ბს-1665-1619(კ-08) 2 ივნისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ჟ. ზ-ძე
დავის საგანი _ სასამართლოსგარეშე ხარჯის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 26 დეკემბერს ჟ. ზ-ძემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო «დასავლეთის» მიმართ და მოითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურების დაკისრება 800 ლარის ოდენობით შემდეგი საფუძვლით:
საქმის გარემოებები:
2007 წლის 17 მარტს სარფის საბაჟო პუნქტზე მოსარჩელის მიმართ მებაჟის მიერ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ¹000761, რომლითაც იგი დაჯარიმდა 2000 ლარით. სამართალდარღვევის ოქმი ჟ. ზ-ძემ გაასაჩივრა საჩივრით საბაჟო «დასავლეთის» უფროსთან და მოითხოვა უკანონოდ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება. 2007 წლის 10 აპრილის საბაჟო «დასავლეთის» მიერ საბაჟო შეტყობინებით (¹601/501/07) დადასტურდა ჟ. ზ-ძის ვალდებულება 2000 ლარიანი საჯარიმო სანქციის გადახდის თაობაზე. სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით ჟ. ზ-ძემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. ამავე სასამართლოს 2007 წლის 29 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ჟ. ზ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და საბაჟო შეტყობინება.
ზემოაღნიშნული სასამართლო პროცესის განხორციელებაში ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებულების შესაბამისად, მოსარჩელეს იურიდიულ დახმარებას უწევდა ადვოკატი შ. ჯ-ძე. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის შემდეგ ადვოკატს ჟ. ზ-ძემ გადაუხადა 800 ლარი, შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო «დასავლეთის» მითითებული ქმედებების შედეგად, მას და მის ოჯახს მიადგა მატერიალური ზარალი, რის გამოც სსსკ-ის 53.1, 53.2 მუხლების შესაბამისად, მოითხოვა ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 1-2).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 2 აპრილის განჩინებით ადმინიტრაციული საქმის წარმოება შეჩერდა ჟ. ზ-ძის სარჩელის გამო საქართველოს ფინანსთA სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო «დასავლეთის» მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, ადმინიტრაციული საქმის განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ჟ. ზ-ძის სარჩელისა გამო საქართველოს ფინანსთA სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო «დასავლეთი»-ს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ (იხ. ს.ფ. 43-44).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 9 ივნისის განჩინებით ჟ. ზ-ძის სარჩელის გამო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო «დასავლეთის» მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე აღძრული ადმინიტრაციული საქმის წარმოება განახლდა (იხ. ს.ფ. 49).
ჟ. ზ-ძის სარჩელი მოპასუხემ არ ცნო იმ მოტივით, რომ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურდება დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით. ჟ. ზ-ძის სარჩელზე საქართველოს ფინანსთA სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო «დასავლეთის» მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ დავის საგნის ღირებულება 2000 ლარს შეადგენდა, რის გამოც მოსარჩელეს შეეძლო მოეთხოვა მხოლოდ 80 ლარი (იხ. ს.ფ. 56).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით ჟ. ზ-ძის სარჩელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე მხარეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 200 ლარის გადახდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე ჟ. ზ-ძეს უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 17 მარტს სარფის საბაჟო პუნქტზე გადმოსვლისას საბაჟო წესების დარღვევასთან დაკავშირებით მოსარჩელე ჟ. ზ-ძის მიმართ მებაჟემ შეადგინა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ის საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო დარღვევისათვის დაჯარიმდა 2000 ლარით. ჟ. ზ-ძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში აღძრა სარჩელი და მოითხოვა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმისა და 2007 წლის 10 აპრილის სანქციის დარიცხვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით მისი სარჩელი დაკმაყოფილდ, რაც უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით. მოსარჩელე ჟ. ზ-ძეს საადვოკატო მომსახურებას უწევდა ადვოკატი შ. ჯ-ძე, რომელსაც მან იურიდიული მომსახურებისათვის გადაუხადა 800 ლარი.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები სასამართლოს გარეშე გაწეულ პროცესის ხარჯებს წარმოადგენს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაღებულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ამავე კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4%-მდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2000 ლარამდე.