საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-1634-1588(კ-08) 25 თებერვალი, 2009წ. ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს «ე-ოს» საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მაისის განჩინებაზე, საქმეზე _ შპს «ე-ოს” სარჩელისა გამო მოპასუხეების _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, საწარმოთა მართვის სააგენტოსა და სს «ს-ის მიმართ, ზიანის ანაზღაურებისა და ფართის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. A
სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
სკბ «ე-მა” 2005 წლის 21 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და ს.ს.ი.პ საწარმოთა მართვის სააგენტოს მიმართ და მოითხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება და დაკავებული ფართის საკუთრებაში გადაცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 19 ივლისის განჩინებით მოცემულ საქმეში სათანადო მოსარჩელედ ჩართულ იქნა სკბ ,,ე-ის” უფლებამონაცვლე შპს ,,ე-ო”.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს «ე-ოს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს ,,ე-ომ”
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მაისის განჩინებით შპს «ე-ოს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილადა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს «ე-ომ” და მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საკასაციო სასამართლომ შპს ,,ე-ოს” საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობების შემოწმების შედეგად ჩათვალა, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 დეკემბრის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინებით შპს ,,ე-ოს” დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 8000 (რვაათასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. ამავე განჩინებით განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა. აღნიშნული განჩინება შპს ,,ე-ოს” საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა 2008 წლის 29 დეკემბერს და ჩაჰბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით 2009 წლის 4 იანვარს.
შპს ,,ე-ომ” 2009 წლის 12 იანვარს განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება იმ მოტივით, რომ ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ყ” ქვეპუნქტის შესაბამისად საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ლიკვიდაციაში მყოფი კომერციული ბანკები.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ყ” ქვეპუნქტის საფუძველზე კასატორი არ უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან; საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ყ” ქვეპუნქტით საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ლიკვიდაციაში მყოფი კომერციული ბანკები და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები-საკრედიტო კავშირები _ კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების _ საკრედიტო კავშირებისათვის დაუფარავი სასხების, სესხების პროცენტებისა და სხვა დებიტორული დავალიანებების დაბრუნებაზე აღძრულ ყველა სარჩელზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს ,,ე-ოს” მიერ აღძრულ სარჩელში მოპასუხეების _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს მიმართ, დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისადმი მიყენებული ზიანის ანაზღაურება და დაკავებული არასაცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა, რის გამოც საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემული დავის საგნის არსიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესი არ წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო საამართლო თვლის, რომ ვინაიდან კასატორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს ,,ე-ოს” საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველად დარჩეს შპს ,,ე-ოს” საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მაისის განჩინებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.