ბს-1670_1624 (კ-08) 8 აპრილი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ი-ძე (მოპასუხე)
დავის საგანი – ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის საგადასახადო ინსპექციამ 2007 წლის ივლისში სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ზ. ი-ძის მიმართ და მოითხოვა საქველმოქმედო ფონდი «...-ის» და მოპასუხე ზ. ი-ძის, როგორც ამავე ფონდის დამფუძნებლის, ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად დადგენა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის საგადასახადო ინსპექციის სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგენილ იქნა, რომ საქველმოქმედო ფონდი «...» (საიდენტიფიკაციო კოდი ...) და მოპასუხე ზ. ი-ძე (პირადობის მოწმობა ¹..., პირადი ¹...) წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ საქველმოქმედო ფონდი ,,...” გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია საგადასახადო ინსპექციაში და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი ¹.... ფონდს 2006 წლის 12 დეკემბრისათვის ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება 424 348 ლარის ოდენობით, რაზედაც მას გაეგზავნა 2007 წლის 15 იანვრის ¹40 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც არ იყო შესრულებული. რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული ის გარემოებაც, რომ საგადასახადო ორგანო ვერ ატარებდა საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, რადგან ფონდს საკუთრებაში არ ერიცხებოდა ქონება. სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ შენობა-ნაგებობა, საერთო ფართით, 262,3 კვ.მ მდებარე ხელვაჩაურის რაიონში, სოფ. ..., აშენებული და გარემონტებულია საქველმოქმედო ფონდ ,,...-ის” თანხებით, ასევე ფონდის მიერ შეძენილა ინვენტარ-მოწყობილობა, რაშიც სულ დახარჯულია 140 000 ლარი. მაგრამ აღნიშნული ქონება ერიცხება საკუთრებაში ზ. ი-ძეს, რომელსაც თითქოს ეს ქონება ფონდზე იჯარით აქვს გაცემული. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია საქველმოქმედო ფონდი ,,...-ის” განსხვავება ამავე ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებლის მოპასუხის _ ზ. ი-ძისაგან.
რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 91-ე მუხლის პირველი ნაწილი და ჩათვალა, რომ საქველმოქმედო ფონდი ,,...” და ზ. ი-ძე წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ი-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ზ. ი-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეგზავნა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ფონდი «...-ის” მიმართ ისე იქნა გადაწყვეტილება გამოტანილი, რომ იგი მხარედ საერთოდ არ იყო დასახელებული საქმეში. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომელზეც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონის დარღვევას, რაც მოცემული გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლად მიიჩნია.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ) და მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის აზრით, გასაჩივრებული განჩინების მიღებით უსაფუძვლოდ იქნა გაჭიანურებული საქველმოქმედო ფონდ «...-ის» აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებებზე – ზ. ი-ძის როგორც ცრუმაგიერი პირის, საკუთრებაში რიცხული სადავო ქონების მიმართ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება; კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის II ნაწილის გამოუყენებლობა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს შეეძლო ფონდი ,,...” მესამე პირად ჩაერთო საქმეში და ისე განეხილა არსებითად მოცემული საქმე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ერთიმეორეს ცრუმაგიერ პირებად იქნენ აღიარებული ფონდი «...” და მისი დამფუძნებელი ზ. ი-ძე. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ ფონდი ,,...” მოცემულ საქმეში ჩაბმული უნდა იქნეს, რადგან იგი იმ სამართალურთიერთობის მონაწილეა, რომელზეც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი; მაგრამ მეორეს მხრივ საკასაციო პალატა თვლის, რომ პროცესის ეკონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს თვითონ უნდა გამოეყენებინა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადება. ამ ნორმის თანახმად მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი; იმავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად კი ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მესამე პირი სარგებლობს მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით და მას ეკისრება მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა მოვალეობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა იმსჯელოს მოცემულ სადავო სამართლებრივ ურთიერთობაში ფონდი ,,...-ის” სტატუსზე, ჩააბას იგი საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით მესამე პირად და მისი მონაწილეობით განიხილოს საქმე არსებითად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივარი;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.