Facebook Twitter
ბს-1664-1618(კ-08)

ბს-1664-1618(კ-08) 29 ივლისი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა

კასატორი _ თ. ჩ-ელი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (მოპასუხე)

დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თ. ტ-ძემ 2005 წლის სექტემბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს, მოპასუხე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ და მოითხოვა, ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის აქტი ფორმა-ტ-1-ის გამოცემის დავალება 2002 წლის 2 ივნისს ¹35 საარჩევნო ოლქში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, ასევე ყოველთვიური სარჩოს დანიშვნა, მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურება და ხუთი წლის თანამდებობრივი სარგოს მოპასუხეზე დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 3 იანვრის განჩინებით საქმეში აწ გარდაცვლილი თ. ტ-ძის უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა მისი მეუღლე თ. ჩ-ელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 მაისის განჩინებით საქმეში მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჩაბმულ იქნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ასევე ამავე განჩინებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის თანახმად, თ. ჩ-ელის სასარჩელო განცხადება, მოპასუხე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ, სარჩოს დანიშვნისა და ზიანის ანაზღაურების ნაწილში, გამოიყო ცალკე წარმოებად და შეჩერდა მოპასუხის მიერ ფორმა «ტ-1» გაცემის შესახებ, სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (ტ I ს.ფ. 331).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით თ. ტ-ძის უფლებამონაცვლე თ. ჩ-ელის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაევალა თ. ტ-ძის მიმართ, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის აქტის _ «ფორმა ტ-1-ის» გაცემა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება; თ. ტ-ძის უფლებამონაცვლე თ. ჩ-ელს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის, შიდა ქართლსა და ცხინვალის მხარეში შრომის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის 2005 წლის 17 ოქტომბრის დასკვნა, უბედური შემთხვევის შესახებ არ არსებობდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შესაბამისად არ არსებობდა აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილაური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის, შიდა ქართლსა და ცხინვალის მხარეში შრომის Mმთავარი სახელმწიფო ინსპექტორის 2005 წლის 17 ოქტომბრის დასკვნა, უბედური შემთხვევის შესახებ, გაუქმებული იქნა ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თ. ჩ-ელმა და მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის მოსაზრებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შიდა ქართლსა და ცხინვალის მხარეში შრომის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის 2005 წლის 17 ოქტომბრის დასკვნა არ გაუქმებულა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ; კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე აქტის ბათილობას ახდენს აქტის მიმღები, ზემდგომი ორგანო ან სასამართლო, ხოლო 61-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მის ძალადაკარგულად გამოცხადებას – აქტის გამომცემი ორგანო. კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ არ მომხდარა ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად სადავო აქტის გაუქმება.

კასატორის თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2006 წლის 25 მაისის ¹1-07/08/4421 წერილი, რადგან იგი ადმინისტრაციული აქტი არ არის და არ შეიცავს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შიდა ქართლისა და ცხინვალის მხარეში შრომის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის 2005 წლის 17 ოქტომბრის დასკვნის გაუქმების შესახებ. კასატორი მიუთითებს დასახელებული წერილის პირველ აბზაცზე, რომლის თანახმადაც, შრომისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი მიუთითებს არა დასკვნის ბათილობის ან ძალადაკარგულად ცნობის შესახებ, არამედ ალბათობის მაღალი ხარისხით თვლის, რომ დასკვნა “შეიძლება ჩაითვალოს გაუქმებულად», რაც კასატორის აზრით, აქტის გაუქმების გადაწყვეტილებას არ ნიშნავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ თ. ჩ-ელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თ. ტ-ძე 2002 წლის 1 მარტიდან 3 ივნისამდე მუშაობდა ქ. ... ¹35-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ (ტ.I ს.ფ. 12). თ. ტ-ძე გარდაიცვალა 2006 წლის 2 აგვისტოს; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 3 იანვრის განჩინებით მოსარჩელე აწ. გარდაცვლილი თ. ტ-ძის უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა თ. ჩ-ელი.

