Facebook Twitter
ბს-1673-1627 (კ-08) 31 ივლისი, 2009 წელი

ბს-1673-1627 (კ-08) 31 ივლისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

პაატა სილაგაძე

სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა

კასატორი (მოსარჩელე) _ შპს «...»

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ქ. ბათუმის მერია

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 5 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს «...», მოპასუხე _ ქ. ბათუმის მერიის წინააღმდეგ და ქ. ბათუმის მერიის 2007 წლის 27 თებერვლის ¹138 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის მერიის 1999 წლის 28 ივნისის ¹19 გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრს ეთხოვა მოცემული გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელებული საკუთრების უფლების თაობაზე არსებული ჩანაწერის გაუქმება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მართალია სადავო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას შესაძლებლობა მიეცა მონაწილეობა მიეღო ადმინისტრაციულ წარმოებაში, მაგრამ ქ. ბათუმის მერიამ არ გაითვალისწინა მის მიერ წარდგენილი მოსაზრებები და მტკიცებულებები და 27.02.2007 წელს მიიღო ¹138 ბრძანება ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის გადაწყვეტილებების, მათ შორის 1999 წლის 28 ივნისის ¹19 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე. ამავე ბრძანებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს «უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად ბათილად ცნობილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე განეხორციელებინა საჯარო რეესტრის ჩანაწერების გაუქმება.