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ჟ. ზ-ძის მიერ აღძრული სარჩელი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმისა და 2007 წლის 10 აპრილის საბაჟო სანქციის დარიცხვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ წარმოადგენდა არაქონებრივ დავას, წარმოქმნილს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობიდან. შესაბამისად, ასეთი კატეგორიის საქმეზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული წესის შესაბამისად, ადვოკატის ხარჯის ანაზღაურება შეიძლება განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2000 ლარამდე.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული ნორმის გათვალისწინებით, მოსარჩელეს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობა უნდა განისაზღვროს 200 ლარით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ვალდებულება წარმოიშობა კანონით გათვალისწინებული საფუძვლებიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ჟ. ზ-ძის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო, რამდენადაც მოპასუხის ვალდებულება ადვოკატის ხარჯების ანაზღაურებაზე კანონით არის გათვალისწინებული (იხ. ს.ფ. 60-62).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რეგიონალურმა ცენტრმა და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:
აპელანტმა არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა სასამართლოს წარმოებაში არსებული დავის არაქონებრივად მიჩნევის შესახებ და მიიჩნია, რომ დავა მიმდინარეობდა ადმინიტრაციული აქტის ბათილობის მოთხოვნით და სასამართლო სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გამოსულიყო იმ სადავო თანხის ღირებულებიდან, რომელიც მათსა და მოსარჩელეს შორის სადავო იყო, საბაჟო სამართალდარღვევის ჯარიმის თანხიდან ანუ 2000 ლარიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ხოლო სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებშიც კი მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავის საგნის ღირებულების 4%-მდე ოდენობით, მოცემულ შემთხვევაში კი 80 ლარის ოდენობით (იხ. ს.ფ. 66-75).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბათუმის რეგიონალური ცენტრის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება, ჟ. ზ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ბათუმის რეგიონალურ ცენტრს დაეკისრა ჟ. ზ-ძის სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი 80 ლარის ოდენობით, რაც სააპელაციო სასამართლომ შემდეგნაირად დაასაბუთა:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1, 47.2 მუხლებით და მიუთითა, რომ ჟ. ზ-ძე ითხოვდა ადვოკატისათვის გაწეული იმ ხარჯის ანაზღაურებას, რომლიც მან გასწია სასამართლოში დავის განხილვისას, რომელიც ეხებოდა სამართალდარღვევის გამო დარიცხული ჯარიმის 2000 ლარის დაკისრების შესახებ შედგენილი ოქმის ბათილად ცნობას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელებზე განისაზღვრება გადახდილი თანხით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან დავის საგნის ფასი შეადგენდა 2000 ლარს, აპელანტს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტიდან და 53-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, უნდა დაკისრებოდა ადვოკატის ხარჯის ანაზღაურება 2000 ლარის 4%-ის ოდენობით, რამაც მოცემულ შემთხვევაში შეადგინა 80 ლარი (იხ. ს.ფ. 96-99).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რეგიონალურმა ცენტრმა და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:
კასატორი მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება მიღებულია კანონის არასწორი განმარტებით და ინტერპრეტაციით, როდესაც მოსარჩელე ჟ. ზ-ძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, სასარჩელო მოთხოვნა დააყენა საბაჟო გამშვები პუნქტის «სარფის» მებაჟის მიერ შედგენილ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმზე და მას სხვა მოთხოვნა არ ჰქონია, სადავოდ არ გაუხდია ადვოკატის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯები და მასთან გაფორმებული ხელშეკრულება იურიდიული მომსახურეობისათვის, ანუ როდესაც მან სარჩელი შეიტანა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-178-ე მუხლების შესაბამისად მისი სასარჩელო მოთხოვნა იყო სგპ «სარფი» მებაჟის მიერ შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, შესაბამისად არ დაუყენებია ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების გადახდევინება. კასატორი მიუთითებს, რომ ისინი არ იზიარებენ იმ აზრს, რომ ჟ. ზ-ძეს სასრჩელო მოთხოვნა ადვოკატის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში მათი მხრიდან მოთხოვნა იქნებოდა საქართველოს ადმინისტრაციოული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად შემოსავლების სამსახურის ჩართვის თაობაზე, ვინაიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრის ¹54 ბრძანების შესაბამისად ბათუმის რეგიონალური ცენტრი წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინიტროს შემოსავლების სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს და არის ცენტრალიზებული სისტემა და ცენტრზე დაკისრებული ხარჯები შესაბამისად აისახებოდა შემოსავლების სამსახურის ინტერესებზე.
