Facebook Twitter

ბს-1630-1584(კ-08) 26 თებერვალი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

მარიამ ცისკაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2008 წლის 15 და 23 აპრილს ნ. მ-ემ, ი. ბ-ემ, ჟ. ვ-ემ, მ. ჯ-მა და ნ. გ-ემ სასარჩელო და დაზუსტებული სასარჩელო განცხადებებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანების დაკისრება მოითხოვეს.

მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ იგი არ წარმოადგენდა სათანადო მოპასუხეს, რადგან მოსარჩელეები მუშაობდნენ საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნულ სააგენტოში (საქსტანდარტი), რომლის ლიკვიდაციაც განხორციელდა საქართველოს მთავრობის 2005 წლის 4 აგვისტოს ¹123 დადგენილების შესაბამისად. აღნიშნული დადგენილების მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალა ,,საქსტანდარტის” ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განხორციელება, ხოლო ამავე დადგენილების მე-4 პუნქტის მიხედვით, მთავრობის აღნიშნული დადგენილების პირველი და მე-3 პუნქტების ამოქმედება უნდა მომხდარიყო სსიპ ,,სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს” დებულების ამოქმედებისთანავე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის, ი. ბ-ის, ჟ. ვ-ის, მ. ჯ-ისა და ნ. გ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა სახელფასო დავალიანების სახით ნ. მ-ის სასარგებლოდ 277,30 ლარის, ი. ბ-ის სასარგებლოდ 277,30 ლარის, ჟ. ვ-ის სასარგებლოდ 277,30 ლარის, მ. ჯ-ის სასარგებლოდ 260,58 ლარის, ნ. გ-ის სასარგებლოდ 260,58 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის თანახმად, დადგენილი და შესაბამისად აღიარებული იყო, რომ 2005 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლებული საჯარო მოხელეების მიმართ არსებობდა საბიუჯეტო დავალიანებები და კუთვნილი თანხის გაცემა უნდა განხორციელებულიყო წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანებების დაფარვის წესის შესაბამისად, ხოლო 2006 წლის 29 დეკემბერს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ”, რომლის მე-9 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ასევე აღიარებდა წინა წლებში წარმოქმნილ ფაქტობრივ დავალიანებებს.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ახდენდა კანონით გათვალისწინებული თანხების გამოყოფას და შესაბამისად, საბიუჯეტო ორგანიზაციების სახელფასო დავალიანებების გასტუმრებას. საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენდა საბიუჯეტო ორგანიზაციას, რომლის შენახვა ფინანსდებოდა ცენტრალური ბიუჯეტიდან. სახელფასო დავალიანების წარმოშობის საფუძველი იყო ის, რომ 1998-2000 წლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ვერ დაფინანსდა ,,საქსტანდარტი” შესაბამისი წლების ბიუჯეტის კანონებით გათვალისწინებული ოდენობით. საქართველოს 2007 წლის ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონით საბიუჯეტო ორგანიზაციაში წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანების დაფარვაზე პასუხისმგებელი იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. შესაბამისად, მოსარჩელეთა მოთხოვნა მიუღებელი სახელფასო დავალიანების თანხის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო დარღვევების გარეშე. ამასთან, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითა მათზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 19 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2009 წლის 26 თებერვლამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.