Facebook Twitter

¹ბს-1659-1613(კ-08წ) 17 მარტი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა: ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

გ. ილინას მდივნობით

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ა. ა.-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი _ კვების (ულუფის) კომპენსაციის ანაზღაურება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ა. ა.-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება /იხ.ს.ფ. 1-11/.

საქმის გარემოებები:

ა. ა.-ი მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შს სამმართველოში, საიდანაც გათავისუფლდა 2005 წელს. მოსარჩელის განმარტებით, მისი სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მასთან ანგარიშსწორება არ მომხდარა. ქ. თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს 2007 წლის 20 ივნისის წერილის მიხედვით, მისი სახელფასო დავალიანება შეადგენდა 1105 ლარს.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი:

მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანების ანგარიშსწორება არ მომხდარა, რის გამოც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს მის მიმართ გააჩნია დავალიანება.

სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები მითითებული არ არის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. ა.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს დაევალა მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების – 1105 ლარის გადახდა, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

საქალაქო სასამართლომ გამოიყენა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონი და განმარტა, რომ მოცემული კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს. ამავე კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება ჰქონდა, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე, მიეღო შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). გარდა ამისა, მითითებული კანონის მე-14 მუხლის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდებოდა ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, მუშას ან მოსამსახურეს, მისი დათხოვნისას, საწარმოსაგან, დაწესებულებისაგან, ორგანიზაციისაგან კუთვნილი მთელი თანხა ეძლეოდა დათხოვნის დღეს.

საქალაქო სასამართლოს დასკვნით, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელე ა. ა.-ის მოთხოვნა მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მიმართ კანონიერი იყო და ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას. ამასთან, მოსარჩელე ითხოვდა თანხას, რომელიც წარმოადგენდა მის მიერ მოპასუხე ორგანიზაციაში შესრულებული სამსახურებრივი საქმიანობის ანაზღაურებას, რაზეც მოპასუხეს უარი არასოდეს განუცხადებია, ამავე დროს, ასანაზღაურებელ თანხას, როგორც დავალიანებას, აღიარებდა და აფიქსირებდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან კრედიტორულ დავალიანებად /იხ.ს.ფ. 30-32/.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარმა სამმართველომ, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:

აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იყო უკანონო. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ცნობით, რომელშიც არ იყო მოცემული დარიცხული თანხების კლასიფიკაცია მათი სახეებისა და პერიოდულობის მიხედვით, რის შედეგადაც მოხდა მოსარჩელისათვის არა მხოლოდ სახელფასო თანხის ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილება, არამედ კვების ულუფის ნაწილშიც, რაც არასწორი იყო. გარდა ამისა, პირველ ინსტანციაში წარდგენილ სასარჩელო განცხადებაში მითითებული სამართლებრივი საფუძვლები არ შეიძლებოდა გამხდარიყო მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლის თანახმად, ხელფასი შედგებოდა თანამდებობრივი სარგოსა და წოდების დანამატისაგან. კვების ულუფა და წელთა ნამსახურობის დანამატი წარმოადგენდა დამატებით კომპონენტებს ხელფასზე, რაც, ამავდროულად, წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, ვინაიდან საჯარო სამსახურში მათი გაცემა ხდებოდა გარკვეული პერიოდულობით, როგორც წესი, თვის ბოლოს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129.2 მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობოდა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისაგან, წარმოადგენდა სამ წელს, შესაბამისად, დავის საგნის მიმართ უნდა გავრცელებულიყო სსკ-ის 129.2 მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყებოდა მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლებოდა დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. დავის საგნის შემთხვევაში, მოთხოვნის უფლება პირს წარმოეშობოდა იმ მომენტიდან, როცა მას უნდა მიეღო ხელფასი, მაგრამ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, არ მიუღია /იხ.ს.ფ. 36-41/.

სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 19 ნოემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად იქნა დატოვებული საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

მოსარჩელე მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოში. ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მის მიმართ გააჩნდა სახელფასო დავალიანება.

