ბს-1678-1632(კს-08) 12 თებერვალი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ტ. შ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ნოემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 1 ივლისს მოსარჩელე ტ. შ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს მიმართ და 2007 წლის 2 აგვისტოს ¹515 პ/შ დათხოვნის ბრძანების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მუშაობდა აჭარის შსს მთავარი სამმართველოს .... რაიონული განყოფილების ..... თანამდებობაზე, საიდანაც დათხოვნილ იქნა 2007 წლის 30 ივლისს ¹1047 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის დასავლეთ რეგიონალური სამმართველოს მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების დასკვნის საფუძველზე. მოსარჩელეს განემარტა, რომ მისი გათავისუფლების საფუძველი გახდა 2007 წლის 3 ივლისს სტრიპ-ტესტების მეშვეობით ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმება, რომელიც არ იყო საიმედო და რომლის დროსაც მას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი, რაც, მოსარჩელის განმარტებით, სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.
მოსარჩელის მტკიცებით, ზემოაღნიშნული გამოკვლევიდან 12 საათის შემდეგ, 2007 წლის 4 ივლისს ქ. ფოთში მდებარე საექსპერტო კრიმინალისტიკურ რეგიონალურ სამსახურში ტ. შ-ემ თვითონ ჩაიტარა გამოკვლევა, სადაც დადასტურდა, რომ ის ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა.
მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარმა სამმართველომ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელის დათხოვნა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით მოხდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით ტ. შ-ის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ 2007 წლის 3 ივლისს სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალურ სამსახურში ჩატარებული გამოკვლევისას ტ. შ-ეს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი, ხოლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2007 წლის 13 სექტემბრის ¹კ-1501/24 დასკვნა არ წარმოადგენდა ტ. შ-ის ნარკოლოგიური საშუალების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის გამომრიცხავ გარემოებას, რადგან იგი არ ეწინააღმდეგებოდა სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური სამსახურის საექსპერტო დასკვნას. ამდენად, მოსარჩელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა წარმოადგენდა «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის «ზ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პოლიციის თანამშრომელთათვის შეუფერებელ საქციელს, რაც ითვალისწინებდა პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნას. «საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების» მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის «ე» ქვეპუნქტისა და «საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების 69-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული ქმედება ითვლებოდა თანამშრომელთათვის შეუფერებელ ქმედებად, რომელიც ლახავდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორიტეტს და რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირები, რომლებმაც ჩაიდინეს პოლიციის თანამშრომელთათვის უღირსი საქციელი, დათხოვნილი უნდა ყოფილიყვნენ პოლიციის თანამშრომელთა სახელის დისკრედიტაციისათვის.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ. შ-ემ და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ტ. შ-ის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება ტ. შ-ეს გაეგზავნა 2008 წლის 22 სექტემბერს და 2008 წლის 2 ოქტომბერს ჩაჰბარდა ტ. შ-ის მეუღლეს, რაც დასტურდებოდა საქმეში არსებული გზავნილით (ს.ფ. 100). აღნიშნული გადაწყვეტილება ტ. შ-ის წარმომადგენელს, მართალია, ჩაბჰარდა 2008 წლის 24 ოქტომბერს, მაგრამ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლებოდა მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი _ წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. ტ. შ-ეს კი აღნიშნული გადაწყვეტილაბა ჩაჰბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ტ. შ-ემ და აღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის განხილვა მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ვინაიდან ის მუშაობდა სამარშრუტო ავტობუსზე და სახლში იშვიათად მიდიოდა, მისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება არავის ჩაუბარებია. მხოლოდ მოგვიანებით, ადვოკატისაგან გახდა მისთვის ცნობილი აღნიშნულის შესახებ და შესაბამისად, 14 დღის ვადაში გაასაჩივრა გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ტ. შ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა 2009 წლის 12 თებერვალს, მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ტ. შ-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება ტ. შ-ეს გაეგზავნა 2008 წლის 22 სექტემბერს და 2008 წლის 2 ოქტომბერს ჩაჰბარდა ტ. შ-ის მეუღლეს, რაც დასტურდებოდა საქმეში არსებული გზავნილით (ს.ფ. 100).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ტ. შ-ის მოსაზრებას, რომ გადაწყვეტილება მას არ ჩაჰბარებია, რადგან ჩაიბარა მისმა მეუღლემ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახამად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას (შეტყობინებას) აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის.
კონკრეტულ შემთხვევაში, განსახილველი ნორმის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, უწყებას (შეტყობინებას) აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, რომელსაც წარმოეშობა გარკვეული პროცესუალური ვალდებულებები. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ პირის მიერ მითითებულ მისამართზე მისი არყოფნის შემთხვევაში ამავე მისამართზე სხვა პირის მიერ უწყების (შეტყობინების) ჩაბარება უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ეს უკანასკნელი არის გამოსაძახებელი პირის ოჯახის წევრი. ამდენად, განსახილველი ნორმის თანახმად, ამ პირის მიერ უწყების ჩაბარების მომენტიდან მას წარმოეშობა ამ უწყების (შეტყობინების) ადრესატისათვის გადაცემის ვალდებულება. ოჯახის წევრისათვის უწყების (შეტყობინების) ჩაბარებაზე ვრცელდება პრეზუმფცია, რომელიც გულისხმობს, რომ ოჯახის წევრისათვის უწყების ჩაბარება ნიშნავს მის ჩაბარებას ადრესატისთვის, რაც კონკრეტულ შემთხვევაში დასტურდება მიმღები პირის (ოჯახის წევრის) ხელმოწერით და ადრესატთან დამოკიდებულების მითითებით.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ტ. შ-ის წარმომადგენელს, მართალია, ჩაბჰარდა 2008 წლის 24 ოქტომბერს, მაგრამ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლებოდა მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი _ წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. ტ. შ-ეს კი აღნიშნული გადაწყვეტილაბა ჩაჰბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
საქარტველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 14 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, რის გამოც ტ. შ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ტ. შ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.