¹ბს-166-160(კ-09) 30 ივლისი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი
კასატორი _ აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო; წარმომადგენელი – თამილა გაბაიძე
მოწინააღმდეგე მხარე - ს. შ-ძე
მესამე პირი – პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ნოემბერის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, დასაქმების შესახებ ბრძანების გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 10 მაისს ს. შ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და დასაქმების შესახებ ბრძანების გამოცემის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2005 წლის 25 ივლისს გამოცხადებულ კონკურსში გამოცდის წარმატებით ჩაბარების შედეგად, მინისტრის 2005 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებით ჩაირიცხა საჯარო მოხელეთა რეზერვში და 2006 წლის 1 აგვისტოდან დაინიშნა სასოფლო-სამეურნეო წარმოების მომსახურების დეპარტამენტის .... აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ა/რ მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის ¹32 დადგენილების საფუძველზე მინისტრის 2007 წლის 10 აპრილის ბრძანებით დამტკიცდა 27 საშტატო ერთეული და სამინისტროში სტრუქტურული ცვლილებების შედეგად გაუქმდა რამდენიმე სტრუქტურული ქვედანაყოფი, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო წარმოება-მომსახურების დეპარტამენტი, რომელშიც მუშაობდა მოსარჩელე .... სამინისტროში ნაცვლად გაუქმებული ქვედანაყოფისა, შეიქმნა ორი ახალი _ ადმინისტრაციული და სოფლის მეურნეობის განვითარებისა და რეფორმების დეპარტამენტი, ხოლო სულ დამტკიცდა ოთხი დეპარტამენტი. სტრუქტურული ცვლილებების განხორციელების უზრუნველსაყოფად მინისტრის მიერ გამოიცა პერსონალურად თითოეული მოხელის მიმართ ბრძანება დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, მათ შორის, 2007 წლის 10 აპრილის ბრძანება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
მოსარჩელის მითითებით, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 10 აპრილის ¹01-06/20 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს საშტატო ნუსხის მიხედვით, საჯარო მოხელეთა დანიშვნის დროს უხეშად დაირღვა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 29-ე, 30-ე, 77-ე, 113-ე და 118-ე მუხლების მოთხოვნები, რადგან მოსარჩელე, როგორც განყოფილების გამგის რანგში კონკურსგავლილი, ორი უმაღლესი განათლებით, სწავლული აგრონომისა და ეკონომისტის კვალიფიკაციის მქონე, სოფლის მეურნეობაში მუშაობის 28-წლიანი სტაჟით, სარგებლობდა შტატების შემცირების დროს სამუშაოზე უპირატესი დარჩენის უფლებით. აღნიშნულის მიუხედავად, თანამდებობაზე დაინიშნა გამოცდების ჩაუბარებლად სათანადო კვალიფიკაციის არმქონე პირები.
მოსარჩელის მითითებით, შტატების შემცირებასთან დაკავშირებით მინისტრის 2007 წლის 10 აპრილის ¹01-06/20 ბრძანების თანახმად დამტკიცებულ სამინისტროს, საშტატო ნუსხის თანახმად, დაემატა 2 მძღოლის საშტატო ერთეული და ნაცვლად 18 საჯარო მოხელისა, სამუშაოდან გათავისუფლდა 20 სპეციალისტი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 10 აპრილის ¹07-01/39 ბრძანების ბათილად ცნობას, დ. ბ-შვილის, დ. ჯ-იასა და თ. შ-ულის თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 10 აპრილის ¹07-01/76, ¹07-01/69 და ¹07-01/68 ბრძანებების ბათილად ცნობასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 25 მაისის განჩინებით ს. შ-ძის სარჩელი აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან 2007 წლის 10 აპრილის ¹07-01/39 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად, ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 10 აპრილის ¹07-01/76, ¹07-01/69 და ¹07-01/68 ბრძანებების ბათილად ცნობის ნაწილში _ დაუშვებლად და ამ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ს. შ-ძემ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 25 მაისის განჩინების გაუქმება სასარჩელო მოთხოვნის დაუშვებლად ცნობისა და საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივლისის განჩინებით ს. შ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 25 მაისის განჩინება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 სექტემბრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანება.
