Facebook Twitter

¹ბს-1636-1590(კ-08) 26 თებერვალი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. ტ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 24 აგვისტოს ა. ტ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე _ ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაევალა ა. ტ-ის გათავისუფლების თაობაზე, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

მოსარჩელის განმარტებით, ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო 2007 წლის 23 ივლისის ¹23 დადგენილების გამოცემისას უფლებამოსილების ფარგლებში არ მოქმედებდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2007 წლის 23 ივლისის ¹23 დადგენილების ბათილად ცნობა და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა და შეფასება ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოსათვის დავალება მოითხოვა.

გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 4 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაება; 2008 წლის 16 იანვრის საოქმო განჩინებით ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლედ სსიპ ,,გორის უნივერსიტეტი” იქნა დადგენილი.

გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ტ-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის (უფლებამონაცვლე სსიპ ,,გორის უნივერსიტეტი”) აკადემიური საბჭოს 2007 წლის 23 ივლისის ¹23 დადგენილება მისგან გამომდინარე შედეგებით, ხოლო სასარჩელო მოთხოვნას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების სსიპ ,,გორის უნივერსიტეტის” წარმომადგენლობითი საბჭოსათვის დავალდებულების შესახებ უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ,,გორის უნივერსიტეტმა” იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ ,,გორის უნივერსიტეტის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გორის რაიონულმა სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ტ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ამ უკანასკნელის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე რექტორის ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის (უფლებამონაცვლე სსიპ «გორის უნივერსიტეტი») აკადემიური საბჭოს 2007 წლის 23 ივლისის ¹23 დადგენილებით უნივერსიტეტის ეთიკისა და დისციპლინალური პასუხისმგებლობის კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა და შეფასება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ «უმაღლესი განათლების შესახებ» საქათველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რექტორი იყო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ქვეყნის შიგნით და გარეთ აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილი იყო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელით დაედო გარიგებები და შეთანხმებები. ამდენად, ხსენებული ნორმის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე სუბიექტს წარმოადგენდა რექტორი, რომელიც იმავდროულად აღჭურვილი იყო აკადემიური საბჭოს უფლებამოსილებითაც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება და მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველად მითითებული გარემოება, კერძოდ ის, რომ «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონში განსაზღვრული არ იყო უნივერსიტეტის მუშაკის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლების უფლების მქონე ორგანო, არ წარმოადგენდა გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველს, ვინაიდან ამ უკანასკნელს ხელს აწერდა უნივერსიტეტის რექტორი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ტ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ტ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 19 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივრები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2009 წლის 26 თებერვლამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ტ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.