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა «პოლიციის შესახებ» კანონის 31-ე მუხლი და განმარტა, რომ კვების კომპენსაცია პოლიციელის ხელფასის შემადგენელ კომპონენტად მოიაზრებოდა, რის გამოც ამ გასაცემელზე არ ვრცელდებოდა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 134I მუხლის მოქმედება /იხ.ს.ფ. 22-27/.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარმა სამმართველომ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელი და არასრულია, იგი გამოტანილია კანონის დარღვევით, საქმის სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებათა სრულყოფილი შეფასების გარეშე, რის გამოც იგი ექვემდებარება გაუქმებას. პირველ ინსტანციაში წარდგენილ სასარჩელო განცხადებაში მითითებული სამართლებრივი საფუძვლები არ შეიძლებოდა გამხდარიყო მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლის თანახმად, ხელფასი შედგებოდა თანამდებობრივი სარგოსა და წოდების დანამატისაგან. კვების ულუფა და წელთა ნამსახურობის დანამატი წარმოადგენდა დამატებით კომპონენტებს ხელფასზე, რაც, ამავდროულად, წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, ვინაიდან საჯარო სამსახურში მათი გაცემა ხდებოდა გარკვეული პერიოდულობით, როგორც წესი, თვის ბოლოს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129.2 მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობოდა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისაგან, წარმოადგენდა სამ წელს, შესაბამისად, დავის საგნის მიმართ უნდა გავრცელებულიყო სსკ-ის 129.2 მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყებოდა მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლებოდა დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. დავის საგნის შემთხვევაში, მოთხოვნის უფლება პირს წარმოეშობოდა იმ მომენტიდან, როცა მას უნდა მიეღო, მაგრამ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ მიუღია. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე ა. ა.-ს მოთხოვნის წარმოშობის მომენტი დაიწყო 1998 წელს და 3 წლის გასვლის გამო, იგი ხანდაზმულად უნდა ყოფილიყო მიჩნეული /იხ.ს.ფ. 31-34/.