საქალაქო სასამართლოში საქმის წარმოების დროს მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და იმ მოტივით, რომ აღარ არსებობდა ის თანამდებობა, სადაც მოსარჩელე მუშაობდა, სამუშაოზე აღდგენის ნაცვლად მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება მისი დასაქმების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით ს. შ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. შ-ძე აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 11 ოქტომბრის ¹01-06/91 ბრძანებით ჩაირიცხა საჯარო მოხელეთა რეზერვში, ხოლო 2006 წლის 1 აგვისტოდან დაინიშნა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო წარმოების მომსახურების დეპარტამენტის .... აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ა/რ მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის ¹32 დადგენილების საფუძველზე სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 10 აპრილის ¹01-06/20 ბრძანებით დამტკიცდა აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საშტატო ნუსხა, რომლის თანახმადაც ნაცვლად 45 საშტატო ერთეულისა, დამტკიცდა 27 საშტატო ერთეული და სამინისტროში სტრუქტურული ცვლილებების შედეგად გაუქმდა რამდენიმე სტრუქტურული ქვედანაყოფი, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო წარმოების მომსახურების დეპარტამენტი, რომელშიც მუშაობდა მოსარჩელე .... ახალი საშტატო ნუსხისა და დებულების შესაბამისად, სამინისტროში რეორგანიზაციის შემდეგ შეიქმნა 4 ახალი _ ადმინისტრაციული, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და რეფორმის, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებისა და იურიდიული დეპარტამენტი.
საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება იმის თაობაზე, რომ რეორგანიზაციის შემდეგ გაუქმდა შტატით გათვალისწინებული ის თანამდებობა, რომელზედაც მუშაობდა მოსარჩელე, კერძოდ, გაუქმდა სასოფლო-სამეურნეო წარმოების დეპარტამენტი და ამ დეპარტამენტში არსებული საშტატო ერთეულებიც, ხოლო რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა ახალი დეპარტამენტები, რომლებმაც შეიძინეს, განსხვავებული და გაზრდილი ფუნქციები. ამდენად, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რეორგანიზაციამდე არსებულ დეპარტამენტებს და მასში არსებულ შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებს არანაირი საერთო არ აქვს ახალი საშტატო ნუსხით დამტკიცებულ დეპარტამენტებთან და მასში არსებულ თანამდებობებთან. შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96.2 მუხლის თანახმად, ახალი საშტატო განრიგით მანამდე არსებული ფუნქციების მქონე სხვა თანამდებობის გათვალისწინება ნიშნავს არა მანამდე არსებული თანამდებობის შენარჩუნებას, არამედ შესაბამისი ფუნქციების მქონე ახალი თანამდებობის შემოღებას.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობა ამგვარ შეღავათს არ ითვალისწინებს, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა უპირატესი უფლების გამოყენების თაობაზე უსაფუძვლოა.
საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ასევე მოსარჩელის მოთხოვნა ახალი აქტის გამოცემის თაობაზე მოპასუხის დავალდებულების შესახებ. სასამართლოს მითითებით, მართალია, მოსარჩელემ მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს 2007 წლის 13 აპრილს მისი სამინისტროში დასაქმების მიზნით, მაგრამ მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის წერილით მას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნულზე საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 21-ე მუხლის თანახმად, მოხელე სამუშაოზე მიიღება დანიშვნით ან არჩევით, ამავე კანონის 22-ე მუხლის თანახმად, თანამდებობაზე პირის დანიშვნის უფლება აქვს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს ან მის მიერ ამისათვის უფლებამოსილ მოხელეს. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოხელის სამუშაოზე მიღება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის დისკრეციულ უფლებამოსილებას.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. შ-ძემ.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, არ იმსჯელა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 72-73-ე, 75-ე, 98-99-ე მუხლებისა და «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 113-ე მუხლის «ბ» და «გ» პუნქტების მოთხოვნებზე. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ სამინისტროს დებულების შესაბამისად, რეორგანიზაციის შემდეგ შეიქმნა ახალი, განსხვავებული, გაზრდილი ფუნქციები და რეორგანიზაციამდე არსებულ დეპარტამენტებში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებს არანაირი საერთო არა აქვს ახალი საშტატო ნუსხით დამტკიცებულ დეპარტამენტებთან და მასში არსებულ თანამდებობებთან. საქმეში წარმოდგენილი აჭარის ა/რ მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის ¹32 დადგენილების თანახმად, რომლითაც დამტკიცდა სამინისტროს დებულება და საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრა 27 საშტატო ერთეულით, რაც დაკავშირებულია 45 საშტატო ერთეულის 27 საშტატო ერთეულით შემცირებასთან და საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება სამინისტროს რეორგანიზაციის შესახებ. ამასთან, არ არის წარმოდგენილი სამინისტროს საშტატო რიცხოვნობის შემცირებამდე არსებული სამინისტროს დებულება, რომლითაც შესაძლებელი გახდებოდა სასამართლოს დადგენილად ეცნო ძველსა და ახალ დებულებას შორის რა განსხვავებული და გაზრდილი ფუნქციები იქნა შეძენილი.
აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლომ არ იხელმძღვანელა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 113-ე მუხლის «ბ» და «გ» პუნქტებით.
აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 10 აპრილის ¹01-06/20 ბრძანებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს საშტატო ნუსხის დამტკიცების შემდეგ წარმოიშვა ორი ვაკანსია, მაგრამ არ მოხდა მათზე რეზერვში რიცხული პირების დანიშვნა. ასევე საქალაქო სასამართლომ არ იმსჯელა მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების დროს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 72-73-ე, 75-ე, 98-99-ე მუხლების დარღვევაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. შ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება, ს. შ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 10 აპრილის ¹07-01/39 ბრძანების პირველი პუნქტი ს. შ-ძის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო წარმოების მომსახურების დეპარტამენტის ... თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ხოლო იძულებითი განაცდურისა და სამუშაოზე დანიშვნის მოთხოვნის ნაწილში აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დავალდებულების შესახებ ს. შ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და ს. შ-ძემ.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას ნაწილობრივ და ახალი გადაწყვეტილებით ს. შ-ძის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
მეორე კასატორი - ს. შ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას სამუშაოზე მიღებასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ივლისის განჩინებით აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ს. შ-ძის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს. შ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ს. შ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 10 აპრილის ¹07-01/39 ბრძანება ს. შ-ძის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ; აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა ქ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან და მისი მხარისათვის გადაცემიდან ერთი თვის ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევა-შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დავის საგნიდან გამომდინარე _ ს. შ-ძის სამსახურიდან განთავისუფლების, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის - ხელფასის ანაზღაურების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტი ს. შ-ძე აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2005 წლის 25 ივლისს გამოცხადებულ კონკურსში გამოცდის წარმატებით ჩაბარების შედეგად, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 11 ოქტომბრის ¹01-06/91 ბრძანებით ჩაირიცხა საჯარო მოხელეთა რეზერვში და 2006 წლის 1 აგვისტოდან დაინიშნა სასოფლო-სამეურნეო წარმოების მომსახურების დეპარტამენტის ....
აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ა/რ მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის ¹32 დადგენილების საფუძველზე აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 10 აპრილის ბრძანებით დამტკიცდა 27 საშტატო ერთეული და სამინისტროში სტრუქტურული ცვლილებების შედეგად გაუქმდა რამდენიმე სტრუქტურული ქვედანაყოფი, მათ შორის, სასაფლო-სამეურნეო წარმოება-მომსახურების დეპარტამენტი, რომელშიც მოსარჩელე ... მუშაობდა. სამინისტროში ნაცვლად გაუქმებული ქვედანაყოფისა, შეიქმნა ორი ახალი _ ადმინისტრაციული და სოფლის მეურნეობის განვითარებისა და რეფორმების დეპარტამენტი, ხოლო სულ დამტკიცდა ოთხი ახალი დეპარტამენტი, კერძოდ, ადმინისტრაციული დეპარტამენტი, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და რეფორმების დეპარტამენტი, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშებისა და იურიდიული დეპარტამენტი.
აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფუნქციები დარჩა იგივე ანუ რეორგანიზაციამდე არსებული 8 სტრუქტურული ქვედანაყოფის ფუნქციები გადანაწილდა ახლად შექმნილ დეპარტამენტებს შორის.
