ბს-1648-1602(კ-08) 14 მაისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ გ. ქ-შვილი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ოქტომბრის განჩინება
სარჩელის საგანი _ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 13 მაისს მოსარჩელე გ. ქ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოპასუხისგან ერთდროული (გამოსასვლელი) დახმარების სახით ფულადი სარგოს თორმეტმაგი ოდენობის ანაზღაურება მოითხოვა.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 11 მაისის ¹1272 ბრძანებით დათხოვნილი იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით (რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით).
მოსარჩელის განმარტებით, «საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 331-ე პუნქტის მოქმედება შეჩერებული იყო 2006 წლის 1 იანვრამდე, თუმცა აღნიშნულ ნორმას 2006 წლის 1 იანვრის შემდეგ არ განუცდია რაიმე ცვლილება. შესაბამისად, მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იყო, აენაზღაურებინა ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება.
მოსარჩელის მითითებით, მან ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რომლის 2008 წლის 29 იანვრის ¹81486 წერილით უარი ეთქვა ანაზღაურებაზე. მის მიერ ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებულ იქნა აღნიშნული უარი, თუმცა დღემდე არ მიუღია პასუხი.
მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ «საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 331-ე პუნქტის მოქმედება ამავე ბრძანებულების 611-ე პუნქტის საფუძველზე შეჩერებული იყო 2004 წლის 31 დეკემბრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნული ნორმის მოქმედების შეჩერებით ასევე შეჩერდა კონკრეტული საბიუჯეტო წლის _ 2005 წელს დათხოვნილ პირებზე ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაცემასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე გ. ქ-შვილის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ 4320 ლარის გადახდა დაეკისრა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ «საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის ნოემბრის ¹493 ბრძანებულების, «სამხედრო მოსამსახურეთა სტატუსის შესახებ» და «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონით განსაზღვრული სოციალური პირობების მოწესრიგების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს განესაზღვრათ და დაუდგინდათ სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობები. ამავე ბრძანებულებით დაწესებულ იქნა ფულადი სარგოები, რომლის შემადგენლობაც განისაზღვრა თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების ჯამით. ამავე ბრძანებულების 33-ე პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, კურსანტებისა და რეზერვიდან ჩარიცხული მსმენელებისა), რომლებიც დათხოვნილი იყვნენ შეიარაღებული ძალების რიგებიდან, ზღვრული ასაკის მიღწევისას, ავადმყოფობის ან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახური წლების (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახური წლებისა) მიხედვით, ეძლეოდათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოს შემდეგი ოდენობით: 20 წელი და მეტი _ თორმეტმაგი ოდენობა.
სასამართლოს განმარტებით, 2004 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის ¹640 ბრძანებულებით ცვლილება იქნა შეტანილი ¹493 ბრძანებულებაში და ერთჯერადი დახმარების გაცემის წესი იმ პირებზე, ვინც დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, განისაზღვრა 331-ე პუნქტით, რომლის მოქმედებაც ამავე ბრძანებულების 611-ე პუნქტით შეჩერდა 2006 წლის 1 იანვრამდე, ხოლო შემდეგ განახლდა.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელი წარდგენილი უნდა ყოფილიყო «საჯარო სამსახურის შესახებ» 127-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში, კერძოდ, სამსახურიდან გათავისუფლებიდან ერთი თვის ვადაში. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული კანონით მოწესრიგებული იყო საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, მოსამსახურეთა სამართლებრივი მდგომარეობა. აღნიშნული კანონის 37-ე მუხლით დაეკისრა ადმინისტრაციულ ორგანოს შრომითი გასამრჯელოს გაცემის ვალდებულება. ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების მიმართ უნდა გავრცელებულიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, ვინაიდან ხსენებული დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებდა დროს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული, ვინაიდან სარჩელი შეტანილი იყო კანონით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის დაცვით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, 2004 წლის 31 დეკემბრის საქართველოს პრეზიდენტის ¹640 ბრძანებულებით ცვლილება შევიდა ¹493 ბრძანებულებაში, რის საფუძველზეც ამ ბრძანებულების 33-ე პუნქტი გაიყო ორ პუნქტად და ერთჯერადი დახმარების გაცემის წესი იმ პირებზე, რომლებიც დათხოვნილი იყვნენ შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, განისაზღვრა 331-ე პუნქტით. იმავე ¹640 ბრძანებულების 611-ე პუნქტით ბრძანებულების 331-ე პუნქტის მოქმედება შეჩერდა 2006 წლის 1 იანვრამდე.