Facebook Twitter

ბს-1641-1595(კ-08) 24 მარტი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ხ., ლ. და გ. ჯ.-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ოქტომბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

გ., ხ. და ლ. ჯ.-ებმა სარჩელი აღძრეს მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების _ გ. ჯ.-ის და თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მთწმინდის რაიონის განყოფილების მიმართ და მოითხოვეს მამობის დადგენის სააქტო ჩანაწერის და დაბადების სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობა, ასევე დაბადების მოწმობაში შესაბამისი ცვლილების შეტანა (იხ. ს.ფ 5-7, ტ. I)

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. ჯ.-ის, ხ. ჯ.-ის და ლ. გ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ.ს.ფ. 118-121, ტ. I).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ხ. ჯ.-მა, გ. ჯ.-მა და ლ. გ.-მა და მოითხოვეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 126-127 ტ. I).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2002 წლის 10 დეკემბრის განჩინებით ხ. ჯ.-ის, გ. ჯ.-ის და ლ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 158-162, ტ. I).

საკასაციო სასამართლოს 2003 წლის 12 ივნისის განჩინებით გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ.ს.ფ. 202-207, ტ. I)

სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 1 ივნისის განჩინებით ლ. გ.-ის, ხ. ჯ.-ის და გ. ჯ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. გ.-ის, ხ. ჯ.-ის და გ. ჯ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (იხ.ს.ფ. 318-327, ტ. I)

საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 11 აპრილის განჩინებით გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას (იხ.ს.ფ. 391-401, ტ. I)

სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით ლ. გ.-ის, ხ. ჯ.-ის და გ. ჯ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ. 91-94, ტ. II, ტ. I)

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ჯ.-მ, ხ. ჯ-მ და გ. ჯ.-მ, რომლითაც მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია და საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამდენადაც სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც არ არის ცალსახა. ასევე, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ სამოქალაქო კოდექსის 164-165-ე მუხლები (იხ.ს.ფ. 103-110, ტ. II)

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 12 იანვრის განჩინებით ლ. ჯ.-ის, ხ. ჯ.-ის და გ. ჯ.-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინეს კასატორებმა და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, რამდენადაც კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ამასთან საქმე მნიშვნელოვანია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ. ჯ.-ის, ხ. ჯ.-ის და გ. ჯ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორების _ ლ. ჯ.-ის, ხ. ჯ.-ის და გ. ჯ.-ის საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორებმა ვერ დაასაბუთეს თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ ლ. ჯ.-ის, ხ. ჯ.-ის და გ. ჯ.-ის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ლ. ჯ.-ის, ხ. ჯ.-ის და გ. ჯ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ლ. ჯ.-ის, ხ. ჯ.-ის და გ. ჯ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს _ ლ. ჯ.-ს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ჯ.-ის, ხ. ჯ.-ის და გ. ჯ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს ლ. ჯ.-ს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900 (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი _ 300773150, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ 220101222);

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.