აჭარის ა/რ მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის ¹32 დადგენილებით დამტკიცდა სამინისტროს ახალი დებულება, საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრა 27 ერთეულით. აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 10 აპრილის ¹01-06/20 ბრძანებით დამტკიცდა აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს საშტატო ნუსხა. მინისტრის ამავე თარიღის ¹07-01/39 ბრძანების შესაბამისად «საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 93-ე, 97-ე მუხლების, «აჭარის ა/რ მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ აჭარის ა/რ კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის «ე’’ ქვეპუნქტის, «აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ა/რ მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის ¹32 დადგენილებისა და «აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 10 აპრილის ¹01-06/20 ბრძანების თანახმად «2007 წლის 10 აპრილიდან განთავისუფლდა სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო წარმოების მომსახურების დეპარტამენტის ... ს. შ-ძე დაკავებული თანამდებობიდან’’. სამინისტროში ამ დროისათვის დაინიშნა 25 პირი და ვაკანტური დარჩა ადმინისტრაციულ დეპარტამენტში მინისტრის თანაშემწისა და მძღოლის თანამდებობა.
ს. შ-ძე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 108-ე მუხლის თანახმად, ერთი თვით ადრე ეცნობა შტატების შემცირების გამო სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოსალოდნელი შტატების შემცირებასთან დაკავშირებით «საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად ადმინისტრაციულმა ორგანომ განახორციელა მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, რაც გამოიხატა ამავე კანონის 108-ე მუხლის საფუძველზე საჯარო მომსახურებისათვის შტატების შემცირების გამო სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ერთი თვით ადრე ცნობით. ამ ვადის ამოწურვისთანავე 2007 წლის 10 აპრილიდან სამინისტროს მოხელეები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან. იმავე დღეს 2007 წლის 10 აპრილს ახლად დამტკიცებული საშტატო ნუსხიდან 25 თანამდებობაზე დაინიშნენ მოხელეები და ვაკანტური დარჩა ორი, მინისტრის თანაშემწისა და მძღოლის თანამდებობა. ს. შ-ძე თანამდებობაზე დანიშნულთა რიცხვში არ მოხვდა. მისთვის დარჩენილი ორი ვაკანტური თანამდებობიდან არცერთი არ შეუთავაზებიათ.
სააპელაციო პალატის განმარტებით, საყურადღებოა იმ გარემოებების გამოკვლევა, ადმინისტრაციულმა ორგანომ ს. შ-ძის გათავისუფლებისას და ცვლილებების შედეგად შექმნილ დეპარტამენტში მოსარჩელის დასაქმებაზე უარის თქმისას, მისცა თუ არა ობიექტური შეფასება მის პროფესიონალიზმსა და კომპეტენტურობის ხარისხს.
საქმის მასალებით დადასტურდა, რომ მოსარჩელე ს. შ-ძის სამუშაოდან გათავისუფლებისა და შემდგომ სამსახურში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება არ ჩატარებულა, რითაც დაირღვა საქართველოს ზაკ-ის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მოთხოვნები, რამეთუ ადმინისტრაციული წესით გამოკვლევა საშუალებას მისცემდა ადმინისტრაციულ ორგანოს გამოეკვლია და შეეფასებინა ის არსებითი გარემოებები, რომლებიც უშუალო კავშირშია მის პროფესიონალიზმსა და კომპეტენტურობასთან.
ასევე საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ახლად დამტკიცებული ნუსხის მიხედვით დასანიშნ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადებული არ იყო. ს. შ-ძე 2005 წლის 27-28 აგვისტოსა და 3-4 სექტემბერს სამინისტროში ჩატარებულ კონკურსში ჩაირიცხა საჯარო მოხელეთა რეზერვში «სოფლის მეურნეობის პროდუქტების მარკეტინგის განვითარების განყოფილებაში განყოფილების უფროსის თანამდებობაზე’’. ამის შემდეგ ს.შ-ძე დაინიშნა ... და განხორციელებული ცვლილებების შედეგად გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან. მოხელეთა ახლად დანიშვნებში ს. შ-ძე ვერ მოხვდა, სამინისტროში საკონკურსო საატესტაციო კომისია არ ჩამოყალიბდა და ს. შ-ძის ძალისხმება ჩარიცხულიყო რეზერვში არ განხორციელდა.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, «საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 113-ე მუხლის «გ’’ ქვეპუნქტის თანახმად «სამსახურიდან განთავისუფლებული პირებისათვის სამსახურის ახალი ადგილის გამოძებნა-არის მოხელეთა რეზერვის ერთერთი მიზანი’’, ამავე კანონის 115-ე მუხლის «ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად რეზერვში ირიცხება : მოხელე, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს დაწესებულების ლიკვიდაციის, შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუნარიანობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ს. შ-ძის კონკურსში მონაწილეობა, რეზერვში ჩარიცხვა და თანამდებობაზე დანიშვნა, რასაც მოჰყვა მისი განთავისუფლება შტატების შემცირების გამო, შემდგომ თანამდებობაზე არ დანიშვნა და საკონკურსო საატესტაციო კომისიის არ არსებობის გამო რეზერვში ჩარიცხვის განცხადების განუხილველობა, გამოწვეულ იქნა იმ გარემოებებით, რომ არ მოხდა ს. შ-ძის სამუშაოზე მოწყობის საკითხზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება.