Aამდენად, კასატორმა მოითხოვა მთლიანად გაუქმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 31 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებისა და მოსარჩელე ჟ. ზ-ძის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 105-113).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინიტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 17 მარტის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინიტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, მიჩნეულ იქნა დასაშვებად (129-133).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლა-გაანალიზებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ჟ. ზ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა იგი, გადაწყვეტილება სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, რაც სსსკ-ის 393.2 მუხლის «ა», «გ» ქვეპუნქტებისა და 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოტივი _ განსახილველ დავაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლით განსაზღვრული სასამართლო ხარჯების განაწილების კანონიერების თაობაზე, რამაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით შექმნა აბსოლუტური კასაციის წანამძღვრები, არის საგულისხმო და განსაკუთრებული, რამაც მოცემულ საქმეს მიანიჭა სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანი საქმის სტატუსი, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული საპროცესო ნორმის საფუძველზე გამოუყენებელ საპროცესო უფლებაზე სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას, ანუ საპროცესო უფლების მატერიალურ უფლებასთან გათანაბრების სამართლებრივი შესაძლებლობის დაშვება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია და შეიცავს საფუძვლიან არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისას სადავო სამართალურთიერთობისათვის არ შეუფარდებია არც ერთი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა და მხოლოდ საპროცესო ნორმებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება, რაც სსსკ-ის 393.1 მუხლის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი წინაპირობა, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიხედვით სარჩელი /დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების მატერიალურ-სამართლებრივი დაცვის საშუალება/ შედგება ორი ელემენტისაგან _ სარჩელის საგნისა და საფუძვლისაგან. სარჩელის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა მოპასუხის მიმართ, ანუ სარჩელის საგანია სადავო სამართალურთიერთობა, მოსარჩელის უფლება, რომლის შესახებაც ის მოითხოვს გადაწყვეტილების გამოტანას სასამართლოს მიერ. შესაბამისად, სარჩელის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი და არა ამ მოთხოვნის მატერიალური ობიექტი. სარჩელის საფუძველი თავის მხრივ ორი ელემენტისაგან შედგება, სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლისაგან, ამასთან, სარჩელის საფუძველი არის ის ფაქტები, რომელთა არსებობა განაპირობებს მოთხოვნის საფუძვლიანობას და რომლებსაც მატერიალური სამართლის ნორმა უკავშირებს სადავო სამართალურთიერთობის სუბიექტების უფლება-მოვალებების წარმოშობას, შეცვლას და შეწყვეტას.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის V თავის ნორმების საფუძველზე განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სამართალწარმოებისათვის გაღებული ხარჯების, ოდენობის, მათი ანაზღაურების წესსა და პირობებს.
პროცესის ხარჯები, რომელიც შედგება სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯებისაგან, წარმოადგენს მხარეთა მიერ მატერიალური უფლებების დასაცავად (აღსადგენად, მოსაპოვებლად) გაწეულ ხარჯებს, რაც შესაძლებელია ანაზღაურდეს სარჩელზე დამდგარი იურიდიული შედეგის შესაბამისად და პროპორციულად, როგორც პროცესუალური მოთხოვნა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო ხარჯების ანაზღაურება, ისევე, როგორც საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ყველა სხვა პროცესუალური მოთხოვნა არ შეიძლება წარმოადგენდეს სარჩელის, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის დამოუკიდებელ ობიექტს, ვინაიდან სარჩელი აღიძვრის იმ უფლებათა დასაცავად, რომლებიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და განმტკიცებულია მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობით. საპროცესო სამართალი განსაზღვრავს იმ საპროცესო უფლებების კლასიფიკაციას და მათით სარგებლობის პირობებს, რომლებიც აუცილებელია მატერიალურ-სამართლებრივი უფლებების ეფექტიანად დაცვის უზრუნველსაყოფად.
