¹ბს-1628_1582(კ-08) 17 ივლისი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ საქართველოს კონტროლის პალატა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «...» (მოსარჩელე)
დავის საგანი _ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება_ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს «...» 2004 წლის სექტემბერში სარჩელით მიმართა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ და მოითხოვა საქართველოს კონტროლის პალატისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით შპს «...» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატას დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელი თანხის 9676,90 ლარისა და საურავის 342 ლარის გადახდა შპს «...» სასარგებლოდ; შპს «...» უარი ეთქვა საგადასახადო ინსპექციაში გადახდილი თანხით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე 5170,74 ლარის ოდენობით უსაფუძვლობის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ საქართველოს კონტროლის პალატასა და შპს «...» შორის 2003 წლის 24 აპრილს გაფორმდა ¹23 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს «...» უნდა მიეწოდებინა კონტროლის პალატისათვის კომპიუტერული ტექნიკის მარაგნაწილები, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენდა 24.982.32 ლარს. ხელშეკრულება მოქმედებდა 2003 წლის 31 დეკემბრამდე.
პირველის ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 10.2 პუნქტის შესაბამისად, ერთ-ერთ ფორსმაჟორულ გარემოებად მიჩნეული უნდა იქნეს საბიუჯეტო ასიგნების მკვეთრი შემცირება; სასამართლომ მიუთითა, რომ ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ფორსმაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ; სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნულ გარემოებას მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ასევე ის გარემოება, რომ შპს «...» მიერ 2003 წლის 5 მაისის ¹207896 სასაქონლო ზედნადების თანახმად, მიწოდებული იქნა 7178 ლარის 28 დასახელების საქონელი, რომელიც კონტროლის პალატაშია შეტანილი 2003 წლის 1 ივლისს; 2003 წლის 4 ივლისის ¹217935 სასაქონლო ზედნადების შესაბამისად, მიწოდებულია 8995 ლარის 42 დასახელების საქონელი, რომელიც კონტროლის პალატაში შევიდა 2003 წლის 30 ივლისს, ხოლო 2003 წლის 1 დეკემბრის ¹257037 სასაქონლო ზედნადების თანახმად კი, მიწოდებულია 8995 ლარის ღირებულების 33 დასახელების საქონელი. სასამართლოს მოსაზრებით, 2003 წლის 24/04 ხელშეკრულებისა და კომპიუტერული ტექ. მარაგნაწილების ნუსხის ჩამონათვალი, რომელზედაც ხელი მოწერილი აქვს საქართველოს კონტროლის პალატის უფროსს გ. ხ-ძეს, ადასტურებს, რომ მოპასუხემ 14982 ლარის ღირებულების ნივთები მიიღო, ხოლო ასევე 2004 წლის 1 იანვრის ანგარიშის ბარათით ¹141053 სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ მოპასუხის დავალიანება შეადგენს 11 676 ლარს, რომლიდანაც მას გადახდილი აქვს 2100 ლარი, დღეისათვის კი დავალიანება შეადგენს 9576 ლარს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი, ასევე ამავე კოდექსის 394-ე მუხლი, რომლის შესაბამისად ჩათვალა, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებანი და ვერ იქნა დასაბუთებული გარემოებანი, რომელიც დაამტკიცებდა, რომ მის მიერ საგადასახადო ინსპექციაში გადახდილი თანხა 5170,74 ლარი, გამოწვეული იყო მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით, რის გამოც მოპასუხეს მიადგა ზიანი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს «...» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს «...» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს კონტროლის პალატას შპს «...» სასარგებლოდ დაეკისრა 9574 ლარის და საურავის 342 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას მიუთითა, რომ შპს «...» ვერ წარმოადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ საგადასახადო ინსპექციის მიერ მისთვის საურავის სახით 5170,74 ლარის დაკისრება გამოწვეული იყო სწორედ საქართველოს კონტროლის პალატის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო. ამ საფუძვლით შპს «...» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ ჯეროვნად ვერ დაასაბუთა, თუ კონკრეტულად რატომ უნდა დაკისრებოდა 9676,90 ლარი საქართველოს კონტროლის პალატას შპს «...» სასარგებლოდ.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ საქართველოს კონტროლის პალატას შპს «...» მიმართ გააჩნია დავალიანება 8452 ლარის ოდენობით, ასევე დადგენილია და საქართველოს კონტროლის პალატაც სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ შპს «...» მიმართ გააჩნია დავალიანება 722 ლარის ოდენობით. სასამართლომ ასევე დადასტურებულად ჩათვალა, რომ შპს «...» 400 ლარის მომსახურება გაუწია საქართველოს კონტროლის პალატას (ს.ფ. 93).
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონტროლის პალატამ ვერ წარმოადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ 400 ლარის დავალიანება წარმოიშვა შპს «...» დადებული სხვა ხელშეკრულების და არა 2003 წლის 24 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს კონტროლის პალატას მოსარჩელის სასარგებლოდ საურავის სახით დაეკისრა 342 ლარის გადახდა.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება.
