ევამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ქ. ლ-ევას საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად კი ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ჩაბარება მითითებული კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. საქმეში დაცული დასტურიდან ირკვევა, რომ ქ. ლ-ევას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2009 წლის 29 ოქტომბერს (ს.ფ. 168), მან კი აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანა ფოსტის მეშვეობით 2009 წლის 2 დეკემბერს, ე.ი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლში მითითებული ერთთვიანი ვადის გადაცილებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. ლ-ევას საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა 2009 წლის 30 ნოემბრის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო კასატორის მიერ საკასაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2009 წლის 2 დეკემბერს, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქ. ლ-ევას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული გასაჩივრების ვადის გადაცილების გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 63-ე, 390-ე, 397-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ქ. ლ-ევას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. თ. ტ-შვილს დაუბრუნდეს ქ. ლ-ევას საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222; გადამხდელის ბანკი – სს ,,...” ფოთის ფილიალი, ბანკის კოდი 220101606;

3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.