საპროცესო ხარჯების ანაზღაურება დასაშვები და შესაძლებელია როგორც მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის თანამდევი პროცესუალურ-სამართლებრივი მოთხოვნა, პირველის გარეშე იგი არ შეიძლება დამოუკიდებლად არსებობდეს. პროცესუალურ-სამართლებრივი მოთხოვნები წარმოიშობა და ქრება მატერიალურ-სამართლებრივ მოთხოვნასთან ერთად. საპროცესო-სამართლებრივი მოთხოვნები სასამართლოს წარედგინება არა სარჩელის (მატერიალური მოთხოვნა), არამედ შუამდგომლობის ფორმით, რამდენადაც საპროცესო სამართლის ნორმები ადგენს (აწესრიგებს) არა მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობებს, არამედ, პროცედურულ წესებს, რომელთა ეფექტიანი და კვალიფიციური გამოყენებით, ე.ი. საპროცესო უფლებების მეშვეობით მიიღწევა მატერიალური უფლებების დაცვა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის წარდგენა (აღძვრა) არის სასამართლოსადმი მიმართვა კონკრეტული, მოსარჩელის მიხედულებით, სუბიექტური უფლების ან კანონით დაცული ინტერესის დასაცავად, ხოლო პროცესის ხარჯების გადანაწილების მოთხოვნა გამომდინარეობს სარჩელთან დაკავშირებული სამართალწარმოების სხვადასხვა სტადიაზე გაღებული ხარჯების ანაზღაურების პროცესუალური შესაძლებლობიდან, კერძოდ, პროცესის ხარჯები არის სწორედ სარჩელთან დაკავშირებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები (სასამართლო ხარჯები) და ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი, მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე, მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები (სასამართლოსგარეშე ხარჯები).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯების დაკისრება დაინტერესებულ პირებზე მიზნად ისახავს: ანაზღაურდეს დანახარჯი, რომელსაც გაიღებს სახელმწიფო მართლმსაჯულების განხორციელებასთან დაკავშირებით.
სასამართლო ხარჯების განაწილება ასევე ემსახურება მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა დისციპლინირებულობის უზრუნველყოფას, მაგ. დაუსაბუთებელი მიმართვების, ასევე ვალდებულებათა შესრულების თავიდან აცილება, რაც აფრთხილებს მხარეს მოსალოდნელი ხარჯების დაკისრების თაობაზე.
სასარჩელო წარმოებაში ხარჯებს გაიღებს მხარე, რომლის მიზეზითაც სასამართლოს მოუწია კონფლიქტის (დავის) გადაწყვეტა. ეს შეიძლება იყოს მოპასუხე (სარჩელის დაკმაყოფილების), ან მოსარჩელე (სარჩელის დაუკმაყოფილებლობის პირობებში), სასამართლოს გარეშე ხარჯები განეკუთვნება დამატებით დანახარჯებს, რომელსაც გაიღებს მხარე, მათ შორის ადვოკატის ხარჯებს, რომლებსაც სასამართლო გადაანაწილებს გონივრულ ფარგლებში (სსსკ-ის 53.1 მუხლი).