კასატორმა განმარტა, რომ მომწოდებელმა, შპს «...» 2003 წლის 24 აპრილს ¹23 ხელშეკრულებით ნაკისრი 24982 ლარის საქონლის ნაცვლად კონტროლის პალატას წლის განმავლობაში მიაწოდა 24 447 ლარის საქონელი, ანუ 534 ლარით ნაკლები. კასატორმა აღნიშნა, რომ კონტროლის პალატამ შპს «...» 2003 წლის მაისში გადაურიცხა 7000 ლარი, ხოლო იმავე წლის აგვისტოში 8995 ლარი. მოწოდებული საქონლის – 24447 ლარის ღირებულებიდან გადახდილი იქნა 15995 ლარი, ხოლო დარჩენილი 8452 ლარი ვერ იქნა გადახდილი იმ მიზეზით, რომ კონტროლი პალატა, როგორც საბიუჯეტო ორგანიზაცია, ვერ იქნა დაფინანსებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კასატორის მოსაზრებით, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კონტროლის პალატისათვის 400 ლარის დაკისრება, აღნიშნული თანხა არ გამომდინარეობს სადავო ხელშეკრულებიდან, ხოლო საქმეში წარმოდგენილი 2004 წლის 23 იანვრის ¹165241 ანგარიშ-ფაქტურა, მისი აზრით, იურიდიული ძალის არმქონეა, ვინაიდან მასზე არ არის კონტროლის პალატის ბეჭედი და იგი პალატის იმჟამინდელი საწყობის გამგის (გ. ბ-ძე) მიერაა ხელმოწერილი, რაზედაც სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იქნა კონტროლის პალატის საფინანსო სამმართველოს ცნობა, რომლის თანახმად ¹165241 ანგარიშ-ფაქტურა კონტროლის პალატაში არ არის წარმოდგენილი.
კასატორის მოსაზრებით, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საჯარიმო სანქციის 342 ლარის დაკისრების ნაწილში, ვინაიდან მიაჩნია, რომ სახეზეა სადავო ხელშეკრულების 10.2 პუნქტით დადგენილი გარემოება, კერძოდ, ფორსმაჟორი, რაც გამოიხატება საბიუჯეტო ასიგნების მკვეთრ შემცირებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება შპს «...» სასარგებლოდ საქართველოს კონტროლის პალატისათვის 400 ლარის და საურავის 342 ლარის დაკისრების ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას; ხოლო დანარჩენ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, 2003 წლის 24 აპრილს ერთის მხრივ, საქართველოს კონტროლის პალატასა და მეორეს მხრივ, შპს «...» შორის დაიდო ¹23 ხელშეკრულება; მოცემული ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს კომპიუტერული ტექნიკის მარაგნაწილების მიწოდება, რომლის რაოდენობა, ხარისხი, ასორტიმენტი და სხვა სპეციფიკური დამახასიათებელი ნიშნები მოცემულია ¹1 დანართში, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ¹1 დანართის შესაბამისად შეადგენს 24982.32 ლარს.
შპს «...» სასარჩელო განცხადებით მოითხოვა 2003 წლის 24 აპრილს დადებული კომპიუტერული ტექნიკის მიწოდების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მოპასუხისათვის თანხის დაკირება.
სფ. 93-ზე წარმოდგენილია 2004 წლის 23 იანვრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ¹165241 სერია-34, რომლის მიხედვით გამყიდველის შპს «...» მიერ მყიდველის საქართველოს კონტროლის პალატის სასარგებლოდ ქსეროქსის შეკეთებისთვის მომსახურეობის ღირებულებაა დღგ-ს ჩათვლით 400 ლარის ოდენობით. სფ. 104-ზე წარმოდგენილია საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილის 2005 წლის 19 დეკემბრის ¹1601/17 ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ 2004 წლის 23 იანვრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ¹165241 საქართველოს კონტროლის პალატის საფინანსო სამმართველოში არ არის წარმოდგენილი.
საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოს კონტროლის პალატამ ვერ წარმოადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ 400 ლარის დავალიანება წარმოიშვა შპს «...» დადებული სხვა ხელშეკრულების და არა 2003 წლის 24 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპლაციო პალატამ არ შეაფასა და არ გამოიკვლია მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, შპს «...» მიერ ქსეროქსის შეკეთება წარმოადგენდა თუ არა ზემოხსენებულ 2003 წლის 24 აპრილის ¹23 ხელშეკრულების საგანს. საყურადღებოა ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 20 თებერვლის სხდომაზე საქართველოს კონტროლის პალატის წარმომადგენელს დაევალა მხარეთა შორის 400 ლართან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულების წარმოდგენა; იმავე სასამართლოს 2008 წლის 27 თებერვლის სხდომაზე კი კონტროლის პალატის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ხსენებული ხელშეკრულების წარმოდგენა ვერ შეძლო იმის გამო, რომ იგი საქართველოს კონტროლის პალატის სხვა მასალებთან ერთად პროკურატურაშია (სფ. 128, 137).
საკასაციო სასამართლო თვლის, სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ღირებულების დროულად გადაუხდელობისათვის საურავის გადახდა; მაგრამ საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს კონტროლის პალატისათვის საურავის სახით 342 ლარის გადახდის დაკისრება, რადგან ზემოხსენებული ხელშეკრულების მე-7 მუხლის მეორე პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიწოდებული საქონლის ღირებულების დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში შემსყიდველს ერიცხება საურავი 0,01 %-ის ოდენობით გადასახდელი თანხიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (სფ. 5) საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 400 ლარის გადახდის ვალდებულების დაკისრების საფუძვლიანობის შემოწმების შემდეგ უნდა განსაზღვროს პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული თანხის ოდენობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება მოპასუხისათვის 400 ლარის და საურავის სახით 342 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1» პუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე და 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს კონტროლის პალატას შპს «...» სასარგებლოდ დაეკისრა 400 ლარის და საურავის სახით 342 ლარის გადახდა და ამ ნაწილებში მოცემული საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;
3. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.