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პრეზიდენტის ¹640 ბრძანებულების 331-ე პუნქტით მოხდა უფლების აღიარება ( ნამსახური წლების მიხედვით სამხედრო მოსამსახურეებს მიეცათ ერთჯერადი დახმარების ფულადი სარგოს სახით მიღების უფლება), ხოლო იმავე ბრძანებულების 611-ე პუნქტში ჩაიდო უფლების რეალიზაციის მექანიზმი, რაც იყო იმის საფუძველი, რომ ნორმის შეჩერებით სახელმწიფომ აღიარა მოსარჩელის უფლება ფულადი დახმარების მიღებაზე, ხოლო, რაც შეეხებოდა აღიარებული უფლების რეალიზებას, იგი უკავშირდებოდა დროის შემდგომ პერიოდს, ანუ მოხდა უფლების აღსრულების გადავადება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, «საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის ნოემბრის ¹493 ბრძანებულებას დაემატა 611-ე პუნქტი, რომლითაც ბრძანებულების 331-ე პუნქტის მოქმედება შეჩერდა 2006 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნული 331-ე პუნქტის შეჩერებით კანონმდებელმა დროებით კი არ შეაჩერა ან გადაავადა ამ მუხლით გათვალისწინებული ფულადი თანხებით გაცემის ვალდებულება, არამედ გაათავისუფლა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ ვალდებულების შესრულებისგან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 19 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2009 წლის 26 თებერვლამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2009 წლის 14 მაისს, მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 11 მაისის ¹1272 ბრძანებით გ. ქ-შვილი დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის «გ» ქვეპუნქტის (რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით) თანახმად. საქმეში არსებული გელა ქუშაშვილის ნამსახურობის ნუსხის თანახმად, მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე მსახურობდა 1977 წლიდან დათხოვნის დღემდე _ 29 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს «საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 33-ე პუნქტის «ე» ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, კურსანტებისა და რეზერვიდან ჩარიცხული მსმენელებისა), რომლებიც დათხოვნილი იყვნენ შეიარაღებული ძალების რიგებიდან ავადმყოფობის გამო, ნამსახური წლების (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახური წლებისა) მიხედვით (მათ შორის, ყოფილი სსრკ-სა და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახური წლების ჩათვლით), ეძლეოდათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების შემდეგი ოდენობით _ 20 წელი და მეტი _ თორმეტმაგი ოდენობით.
ზემოხსენებული ბრძანებულების 331-ე პუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, კურსანტებისა და რეზერვიდან ჩარიცხული მსმენელებისა), რომლებიც დათხოვნილი იყვნენ შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახური წლების (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახური წლებისა) მიხედვით (მათ შორის ყოფილი სსრკ-სა და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახური წლების ჩათვლით), ეძლეოდათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების ამ დებულების 33-ე პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ «საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 611-ე პუნქტის თანახმად, ამ ბრძანებულების 331-ე პუნქტის მოქმედება განახლდა 2006 წლის 1 იანვარს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ «საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 331-ე მუხლი, ამოღებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 სექტემბრის ¹531 ბრძანებულებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის 2008 წლის 29 იანვრის ¹81486 ცნობის (ტ. I, ს.ფ. 17) თანახმად, გ. ქ-შვილს მისი 2007 წლის 24 იანვრის განცხადებაზე უარი ეთქვა, კერძოდ, ხსენებულ ცნობაში აღნიშნული იყო, რომ გ. ქ-შვილი დათხოვნილ იქნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 11 მაისი ¹1272 ბრძანებით 2005 წლის 28 აპრილიდან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით (რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით). ამავე ცნობაში მითითებული იყო, რომ აღნიშნული პერიოდისათვის მოქმედებდა ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულება, რომლის 331-ე პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილნი იყვნენ შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, მიეცემოდათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების შემდეგი ოდენობით: ა) 2 წლამდე (მაგრამ არანაკლებ 6 თვისა) _ სამმაგი; ბ) 2-დან 10 წლამდე _ ხუთმაგი, ხოლო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს 10 წლამდე _ ექვსმაგი; გ) 10-დან 15 წლამდე _ რვამაგი; დ) 15-დან 20 წლამდე _ ათმაგი; ე) 20 წელი და მეტი _ თორმეტმაგი.
ამავე ცნობის მიხედვით, ვინაიდან საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან გ. ქ-შვილის დათხოვნა განხორციელდა 2005 წელს, მასზე ზემოაღნიშნული ბრძანებულების 331-ე პუნქტი ვერ გავრცელდებოდა, რადგან აღნიშნული პუნქტის მოქმედება ამავე ბრძანებულების 611-ე პუნქტით 2006 წლის 1 იანვრამდე შეჩერებული იყო. შესაბამისად, 331-ე პუნქტით განსაზღვრული პირობა ვრცელდებოდა მხოლოდ იმ სამართლებრივ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიქმნა 2006 წელს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია გ. ქ-შვილის 2008 წლის 24 იანვრის განცხადება, რომლითაც იგი ითხოვს ერთჯერად (გამოსასვლელ) დახმარებას (ტ. I, ს.ფ. 20).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია მტკიცებულებები იმის თაობაზე მოახდინა თუ არა მოსარჩელემ უფლების რეალიზება ნორმის მოქმედების დროს ადმინისტრაციულ ორგანოში მიმართვის გზით, ხოლო საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ დაადგენს აღნიშნულ გარემოებას საქმეში არსებული წინააღმდეგობრივი ცნობების გამო.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის «გ” და «ე” ქვეპუნქტებისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1” ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება (განჩინება) ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი და სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ, ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, იმსჯელოს სააპელაციო საჩივრის საფუძვლებზე და სრულყოფილად დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რისთვისაც სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.