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ჟ. ზ-ძეს, რომელმაც სასამართლო დავა მოუგო მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს და ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული (იხ. ს.ფ. 9-20), სარჩელის განხილვისას არ აღუძრავს მოთხოვნა პროცესის ხარჯების განაწილების თაობაზე, არც ერთი ინსტანციის სასამართლოში.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ჟ. ზ-ძე, რომელმაც თავისდროულად არ ისარგებლა საპროცესო უფლებით, სარჩელთან _ მატერიალურ-სამართლებრივ მოთხოვნასთან ერთად წარედგინა თანამდევი საპროცესო-სამართლებრივი მოთხოვნა, არ გააჩნია იურიდიული საფუძველი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოგვარებულ სასამართლო დავაზე გაღებული ხარჯების ანაზღაურებაზე დამოუკიდებელი სარჩელის წარდგენისა, იგი ვერ იქნება მოთხოვნის დამოუკიდებელი საფუძველი, რამდენადაც სახეზეა არა სადავო მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, არამედ, დასრულებულ სამართალწარმოებაში გამოუყენებელი საპროცესო უფლების მატერიალური შინაარსის უფლებად წარმოსახვის მცდელობა, რისი შესაძლებლობა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი არ არის და სავსებით ლოგიკურად, ვინაიდან სასამართლო დავაზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე ქარწყლდება ყველა საპროცესო უფლება, რომლითაც მხარეებს შეეძლოთ ესარგებლათ სამართალწარმოების სხვადასხვა სტადიაზე.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ან სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, თუ მოსარჩელე ისარგებლებდა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული შესაძლებლობით და ძირითადი სარჩელის განხილვისას იშუამდგომლებდა სასამართლოს წინაშე მის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, ხოლო სასამართლო არ იმსჯელებდა მოსარჩელის შუამდგომლობაზე, ეს უკანასკნელი სსსკ-ის 261-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილი იქნებოდა მიემართა გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოსათვის დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში, ძირითადი სარჩელის განხილვის სტადიაზე მოსარჩელეს სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნით არ მიუმართავს სასამართლოსათვის. შესაბამისად, ამგვარი საპროცესო უფლების _ შუამდგომლობის არარსებობის პირობებში, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო არ იყო უფლებამოსიული თავისი ინიციატივით მიეკუთვნებინა მხარისათვის ის, რაც მას არ მოუთხოვია, განსხვავებით სასამართლო ხარჯების განაწილებისაგან, რადგან სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანისას გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხი. სასამართლოსგარეშე ხარჯების განაწილების შესახებ ამგვარ დანაწესს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და არ ანიჭებს სასამართლოს საპროცესო კომპეტენციას, თავისი ინიციატივით, მხარის მოთხოვნის არარსებობის პირობებში გადაწყვიტოს სასამართლოსგარეშე ხარჯების განაწილების საკითხი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საერთო სასამართლოებმა სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმებისას უნდა განსაზღვრონ რომელი უფლების დასაცავად აღიძრა იგი. გამიჯნონ მატერიალური და საპროცესო უფლებების რეალიზაციის კანონით განსაზღვრული ფორმები, ვინაიდან, პირის ყოველი უფლების დაცვას შეესაბამება ადეკვატური ფორმა, მაგ: განცხადება ან ადმინისტრაციული საჩივარი ადმინისტრაციულ ორგანოში; სარჩელი _ მატერიალურ-სამართლებრივ უფლებაზე სასამართლოში; შუამდგომლობა _ საპროცესო უფლებებზე და ა.შ.
აღნიშნული ფორმების აღრევა და ასეთის დაშვება სასამართლოების მხრიდან არ შეესაბამება სამართლებრივ სახელმწიფოში ადმინისტრაციული წარმოებისა და სამართალწარმოების კანონით მკაცრად რეგლამენტირებულ წესებს.
მატერიალური და საპროცესო უფლებების ერთ სამართლებრივ ფორმაში რეალიზაციის შესაძლებლობა, როგორც შეუსაბამო სამართლის დარგებისა და მათი ინსტიტუტების კვალიფიციურ გამიჯვნასთან, ეწინააღმდეგება საპროცესო სამართლით გარანტირებულ სასამართლოს ბოჭვას – მართლმსაჯულების იმპერატიულ პირნციპს – მართლმსაჯულების განხორციელებას მხოლოდ კონსტიტუციისა და კანონის საფუძველზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წინამდებარე სარჩელი გამართლებული არ არის იურიდიულად და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
ამასთან, მოსარჩელეს სსსკ-ის 53.1 მუხლის შესაბამისად, უნდა დაეკისროს სასამართლო ხარჯების გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 100 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1, 372-ე, 390-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება; ჟ. ზ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს; ჟ. ზ-ძეს დაეკისროს სასამართლო ხარჯების გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 100 ლარის ოდენობით; საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.