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით მიღებულ 2009 წლის 10 თებერვლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი მოსარჩელისათვის კვების (ულუფის) კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. «ბ» პუნქტის საფუძველზე /დივერგენტული კასაცია/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, განსახილველად დაშვებულ ნაწილში საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, ამავე ნაწილში გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება კვების (ულუფის) კომპენსაციის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ა. ა-ის სარჩელი 1998-200 წლის კვების (ულუფის) კომპენსაციის _ 708 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს, ხოლო 2003 წლის კვების (ულუფის) კომპენსაციის _ 59 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 10 თებერვლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი მოსარჩელისათვის კვების (ულუფის) კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში იქნა დასაშვებად მიჩნეული, ამდენად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს ა ა.-თვის მხოლოდ კვების (ულუფის) კომპენსაციის თანხის ანაზღაურების საფუძვლიანობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2007 წლის 20 ივნისის ¹27/8/4-ა/3 ცნობით დადგენილია, რომ ა. ა.-ის სახელფასო დავალიანება შეადგენს 1105,38 ლარს: 1998 წლის _ VII_XI _ 385.70, 1999 წლის _ X-XII 248,99 ლარს, 2000 წლის _ III-VI 363.44 ლარს (ს.ფ. 12, ტ. I). საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს 2008 წლის 17 სექტემბრის ¹27/7/3-4105 ცნობით დაზუსტებულია, რომ ა. ა.-ის მიმართ დარიცხული დავალიანება შეადგენს 1362 ლარს (ს.ფ. 25, ტ. I).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოსთან და «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა საჯარო მოხელეს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე აღნიშნული კანონის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციის, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. იმავე კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქციით «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებდა, რომ პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებდა ყოველთვიურ ხელფასს, რომელიც შეიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისთვის დადგენილ განაკვეთს, წელთა ნამსახურობის დანამატს, რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებული იყო; დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშობისთვის, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისთვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს. ასეთივე დანაწესს შეიცავდა მოსარჩელის სახელფასო დავალიანების წარმოშობის დროს მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების» 55-ე მუხლი, რომლის პირველი აბზაცით დადგენილი იყო, რომ პოლიციაში სამსახურისათვის თანამშრომელი იღებდა ხელფასს, რომელიც შეიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას (თუ იგი ნატურით არ ეძლეოდათ), რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებული იყო, დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებსა და კომპენსაციებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქციით «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის, ისევე როგორც «საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის შესახებ დებულების» შესაბამისი ნორმებით დადგენილი იყო, რომ პოლიციელის ხელფასი მოიცავდა არა მარტო თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, არამედ _ ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას და სხვა. თუმცა 2000 წლის 28 ივნისის ¹413 კანონით «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით, ხსენებული კანონის 31-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის თანახმად, ხელფასი მოიცავდა მხოლოდ თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო არ არის ის გარემოება, რომ ა. ა.-ის წინაშე სახელფასო დავალიანება მოპასუხეს წარმოეშვა 1998, 1999, 2000 და 2003 წლებში და დღეისათვის მოსარჩელე დავობს სწორედ ამ პერიოდში წარმოშობილ და შეუსრულებელ ვალდებულებებზე. 1998, 1999, 2000 წლის კვების (ულუფის) კომპენსაციის დავალიანება მოპასუხეს წარმოეშვა «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლის ძველი რედაქციის მოქმედების პირობებში, რომლის დროსაც ხელფასში გათვალისწინებული იყო არა მხოლოდ თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილი განაკვეთი, არამედ _ ნამსახურობის დანამატი, სასურსათო ულუფის ღირებულება და სხვა, ხოლო 2003 წლის კვების (ულუფის) კომპენსაციის დავალიანება მოპასუხეს წარმოეშვა «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლში 2000 წლის 28 ივნისის ¹413 კანონით განხორციელებული ცვლილების შემდეგ, რომელთა შედეგადაც პოლიციის თანამშრომლის ხელფასის ცნება მოიცავდა მხოლოდ თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. უდავოა, რომ «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის, აგრეთვე «საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების» არც ერთი მუხლი არ შეიცავს დათქმას ახალი რედაქციის ნორმებისათვის უკუძალის მინიჭების თაობაზე. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების შესაბამისი მუხლების ახალი რედაქცია ძველ ურთიერთობებზე არ უნდა გავრცელდეს, რადგან კანონის ახალ ნორმას არ აქვს მინიჭებული უკუქმედების ძალა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ა. ა.-ის სარჩელიდან გამომდინარე დავის გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა იქნეს ის სამართლებრივი ნორმები (იმ რედაქციის სამართლებრივი ნორმები), რომელთა მოქმედების დროსაც წარმოიშვა სახელფასო დავალიანება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) თანახმად, დადგენილია და შესაბამისად აღიარებულია, რომ 2005 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე კუთვნილი თანხის გაცემა (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული კომპენსაციისა) უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად, ხოლო 2006 წლის 29 დეკემბერს მიღებულ იქნა «საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონი, რომლის მე-9 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ასევე აღირებს წინა წლებში წარმოქმნილ ფაქტობრივ დავალიანებებს და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შესაძლებლობა მიეცათ, ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, გამოიყენონ ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებები არსებული დავალიანებების დასაფარავად. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უკანონოდ მიიჩნევს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებას, მოსარჩელის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების, რომელშიც 2000 წლის 28 ივნისამდე გათვალისწინებული იყო კვების (ულუფის) კომპენსაცია, ანაზღაურებაზე უარს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე და 331-ე მუხლების თანახმად, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1998, 1999 და 2000 წლების კვების (ულუფის) კომპენსაცია _ 708 ლარის ოდენობით.

