Facebook Twitter

ბს-1658-1612(კ-08) 4 მარტი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – პ. ზ.-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს შ.ს.ს. საპატრულო პოლიციის

დეპარტამენტი (მოპასუხე)

დავის საგანი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2007 წლის 1 აგვისტოს ¹640 პ/შ Bბრძანების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

პ. ზ.-მ 2007 წლის სექტემბერში სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2007 წლის 1 აგვისტოს ¹640 პ/შ ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე პ. ზ.-ს სარჩელი მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და მესამე პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს მიმართ 2007 წლის 1 აგვისტოს ¹640 პ/შ ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული და საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების დროს შესწავლილი არ იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რითაც დარღვეული იქნებოდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე პ. ზ.-ს ქმედება საქართველოს შ.ს.ს. 2003 წლის 7 ივლისის ¹217 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების” მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის «ა» ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას. აღნიშნული წესდების მე-3 მუხლის «თ» ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომისათვის შესაძლებელია შ.ს.ს. ორგანოებიდან დათხოვნა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანება გამოცემულია უფლებამოსილების ფარგლებში და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის წინაპირობები, რის გამოც არ არსებობს თანამდებობიდან განთავისუფლების არაკანონიერად ცნობის საფუძველი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პ. ზ.-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ივნისის განჩინებით პ. ზ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა პ. ზ.-მ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის მოსაზრებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი 2007 წლის 1 აგვისტოს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უფლებამოსილ პირს არ წარმოადგენდა, ვინაიდან «საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხერო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ» საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის ¹303 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე» საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 მაისის ¹768 ბრძანებით შს ორგანოებიდან თანამშრომლის დათხოვნის უფლებამოსილება მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრის პრეროგატივაა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ პ. ზ.-ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნლოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას პ. ზ.-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული პ. ზ.-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ივნისის განჩინებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.