2007 წლის 10 აპრილს სამინისტროს მოხელეთა გათავისუფლება და იმავე დღეს 27-დან 25 ვაკანტურ ადგილზე მოხელეთა დანიშვნამ, განხორციელდა ერთპიროვნულად, რამაც გამოიწვია «საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის «დ’’, «ე’’ ქვეპუნქტების, 29-ე, 30-ე, 31-ე, 113-118-ე მუხლების გაუთვალისწინებლობა, რამაც განაპირობა, საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობის, პროფესიონალიზმის, კომპეტენტურობის, კონკურსში გავლილ პირთა თანამდებობაზე დანიშვნის გაუთვალისწინებლობა და რეზერვში ჩარიცხვის უფლების იგნორირება.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ დავა პირობითად შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად, პირველი - განთავისუფლების ნაწილი და მეორე დანიშვნის ნაწილი. რაც შეეხება განთავისუფლების თაობაზე მინისტრის მიერ მიღებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებას, კასატორის განმარტებით, «აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ» აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2004 წლის 17 აგვისტოს ¹14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ» აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 6 მარტის ¹28 დადგენილებით სამინისტროს საშტატო რიცხოვნობა შემცირდა და ნაცვლად 45 განისაზღვრა 27 საშტატო ერთეული. «აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ» აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის ¹32 დადგენილებით დამტკიცდა სამინისტროს ახალი დებულება, საშტატო რიცხოვნობა დარჩა იგივე, ანუ 27 და გაუქმდა სამინისტროს რიგი სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათ შორის ის დეპარტამენტი (შესაბამისად, ის თანამდებობა) სადაც მოსარჩელე იყო დასაქმებული.
ვინაიდან რეორგანიზაციისას, რომელსაც თან მოჰყვა შტატების 40%-იანი შემცირება, გაუქმდა სამინისტროში არსებული თითქმის ყველა ქვედადანაყოფი და თანამდებობა, შეიქმნა ახალი ფუნქციების მქონე სტრუქტურული ქვედანაყოფები, სრულიად ახალი თანამდებობებით.
შტატების შემცირებასთან დაკავშირებით (შტატები შემცირდა აჭარის არ მთავრობის სამართლებრივი აქტით – 2007 წლის 6 მარტის ¹28 დადგენილებით) სამინისტროს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრებოდა ვალდებულება გამოცა ინდივიდუალური ადმინიტსრაციულ-სამართლებრივი აქტები შტატების შემცირებისა და რეორგანიზაციის გამო თანამშრომლების დაკავებული – ანუ უკვე გაუქმებული თანამდებობიდან თანამშრომელთა გათავისუფლების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის «კ» ქვეპუნქტის თანახმად, «ადმინისტრაციული წარმოება – არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით». შესაბამისად, სამინისტრომ განახორციელა ადმინისტრაციული წარმოება შტატების შემცირებისა და რეორგანიზაციის გამო მოსალოდნელ განთავისუფლებასთან დაკავშირებით, კერძოდ ეცნობათ დაინტერესებულ პირებს – სამინისტროს საჯარო მოხელეებს მათი შესაძლო გათავისუფლების თაობაზე სამინისტროში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებასთან დაკავშირებით. რაც გამოიხატა მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე გაფრთხილებით. სამინისტროს მიზანი იყო ადმინისტრაციული წარმოება ჩაეტარებინა არა შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, რაზეც არასწორად მიუთითებს და არასწორად განმარტავს სააპელაციო სასამართლო, რომ სამინისტროში მოსალოდნელი შტატების შემცირებასთან დაკავშირებით «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 108-ე მუხლის შესაბამისად, სამინისტრომ განახორციელა მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს მოხელის გაფრთხილებას არა მოსალოდნელი შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, არამედ მოხელის გაფრთხილებას გათავისუფლების შესახებ შტატების შემცირებისა თუ სხვა საფუძვლით. შტატების შემცირება განხორციელდა აჭარის ა/რ მთავრობის სამართლებრივი აქტით და შესაბამისად მთავრობის მიერ გამოსაცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით სწორედ მთავრობა განახორციელებდა კანონით გათვალისწინებული წესით ადმინისტრაციულ წარმოებას. გამომდინარე აქედან, მთავრობის მიერ შტატების შემცირების შემდეგ, სამინისტრო ვერ განახორციელებდა შტატების შემცირებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ წარმოებას, მითუფრო, რომ ეს მის უფლებამოსილებას აღემატებოდა.