შიდა ქართლის რეგიონის შრომის მთავარმა სახელმწიფო ინსპექტორმა 2005 წლის 17 ოქტომბერს შედგენილ უბედური შემთხვევის შესახებ დასკვნაში მიუთითა, რომ 2002 წლის 2 ივნისს ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის არჩევნების დღეს, ქ. ... ¹35 საოლქო საარჩევნო კომისიაში მუშაობა მიმდინარეობდა დაძაბულ ნერვიულ ფონზე, რაც გამოწვეული იყო აღნიშნულ კომისიაში ბიულეტინების დაგვიანებით მიწოდების გამო. რიგ უბნებში არჩევნების ჩაშლით. აღნიშნულ ვითარებაში თ. ტ-ძემ მიიღო ნერვიული გადატვირთვა, გახდა ცუდად და დაკარგა გონება. მას ადგილზე აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება. დაესვა დიაგნოზი: რეაქტიული მდგომარეობა ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისფუნქცია. მკურნალობის მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც მთლიანად დაკარგა შრომის უნარი. ამ დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ქ. ... ¹35-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ 2002 წლის 2 ივნისს მომხდარი უბედური შემთხვევა გამოიწვია არჩევნების არაორგანიზებულობით შექმნილმა სტრესულმა მდგომარეობამ. საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან დარღვეული იქნა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 139-ე მუხლის მოთხოვნები; ასევე იმავე კოდექსის 154-ე და 155-ე მუხლები, რადგან ადმინისტრაციამ არ მოახდინა უბედური შემთხვევის გამო შესაბამისი რეაგირება. მოცემული დასკვნის თანახმად, ადმინისტრაციას დაევალა შეედგინა თ. ტ-ძის მიმართ სამსახურებრივი მოვალეობის დროს მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ აქტი ტ-1 ამ დასკვნის შესაბამისად (ტ.I.ს.ფ.112-113).

სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსის 2006 წლის 25 მაისის წერილზე (ტ.I.ს.ფ.257); ამ წერილში აღნიშნულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ყოფილი შრომის ინსპექციის, შიდა ქართლისა და ცხინვალის მხარეში ყოფილი შრომის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის მ. ყ-შვილის 2005 წლის 17 ოქტომბერს შედგენილი დასკვნა უბედური შემთხვევის შესახებ შეიძლება ჩაითვალოს გაუქმებულად, რადგან დასკვნაში ჩამოყალიბებული შრომის კანონთა კოდექსის 139-, 154-ე და 155-ე მუხლები არ იქნა გაზიარებული. იმავე წერილში ყურადღება გამახვილებულია იმ გარემოებაზე, რომ მოსამართლე ტ. ტ-ძემ დაადგინა, რომ ადმინისტრაციული საქმე ¹3/122-06, მოსარჩელე თ. ტ-ძის სასარჩელო განცხადების გამო, მოპასუხე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ, ქმედების განხორციელების შესახებ, დაუშვებლობის გამო შეწყდა წარმოებით.

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსის 2006 წლის 25 მაისის @¹01-07/08/4421 წერილი არ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს კონკრეტულ გადაწყვეტილებას შიდა ქართლის რეგიონის შრომის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის 2005 წლის 17 ოქტომბრის დასკვნის გაუქმების შესახებ; საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია ამ წერილის საფუძვლად მითითებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე ¹3/1224-06, მოსარჩელე თ. ტ-ძის სასარჩელო განცხადების გამო, მოპასუხე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ, ქმედების განხორციელების შესახებ, დაუშვებლობის გამო შეწყდა წარმოებით (ტ.I. სფ. 103-104); მაგრამ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ იმავე სასამართლოს 2006 წლის 8 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე თ. ტ-ძის წარმომადგენლის თ. ჩ-ელის კერძო საჩივარი; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 იანვრის განჩინება საქმეზე ¹3/1224-06; მოსარჩელე თ. ტ-ძის სასარჩელო განცხადება, მოპასუხე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ, ქმედების განხორციელების შესახებ, დასაშვებად იქნა ცნობილი (ტ.I. სფ. 131-132).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ იმ გარემოებებს, რომლითაც უარი ეთქვა თ. ჩ-ელს სარჩელის დაკმაყოფილებაზე; საქმის მასალებით არ დასტურდება შიდა ქართლის რეგიონის შრომის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის 2005 წლის 17 ოქტომბრის დასკვნის კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გაუქმება.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმის ხელახალი განხილვისას უნდა გამოარკვიოს, არსებობდა თუ არა მიზეზობრივი კავშირი თ. ტ-ძის ჯანმრთელობის მოშლას, გარდაცვალებასა და 2002 წლის ივნისში საარჩევნო ოლქში მომხდარ ინციდენტს შორის; რისთვისაც სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა; ამ ნორმის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის Mმნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1" ქვეპუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ჩ-ელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.