2003 წლის კვების (ულუფის) კომპენსაციის მოპასუხისათვის ა. ა.-ის სასარგებლოდ დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლი, 2000 წლის 28 ივნისის ¹413 კანონით განხორციელებული ცვლილების შედეგად, პოლიციის თანამშრომლის ხელფასის ცნებაში გულისხმობდა მხოლოდ თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კვების (ულუფის) კომპენსაციის თანხა 2000 წლის 28 ივნისის შემდეგ მოქმედი რედაქციის «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატს არ წარმოადგენს და იგი ხელფასისაგან დამოუკიდებელი ფულადი გასაცემელია, რომელზეც ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კვების (ულუფის) კომპენსაცია წარმოადგენს «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით რეგლამენტირებულ სასურსათო ულუფას. აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის (2007 წლის 11 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ამდენად, პოლიციის თანამშრომელი სამსახურის პერიოდში «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლით გათვალისწინებულ შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად, ღებულობდა კომპენსაციას სასურსათო უზრუნველყოფის _ ულუფისა და სანივთე უზრუნველყოფის _ ფორმის ტანსაცმლის სახით. «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის გარდამავალი ნორმის შემცველი 1341-ე მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ იგი არ ეხება საჯარო მოსამსახურისათვის კომპენსაციის ანაზღაურებას ამ მუხლით დადგენილი წესით. კვების (ულუფის) კომპენსაცია წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ამასთან, ხელფასი განსხვავდება უზრუნველყოფის სახისაგან _ კვების (ულუფის) კომპენსაციისაგან, რაც განსხვავებულადაა მოწესრიგებული «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341-ე მუხლში. ამდენად, ვინაიდან კვების (ულუფის) კომპენსაცია წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის მიერ მისაღები კომპენსაციის სახეს, ზემოაღნიშნული გარდამავალი ნორმა («საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341-ე მუხლი) აღნიშნულ კომპენსაციაზე არ ვრცელდება. შესაბამისად, ხელფასისაგან განსხვავებით, კვების (ულუფის) დავალიანების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ათვლილ უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «მ» ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე, საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის, ამა თუ იმ პირზე გაცემული ცნობა, რომელიც შეიცავს პირის მიმართ ამ ორგანოს დავალიანების შესახებ ინფორმაციას, წარმოადგენს ამავე ორგანოში დაცულ და მის მიერ ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში კანონით დადგენილი წესით გაცემულ საჯარო ინფორმაციას.

რაც შეეხება ვალის აღიარების საკითხს, საკასაციო სასამართლო განმარტავს: იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი განხილულ იქნეს ამ ორგანოს მიერ ვალის აღიარებად, მასში პირდაპირ, ნათლად და გარკვევით უნდა იყოს გამოხატული ადმინისტრაციული ორგანოს ნება ვალის გადახდის თაობაზე, ამასთან, იგი აუცილებლად უნდა შეიცავდეს ამავე ორგანოს მხრიდან ვალის გადახდის დაპირების ელემენტს, რომ ადმინისტრაციული ორგანო მომავალში დაუბრუნდება ამ საკითხს და/ან აანაზღაურებს დავალიანებას.

აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2003 წლების კვების (ულუფის) კომპენსაციის თანხის _ 59 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულია, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს კი არ უღიარებია მოსარჩელის წინაშე კვების (ულუფის) კომპენსაციის დავალიანება.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისათვის 2003 წლის კვების (ულუფის) კომპენსაციის თანხის ანაზღაურების ნაწილში არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც გათვალისწინებულია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა და არასწორად განმარტა «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლი. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის განჩინება კვების (ულუფის) კომპენსაციის თანხის ა. ა.-ის სასარგებლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსათვის დაკისრების ნაწილში გაუქმდეს და ამავე ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ა.-ის სარჩელი 1998, 1999 და 2000 წლების კვების (ულუფის) კომპენსაციის _ 767 ლარის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსათვის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდება, ხოლო 2003 წლის კვების (ულუფის) კომპენსაციის _ 59 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაშვებულ _ კვების (ულუფის) კომპენსაციის ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის განჩინება ა. ა.-ის სასარგებლოდ კვების (ულუფის) კომპენსაციის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსათვის დაკისრების ნაწილში გაუქმდეს და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ა. ა.-ის სარჩელი 1998, 1999 და 2000 წლების კვების (ულუფის) კომპენსაციის _ 767 ლარის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსათვის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს, ხოლო 2003 წლის კვების (ულუფის) კომპენსაციის _ 59 ლარის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსათვის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.