კასატორის მითითებით, ადმინისტრაციული წარმოების მიზანს წარმოადგენს ის გარემოება, რომ დაინტერესებულ მხარეს ეცნობოს იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს დაინტერესებული მხარის სამართლებრივი მდგომარეობა, რითაც მას მიეცემა საშუალება ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინოს თავისი მოსაზრებები და მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც, ასევე საქმის გარემოებების გამოკვლევისა და საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება. ამდენად, სამინისტროს მიერ ჩატარდა მარტივი ადმინისტრაციული წარმოება მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მას მიეცა კანონით გათვალისწინებული ყველა შესაძლებლობა წარმოედგინა დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები სამინისტროში, რაც არ განხორციელებულა. თუმცა აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ მოსარჩელეს არც სასამართლოში წარმოუდგენია რაიმე ახალი მტკიცებულება, რომელიც მის პირად საქმეში არ ინახებოდა, ანუ სამინისტროსათვის ცნობილი არ იყო და რომელიც გავლენას მოახდენდა მინისტრის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე. «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 93-ე მუხლის თანახმად, მოხელე სამსახურიდან შეიძლება გაათავისუფლოს იმ პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც მისი სამსახურში მიღების უფლება აქვს. შესაბამისად, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გათვალისწინებით თანამდებობიდან გათავისუფლდა ყველა ის საჯარო მოსამსახურე, რომლის თანამდებობაც გაუქმდა.
ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სახელმწიფო დაწესებულების ახალი საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მოხელეთა დანიშვნა ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთგამომდინარე პროცესია ამავე დაწესებულებაში ახალი საშტაო ნუსხის დამტკიცებამდე დასაქმებულ მოხელეთა გათავისუფლებასთან, რამდენადაც ახალ საშტატო ერთეულზე თანამშრომელი ისე ვერ დაინიშნება, თუკი არ გათავისუფლდა ძველ საშტატო ერთეულზე დასაქმებული თანამშრომელი. ამდენად, ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც დანიშნულიყო მოსარჩელე სამინისტროში ახალი საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, გაუქმებული თანამდებობიდან მისი გათავისუფლების თაობაზე ბრძანების მიღება მინისტრის ვალდებულებას წარმოადგენდა, როგორც ეს განხორციელდა ყველა სხვა თანამშრომლის შემთხვევაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 611 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, «ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის სხვა მოთხოვნები», აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 10 აპრილის ¹07-01/39 ბრძანება მიღებულია კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. აღნიშნული აქტი აკმაყოფილებს კანონიერი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისათვის დადგენილ, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების ელემენტებს. რაც გამოიხატება შემდეგში: ა) აქტის მიმღებ ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნდა ამ აქტის გამოცემის უფლებამოსილება; ბ) აქტის გამოცემისას დაცულია ადმინისტრაციული წარმოების სახე და წესები; გ) აქტი წერილობითი ფორმისაა და შეიცავს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ რეკვიზიტებს; დ) აქტს გააჩნია დასაბუთება; ე) აქტი შეესაბამება მოქმედ კანონებსა და სამართლის პრინციპებს; ვ) აქტის გამოცემისას დაცულია თანაზომიერების პრინციპი.
კასატორის განმატებით, სზაკ 611 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე (კოლეგიურ სხდომაზე) ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებულ იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება».
