Facebook Twitter

ბს-1652_1606 (კ-08) 25 თებერვალი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე_ ნ. ჩ-ი

დავის საგანი _ ადმინისტრაციულ_სამართვლებრივი აქტის ბათილად ცნობა და 2005 წლის მიწის გადასახადისაგან გათავისუფლება

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. ჩ-მა 2007 წლის თებერვალში სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თელავის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 3 ნოემბრის 05/504 ბრძანების ბათილად ცნობა, 2006 წლის 21 სექტემბრის ¹717 საგადასახადო მოთხოვნის, 2005 წლის მიწის გადასახადის 1505 ლარის დარიცხვის ნაწილში ბათილად ცნობა, მოპასუხის დავალდებულება ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოახდინოს 35 ჰა მიწის ნაკვეთზე 2005 წლის გადასახადისაგან გათავისუფლება.

თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 21 სექტემბრის ¹717 საგადასახადო მოთხოვნა ნ. ჩ-თვის 2005 წლის 35 ჰა მიწის გადასახადის 1505 ლარის დარიცხვის ნაწილში, 2006 წლის 3 დეკემბრის ბრძანება ¹05/504 და დაევალა მოპასუხე თელავის საგადასახადო ინსპექციას ნ. ჩ-ის 2005 წლის 35 ჰა მიწის გადასახადისაგან გათავისუფლება, რაზედაც უნდა გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოცემულ საქმეზე თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. ჩ-ის სარჩელი თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 21 სექტემბრის ¹717 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია) და მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი ,,ნიადაგების კონსერვაციის და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ”, რომლის 10-ე მუხლი ადგენს, რომ ნიადაგების გამოკვლევის, მათი ნაყოფიერების შენარჩუნება_ამაღლების ღონისძიებები ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა საკუთრებაში არსებულ მიწებზე შემუშავდება და ხორციელდება მათივე სახსრებით, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ან სათანადო ლიცენზიის მქონე ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.