Facebook Twitter

ბს-1640-1594(კ-08) 25 თებერვალი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – გ. გ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – საქართველოს პრეზიდენტი (მოპასუხე)

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის

ბათილად ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და საქმის

ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. გ-ემ 2007 წლის იანვარში სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ და მოითხოვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2006 წლის 30 ოქტომბრის წარდგინებისა და საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 დეკემბრის ¹752 ბრძანებულების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 21 თებერვლის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება მოსარჩელე გ. გ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2006 წლის 30 ოქტომბრის წარდგინების ბათილად ცნობის თაობაზე დაუშვებლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე გ. გ-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის მიმართ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

პირველი ინსტანციის სასმართლოს განჩინება კერძო საჩივრით, ხოლო გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. გ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამეთა პალატის 2007 წლის 4 აპრილის განჩინებით გ. გ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება და 5 მარტის განჩინება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ მოსარჩელე, საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 იანვრის ¹45 ბრძანებულებით, «საერთო სასამართლოების შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 54.1-ე მუხლის «ო» ქვეპუნქტისა და 541-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, განთავისუფლებულია ..... სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და დაეკისრა ...... რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება თავისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადაში. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2006 წლის 30 ოქტომბრის წარდგინების საფუძველზე, «საერთო სასამართლოების შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 53-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად, ზედიზედ 6 თვეზე მეტი ხნის მანძილზე თავისი უფლებამოსილების განუხორციელებლობის გამო, საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 დეკემბრის ¹752 ბრძანებულებით, გ. გ-ე განთავისუფლდა ..... რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-ემ და სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება მოითხოვა.

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტით და შეეჩერებინა საქმის წარმოება, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 იანვრის ¹45 ბრძანებულების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოში აღძრულია სარჩელი, რომლის ბათილად ცნობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნლოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. გ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული გ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ოქტომბრის განჩინებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.