ამ კონკრენტულ შემთხვევაში, კასატორის მითითებით, გადაწყვეტილება მიიღება მინისტრის მიერ ერთპიროვნულად, შესაბამისად ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას 32-ე და 34-ე მუხლების დარღვევას ადგილი არ ექნება. ასევე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფორმალური და საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე გამოიცემა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით, ანუ ამ შემთხვევაში უნდა ჩატარებულიყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული ბრძანების გამოცემისას დაცული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრციული კოდექსის მოთხოვნები.
ხოლო, რაც შეეხება სამსახურში დანიშვნის საკითხს, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, მოხელე სამუშაოზე მიიღება დანიშვნით ან არჩევით, ამავე კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, კი თანამდებობაზე პირის დანიშვნის უფლება აქვს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს ან მის მიერ ამისათვის უფლებამოსილ მოხელეს. ამდენად, მოხელის სამუშაოზე მიღება წარმოადგენს დაწესებულების ხელმძღვანელის დისკრეციულ უფლებამოსილებას. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებული დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფაგლებში და ეს უნდა განხორციელდეს საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით. რაც მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა კიდეც საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე და ყველა თანამშრომელზე სამინისტროში არსებული პირადი საქმეების გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებებიდან შერჩეულ იქნა ყველაზე მისაღები გადაწყვეტილებები.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ რეორგანიზაციის შემდეგ სამინისტროში არსებულ თანამდებობებზე დანიშვნა განხორციელდა სამინისტროს ყოფილი საჯარო მოსამსახურეებისაგან ანუ არც ერთი ახალი თანამშრომელი არ დანიშნულა არსებულ საშტატო ერთეულებზე, რაც მოწმობს ხელმძღვანელის დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებას.
ამასთან, კასატორის განმარტებით, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ იმ შემთხვევაში თუ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში, სამინისტროს მიერ მისი აღსრულება იქნება შეუძლებელი. ვინაიდან, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის ფაქტი, რომ სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა მანამდე არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათ შორის ის დეპარტამენტიც, რომელშიც მოსარჩელე იყო დასაქმებული და შეიქმნა ორი ახალი დეპარტამენტი და რომ რეორგანიზაციამდე არსებული რვა ქვედანაყოფის ფუნქციები გადანაწილდა ოთხ დეპარტამენტს შორის.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომიდნარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილადაა ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2005 წლის 25 ივლისს გამოცხადებულ კონკურსში, გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, ს. შ-ძე აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 11 ოქტომბრის ¹01-06/91 ბრძანებით ჩაირიცხა საჯარო მოხელეთა რეზერვში და 2006 წლის 01 აგვისტოდან დაინიშნა სასოფლო-სამეურნეო წარმოების მომსახურების დეპარტამენტის წამყვან სპეციალისტად.
«აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ» აჭარის ა/რ მთავრობის 2004 წლის 17 აგვისტოს ¹14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ» აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 6 მარტის ¹28 დადგენილებით სამინისტროს საშტატო რიცხოვნობა შემცირდა და ნაცვლად 45 საშტატო ერთეულისა განისაზღვრა 27 საშტატო ერთეულით.
«აჭარის ა/რ მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის ¹32 დადგენილებით დამტკიცებული სამინისტროს ახალი დებულებით, საშტატო რიცხოვნობა დარჩა კვლავ 27 ერთეული და გაუქმდა სამინისტროს რიგი სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათ შორის ის დეპარტამენტი რომელშიც ს. შ-ძე მუშაობდა.
აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2007 წლის 10 აპრილის ¹07-01/39 ბრძანებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 93-ე და 97-ე მუხლების, «აჭარის ა/რ მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» აჭარის ა/რ კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის «ე» ქვეპუნქტის, «აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ» აჭარის ა/რ მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის ¹32 დადგენილებისა და «აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ» აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 10 აპრილის ¹01-06/20 ბრძანების შესაბამისად, ს. შ-ძე გათავისუფლდა სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო წარმოების მომსახურების დეპარტამენტის ... თანამდებობიდან.
საქმეზე ასევე დადგენილადაა ცნობილი, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 108-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეებს ეცნობათ შტატების შემცირების გამო სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან გასაჩივრებული აქტის გამოცემის პროცესში საქართველოს ზაკ-ის მე-601 მუხლის მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია წინააღმდეგობრივია და ეფუძნება ნორმის არასწორ განმარტებას.
