Facebook Twitter

ბს-1672-1626(კ-08) 5 მარტი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

მარიამ ცისკაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ «ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 13 მარტს მოსარჩელე ნ. გ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე სსიპ «ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის» მიმართ და სსიპ «ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის» რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2008 წლის 14 იანვრის ¹1-115 ბრძანების ბათილად ცნობა და მის მიერ ვაკანტური ადგილის დასაკავებლად ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე მოპასუხის დავალდებულება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. გ.-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ «ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის» რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2008 წლის 14 იანვრის ¹1-115 ბრძანება; მოპასუხეს საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის _ 100 ლარის გადახდა დაეკისრა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ «ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა», რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით სსიპ «ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. გ.-ის საქმის შემსწავლელი კომისიის ¹4 სხდომის დროს ცნობილი იყო, რომ ნ. გ.-მ 1997 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის დარგის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ...ის სპეციალობით. შიფრი 11.00.07. და მას მიენიჭა ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. ნ. გ.-ის დიპლომში შიფრი 02.00.07. მექანიკური შეცდომა იყო, სინამდვილეში მას მიენიჭა შიფრი 11.00.07. ასევე ცნობილი იყო, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის მიმნიჭებელი სადისერტაციო საბჭოს პროფესორ გ. ს.-ის, პროფესორ გ. მ.-ისა და სწავლული მდივნის, ნ. ლ.-ს მიერ გაცემული დახასიათებით, ნ. გ. იყო ანალიზური ქიმიის სპეციალისტი და არა გარემოს დაცვის სპეციალისტი. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი იყო, რომ ნ. გ.-ის დიპლომი იყო ნამდვილი, მას მინიჭებული ჰქონდა ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი და დიპლომში შიფრის სპეციალობასთან შეუსაბამობა გამოწვეული იყო ბეჭდვითი შეცდომით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ გარემოების გათვალისწინებით უნდა შეჯამებულიყო ნ. გ.-ის საკონკურსო შედეგები, საქმის განხილვის დროს უნდა გარკვეულიყო, ანალიზური ქიმია წარმოადგენდა Yთუ არა ქიმიის დარგს და მიღებულიყო შესაბამისი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საკონკურსო კომისიის 2006 წლის 15 აგვისტოს სხდომის ოქმის თანახმად, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე წარდგენილი იყო 7 კანდიდატი. ოქმში აღინიშნა, რომ ნ. გ.-ის სილაბუსში მითითებული იყო მოძველებული ლიტერატურა და მას ანალიზი ქიმიის მიმართულებით ჰქონდა შესრულებული. აღნიშნული ოქმი კი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ბათილად იყო ცნობილი.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია გადაწყვეტილების მიღების დროს დაეყრდნო მხოლოდ კენჭისყრის იმ შედეგებს, რომლებიც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ბათილად იყო ცნობილი. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმისთვის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ «ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა», რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ «ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის» საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 24 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2009 წლის 5 მარტამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ «ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ «ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის» საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.