Facebook Twitter
ბს-1625-1579(კ-08) 6 აპრილი, 2009 წელი

ბს-1625-1579(კ-08) 6 აპრილი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ი. მ-აბასა და ნ. შ-შვილის წარმომადგენლის – თ. ა-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 სექტემბრის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2008 წლის 22 დეკემბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ ი. მ-აბასა და ნ. შ-შვილის წარმომადგენლის _ თ. ა-ძის საკასაციო საჩივარს თან არ ერთვოდა და საქმეშიც არ იყო წარმოდგენილი ამ კასატორების _ ი. მ-აბასა და ნ. შ-შვილის მიერ თ. ა-ძეზე გაცემული მინდობილობები, რომლებითაც დადასტურდებოდა თ. ა-ძის მიერ მათი სახელით საკასაციო საჩივრის შეტანის, ანუ საკასაციო წესით გასაჩივრების სპეციალური უფლებამოსილება. აღნიშნული განჩინებით ამ კასატორებს _ ი. მ-აბასა და ნ. შ-შვილს დაევალათ, ხარვეზის შესახებ ხსენებული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში შეევსოთ ხარვეზი _ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ თ. ა-ძის სახელზე გაცემული, საკასაციო საჩივრის შეტანის სპეციალური უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა და ამ კასატორებს განემარტათ, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი მათ ნაწილში არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 22 დეკემბრის ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი კასატორების წარმომადგენელს _ თ. ა-ძეს ჩაჰბარდა 2009 წლის 10 იანვარს, ხოლო ნ. შ-შვილისათვის საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე ორჯერ გაგზავნილი, ხსენებული განჩინების ასლი შემცველი გზავნილები მას არ ჩაჰბარდა, რის მიზეზადაც მიეთითა, რომ ნ. შ-შვილი მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს. ი. მ-აბას კი აღნიშნული განჩინების ასლი საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე ჩაჰბარდა 2009 წლის 21 მარტს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მიხედვით, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

გარდა ამისა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მესამე წინადადების თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი _ წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.

კასატორებს _ ნ. შ-შვილსა და ი. მ-აბას მათთვის მიცემულ ვადაში არ შეუვსიათ ხარვეზი _ საქართველოს უზენაეს სასამართლოში არ წარმოუდგენიათ თ. ა-ძის სახელზე გაცემული, საკასაციო წესით გასაჩივრების სპეციალური უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა; საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება კასატორების წარმომადგენლის _ თ. ა-ძის საკასაციო საჩივრის ი. მ-აბასა და ნ. შ-შვილის ნაწილში განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას, ხოლო თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, კასატორების წარმომადგენლის _ თ. ა-ძის საკასაციო საჩივარი ი. მ-აბასა და ნ. შ-შვილის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველი დარჩეს კასატორების წარმომადგენლის _ თ. ა-ძის საკასაციო საჩივარი ი. მ-აბასა და ნ. შ-შვილის ნაწილში;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.