საქართველოს ზაკ-ის მე-601 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
«საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 93-ე მუხლის თანახმად, მოხელე სამსახურიდან შეიძლება გაათავისუფლოს იმ პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც მისი სამსახურში მიღების უფლება აქვს. წინამდებარე შემთხვევაში ს. შანთაძის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ ერთპიროვნულად, შესაბამისად გასაჩივრებული აქტის მიღებისას ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე-34-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევას.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფორმალური და საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე გამოიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით. ამდენად, წინამდებარე შემთხვევაში სადავო აქტი გამოცემული უნდა ყოფილიყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. საგულისხმოა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მარტივი ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების ფაქტს ადასტურებს სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
რაც შეეხება თანამშრომელთა შერჩევის კრიტერიუმებს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლოს მხრიდან არასწორადაა გაგებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითება.
საქართველოს უზენაესი სასამართლო კვლავაც ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რაიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოსათვის მინიჭებული დისკრეცია არ გამორიცხავს სასამართლოს კონტროლს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაზე – და ეს კონტროლი დაყვანილი არ უნდა იყოს ფორმალურ ნიშნამდე.
«საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონი ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებას მოახდინოს თანამშრომელთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინისა და ა.შ. ადექვატური, ობიექტური შეფასება. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია არ ნიშნავს ობიექტურობის კრიტერიუმის გამორიცხვას და ადმინისტრაციული ორგანოს თვითნებობას.
საკასაციო სასამართლო დისკრეციის ფარგლების დარღვევად და საქმის გარემოებების არასრულყოფილ გამოკვლევად ვერ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მითითებას მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ მუშაობის უფრო ნაკლები სტაჟის მქონე პირს ს. შ-ძესთან მიმართებაში მიენიჭა სამსახურში დანიშვნის უპირატესი უფლება.
საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ რეორგანიზაციის შემდეგ სამინისტროში არსებულ თანამდებობებზე დანიშნენ სამინისტროში მომუშავე საჯარო მოსამსახურეები. ს. შ-ძის მხრიდან საქმეში წარმოდგენილი არ არის არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სამინისტროში გარეშე მე-3 პირების მიღების ფაქტს. შესაბამისად ამ პირობებში უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მითითება სამინისტროში კონკურსგაუვლელი პირების მიღების თაობაზე. რაც შეეხება დარჩენილ ვაკანსიას მინისტრის თანაშემწის თანამდებობას – მითითებულ თანამდებობაზე (რაზეც ს. შ-ძე აპელირებდა) ასევე დაინიშნა სამინისტროს თანამშრომელი ანუ ფაქტობრივად მოხდა სამსახურებრივი გადაადგილება და არა სხვა პირის სამსახურში თანამდებობაზე მიღება. ხოლო რაც შეეხება მუშაობის სტაჟს, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მარტოოდენ აღნიშნული ვერ იქცევა პირის კვალიფიკაციის განმსაზღვრელ კრიტერიუმად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმეში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა სამინისტროში დასაქმებული რომელიმე თანამშრომლის კვალიფიკაციას თუ მისთვის უკანონო უპირატესობის მინიჭებაში ეჭვის შეტანის საფუძველს. ხოლო რაც შეეხება ს. შ-ძის, მისი მხრიდან წარმოდგენილი არ არის არცერთი დოკუმენტი, რომელიც გააქარწყლებდა კასატორის მხრიდან წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
რაც შეეხება გასაჩივრებული აქტის ბათილობას მატერიალური კანონიერების თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს რომ ასევე არ არსებობს ამ მოტივით აქტის გაუქმების საფუძველი.
«საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 97-ე მუხლის შესაბამისად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებული თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას.
საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ რეორგანიზაციის შედეგად სამინისტროში 45 საშტატო ერთეულიდან დატოვებულ იქნა 27 საშტატო ერთეული. ამდენად, სამინისტროში ადგილი ჰქონდა რეორგანიზაციას შტატების შემცირებით, რაც ზემოაღნიშნული მუხლისა და ამავე კანონის 96-ე მუხლში 2006 წლის 1 იანვრიდან განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, იძლევა თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების უპირობო საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის 601 მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძველი, ამასთან საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის არამართებული გამოყენებისა და განმარტების შედეგად მიიღო არასწორი გადაწყვეტილება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. ს. შ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.