ბს-1650-1604(კ-08) 22 აპრილი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) – თ. გ-იანი, პ. შ-ძე
დავის საგანი – კვების კომპენსაციის _ 570,94 ლარისა და 413 ლარის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.04.08წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
17.12.07წ. პ. შ-ძემ და თ. გ-იანმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელეებმა მოპასუხისათვის პ. შ-ძის სასარგებლოდ 4018 ლარისა და 99 თეთრის, ხოლო თ. გ-იანის სასარგებლოდ 2286 ლარის დაკისრება მოითხოვეს. 30.01.08წ. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეებმა შეამცირეს სასარჩელო მოთხოვნა. მოსარჩელე პ. შ-ძემ მოითხოვა სახელფასო დავალიანების _ 1446 ლარისა და 99 თეთრის, ხოლო მოსარჩელე თ. გ-იანმა _ 823 ლარის ოდენობით მოპასუხე თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრება.
მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ მუშაობდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილ კადეტთა კორპუსში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 1998-2000 წლებში მათ მიმართ წარმოიშვა სახელფასო დავალიანება, რასაც ადასტურებდა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს 25.10.07წ. ¹1510 და 1511 აქტები, რომელთა მიხედვით პ. შ-ძის მიმართ 1998-2000 წლებში წარმოქმნილი დავალიანება შეადგენს 1446,99 ლარს, ხოლო თ. გ-იანის მიმართ 1999-2000 წლებში წარმოქმნილი დავალიანება შეადგენდა 823 ლარს. მოსარჩელეების მოსაზრებით, მოპასუხე აღიარებდა დავალიანების არსებობას, ვინაიდან მათ განცხადებით მიმართეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვეს დავალიანების გაცემა, რაზეც წერილობით მიიღეს უარი ბიუჯეტიდან სათანადო ასიგნებების გამოყოფის არარსებობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.02.08წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პ. შ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1446 ლარისა და 99 თეთრის, ხოლო თ. გ-იანის სასარგებლოდ _ 823 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.04.08წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 19.11.07წ. ¹9/3785 და ¹9/3788 წერილები წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას შესაბამისი საბიუჯეტო ასიგნებების არსებობის შემთხვევაში, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე, რითაც აღიარებული არის მოპასუხის მხრიდან სახელფასო დავალიანების არსებობა. აღნიშნული კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის კანონისმიერი საფუძველი იყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.04.08წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და პ. შ-ძისა და თ. გ-იანის მიერ სარჩელით მოთხოვნილი თანხების თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა მიუთითა, რომ პ. შ-ძე და თ. გ-იანი სასარჩელო განცხადებით მოითხოვდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრებას. კასატორის მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნა ხელფასის, კვების კომპენსაციის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების ნაწილში ხანდაზმულია, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება სსკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, თუმცა სასამართლოს კანონის ეს ნორმა არ გამოუყენებია. ამასთან, კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქმეში არსებული სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ გაცემული 19.11.07წ. ¹9/3785 და ¹9/3788 ცნობები ვერ ჩაითვლებოდა მოპასუხის მხრიდან ვალის აღიარებად, რადგან მასში არ იყო მითითებული ჯილდოს, კვების კომპენსაციის, მატერიალური დახმარების, ვალის აღიარებისა და მისი გადახდის დაპირებაზე. აღნიშნული ცნობა ინფორმაციული ხასიათისაა და გაცემულია სზაკ-ით დადგენილი ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 11.03.09წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი კვების კომპენსაციის, პ. შ-ძის მიმართ _ 570 ლარისა და 94 თეთრის, ხოლო თ. გ-იანის მიმართ _ 413 ლარის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განხილულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე, საკასაციო საჩივარი პ. შ-ძისა და თ. გ-იანის სასარგებლოდ ხელფასის, მატერიალური დახმარებისა და ჯილდოს ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის პ. შ-ძის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის _ 570 ლარისა და 94 თეთრის და თ. გ-იანის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის _ 413 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; პ. შ-ძისა და თ. გ-იანის სარჩელი კვების კომპენსაციის მოთხოვნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
«სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. «საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის თანახმად, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) თანამდებობრივი სარგოს გარდა მიეკუთვნება აგრეთვე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონით არის გათვალისწინებული. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის პერიოდში, «საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად, იღებს კომპენსაციას სასურსათო უზრუნველყოფის _ ულუფის სახით. კვების კომპენსაცია წარმოადგენს «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 12.3 მუხლით განსაზღვრული სასურსათო ულუფის კომპენსაციას. «საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341 მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება. შესაბამისი წლების სახელმწიფო ბიუჯეტების შესახებ კანონებით აღიარებულია წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ხელფასი განსხვავდება უზრუნველყოფის სახისაგან _ სასურსათო ულუფისაგან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ვინაიდან სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის მიერ მისაღები კომპენსაციის სახეს, ხანდაზულობის გამომრიცხავი კანონმდებლობის ხსენებული ნორმები აღნიშნულ კომპენსაციაზე ვერ გავრცელდება. სამხედრო მოსამსახურეზე სასურსათო ულუფის ან შესაბამისი ფულადი კომპენსაციის გაცემის ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა და ამ ვალდებულების შესრულების მოთხოვნის მიმართ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. აღნიშნული ვადა უნდა აითვალოს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუქცევით. საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელეებს მისაღები აქვთ 1998-2000 წლების კვების კომპენსაცია (ტ. I, ს.ფ. 5-6). ვინაიდან სარჩელის აღძვრის მომენტისათვის (17.12.07წ.) გასული იყო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, მისი მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს 25.10.07წ. ¹1510 და ¹1511 ცნობები, რომლების თანახმად 1998-2000 წწ პერიოდში პ. შ-ძის კუთვნილი კვების კომპენსაციის ოდენობა შეადგენს 570,94 ლარს, ხოლო თ. გ-იანის _ 413 ლარს, არ წარმოადგენს ვალის აღიარებას. ცნობები ინფორმაციულ ხასიათს ატარებს და ადასტურებს არა მოპასუხის მიერ დავალიანების აღიარებას, არამედ ფაქტს იმის შესახებ, თუ რა თანხა ერგებოდათ მოსარჩელეებს. ფაქტის და სარჩელის აღიარება არ არის იდენტური ცნებები, ფაქტის აღიარება არის მტკიცებულება, ხოლო სარჩელის აღიარება არის დისპოზიციური პრინციპიდან გამომდინარე განკარგვითი აქტი, ფაქტის აღიარება არ ნიშნავს სარჩელის აღიარებას. რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 19.11.07წ. წერილებს, ამ წერილებით აღიარებულია სახელფასო დავალიანება, რომლითაც არ არის მოცული კვების კომპენსაცია. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება სამინისტროსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის თანხების დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამინისტროს პ. შ-ძის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 876 ლარი და 05 თეთრი, მათ შორის _ სახელფასო დავალიანება – 591 ლარი და 83 თეთრი, ჯილდო – 205 ლარი და 74 თეთრი, მატერიალური დახმარება – 78 ლარი და 48 თეთრი, თ. გ-იანის სასარგებლოდ _ 410 ლარი, მათ შორის, სახელფასო დავალიანება – 308 ლარი და 96 თეთრი, ჯილდო – 67 ლარი და 36 თეთრი, მატერიალური დახმარება – 33 ლარი და 68 თეთრი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.04.08წ. განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.02.08წ. გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის პ. შ-ძის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის – 570 ლარისა და 94 თეთრის დაკისრების და თ. გ-იანის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის – 413 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. არ დაკმაყოფილდეს პ. შ-ძისა და თ. -იანის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის პ. შ-ძის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის _ 570,94 ლარის და თ. გ-იანის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის _ 413 ლარის დაკისრების ნაწილში;
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.02.08წ. გადაწყვეტილების და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.04.08წ. განჩინების კანონიერ ძალაში შესული ნაწილების გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პ. შ-ძის სასარგებლოდ დაეკისროს 876 ლარი და 5 თეთრი (რვაას სამოცდათექვსმეტი ლარი და ხუთი თეთრი) და თ. გ-იანის სასარგებლოდ დაეკისროს 410 ლარი (ოთხას ათი ლარი);
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.