მოსარჩელე თვლის, რომ გასაჩივრებული ბრძანების მიღებით დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მოთხოვნა. ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1999 წლის 28 ივნისის ¹19 გადაწყვეტილება წარმოადგენს აღმჭურველ სამართლებრივ აქტს, რის საფუძველზეც შპს «...» განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება, კერძოდ სადავო მიწის ნაკვეთზე ააგო ბაზრობისათვის შენობა, რომელიც ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა ქ. ბათუმის მერიის 1999 წლის 25 ნოემბრის ¹219 გადაწყვეტილებით. ამასთან, მოსარჩელე ქ. ბათუმის მერიის 27.02.2007 წელს მიიღო ¹138 ბრძანებას უკანონოდ მიიჩნევს იმ ნაწილში, რომლითაც საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანა. მოსარჩელე თვლის, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე შპს «...» საკუთრების უფლება წარმოეშვა არა ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 28.06.99 წ. ¹19 გადაწყვეტილებით, არამედ «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» კანონის საფუძველზე. მოსარჩელეს დაუშვებლად მიაჩნია საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერის გაქუმება ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 28.06.99 წ. ¹19 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლით. გარდა ამისა, შპს «...» შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება წარმოეშვა ბათუმის მერიის 25.11.99 წ. ¹219 გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც ბათილად ცნობილი არ არის ე.ი. არ არსებობს შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების გაუქმების საფუძველი, რაც მოსარჩელის მოსაზრებით გამორიცხავს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გაუქმებას. შპს «...» განმარტავს, რომ დაუშვებელია სადავო მიწის ნაკვეთზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭების საკითხი სადავო გახდეს «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» კანონის 5.3 მუხლით დადგენილი 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 5.11.07 წ. გადაწყვეტილებით შპს «...» სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერიის 27.02.07 წ. ¹138 ბრძანება იმ ნაწილში, რომელიც ეხება ბათუმის მერიის კაბინეტის 26.06.99 წ. ¹19 გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და საჯარო რეესტრისადმი მოთხოვნას, ამ უკანასკნელი გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელებული საკუთრების უფლების თაობაზე არსებული ჩანაწერის გაუქმების შესახებ. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათუმის მერიის კაბინეტის 26.06.99 წ. ¹19 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა დაუშვებელი იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, ვინაიდან შპს «...» განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 5.11.07 წ. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა მოითხოვა. სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ შპს «...» ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 28.06.99 წ. ¹19 გადაწყვეტილებით სადავო მიწის ნაკვეთი გადაეცა უსასყიდლოდ «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» კანონით გათვალისწინებული წესების დარღვევით, ქ. ბათუმის მერია აღნიშნული კანონის თანახმად, არ იყო უფლებამოსილი უსასყიდლოდ, პირიდაპირი წესით განეკარგა სახელმწიფო ქონება, რის გამოც დაირღვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი და ზიანი მიადგა სახელმწიფოს ინტერესებს. ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 28.06.99 წ. ¹19 გადაწყვეტილების საფუძველზე შპს «...» მიერ იურიდიული მნიშვნელობის მოქმედების განხორციელებად ვერ ჩაითვლება სადავო მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის მშენებლობა, მაგრამ ასეთად მიჩნევის შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტლების საფუძველზე წარმოებული მშენებლობა ითვლება უკანონო მშენებლობად და ქ. ბათუმის მერია უფლებამოსილი იყო ბათილად გამოეცხადებია აღმჭურველი აქტი, ვინაიდან არსებითად დარღვეული იყო სახემლწიფოს ინტერესები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.09.08 წ. გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და შპს «...» სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 27 თებერვლის ¹138 ბრძანებით მისი ძალაში შესვლის დღიდან ბათილად გამოცხადდა ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1998 წლის 28 ივნისის ¹19 გადაწყვეტილება (ს.ფ. 8-10), რომლითაც დაკმაყოფილდა შპს «...» თხოვნა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹132-ში, უნივერსამსა და სავაჭრო პავილიონს შორის, ყვავილების ბაზრის მოსაწყობად, ტერიტორიის გამოყოფის შესახებ (40,80X21,7) (ს.ფ. 19). ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1999 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს «...» თხოვნა; ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹132-ში მდებარე ყვავილების ბაზრის შენობა. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე არ იყო უფლებამოსილი, მოეხდინა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების ან სარგებლობის უფლებით პირდაპირი წესით განკარგვა, არამედ აღნიშნული უფლებამოსილება კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად გააჩნდა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1998 წლის 28 ივნისის ¹19 გადაწყვეტილება წარმოადგენს არაუფლებამოსილი პირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მართალია, აღნიშნული საფუძვლით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლი ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად ცნობას, თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავს ასევე კოდექსის 218-ე მუხლის მოცემულ საკითხზე გავრცელების დამაბრკოლებელ გარემოებას.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მერიაში, ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1998 წლის 28 ივნისის ¹19 გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება, რის შესახებაც შპს «...» ეცნობა კანონით დადგენილი წესით. მასვე მიეცა შესაძლებლობა, ადმინისტრაციულ ორგანოში წარედგინა თავისი მოსაზრება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელნატის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ შპს «...» ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1998 წლის 28 ივნისის ¹19 გადაწყვეტილების საფუძველზე იურიდიული მნიშვნელობის რაიმე ქმედება არ განუხორციელებია, თუმცა, განმარტა, რომ აღნიშნული მაინც არ წარმოადგენდა აღმჭურველი აქტის ბათილად ცნობის დამაბრკოლებელ გარემოებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.09.08 წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «...», რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. ვინაიდან წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, ბათუმის მერიის 1999 წ. 28 ივნისის ¹19 გადაწყვეტილების საფუძველზე შპს «...» მიერ იურიდიული მნიშვნელობის ქმედების განოხრციელების თაობაზე სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის. შპს «...» თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» კანონი, როდესაც მიუთითა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების ან სარგებლობის უფლებით პირდაპირი წესით განკარგვაზე უფლებამოსილი პირი იყო მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი, ვინაიდან ეს შესაძლებლობა კანონმა გაითვალისწინა მხოლოდ 1999 წლის 22 ივლისს შეტანილი ცვლილებით. აქტის გამოცემის დროისათვის აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილებას სახელმწიფო მიწის სარგებლობაში ან საკუთრებაში გადაცემის შესახებ იღებდნენ შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოები. შესაბამისად, ქ. ბათუმის მერია წარმოადგენდა ერთადერთ უფლებამოსილ ორგანოს მიეღო ამ სახის გადაწყვეტილება. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ ქ. ბათუმის მერია არ იყო უფლებამოსილი ბათილად გამოეცხადებია სხვა, უკვე ლიკვიდირებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილისა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კასატორი მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მერიის 2007 წლის 27 თებერვლის ¹138 ბრძანება ეწინააღმდეგება კანონს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 1301.09 წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული. ამავე პალატის 23.03.09 წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დადგინდა საქმის განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენით. 29.07.09 წ. სხდომაზე კასატორის შპს «...» წარმომადგენელმა დააზუსტა საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება მოითხოვა იმ მოტივით, რომ საქმე განხილულ იქნა მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მოწვევის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს «...» საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ქ. ბათუმის მერიის 28.06.99 წ. ¹19 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს «...» თხოვნა და ყვავილების ბაზრის მოსაწყობად ... ქ. ¹132-ში და უნივერსამსა და სავაჭრო პავილიონს შორის გამოეყო ტერიტორია ზომით (40,80X21,7) მეტრი. საჯარო რეესტრიდან უძრავი ქონების ამონაწერის თანახმად, ... ქ. ¹132-ში მდებარე 520,80 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 01.09.99 წელს დარეგისტრირდა შპს «...» საკუთრებად «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» კანონის საფუძველზე. ქ. ბათუმის მერიის 25.11.99წ. ¹2119 გადაწყვეტილებით შპს ოდიშის თხოვნა დაკმაყოფილდა და მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში ... ქ. ¹132-ში ყვავილების ბაზრის შენობა, რაც დარეგისტრირებულ იქნა შპს «...» საკუთრებად 27.03.04 წ. მდგომარეობით 307,20 კვ.მ., ხოლო 22.09.04 წ. 506,6 კვ.მ. სასარგებლო ფართით. ქ. ბათუმის მერიის 27.02.07 წ. ¹138 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის გადაწყვეტილებები, მათ შორის 28.06.99 წ. ¹19 გადაწყვეტილება და დადგინდა ბრძანების გადაგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ამ ბრძანებით ბათილად ცნობილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერების გაუქმების მიზნით.

ვინაიდან საკასაციო საჩივრის ავტორმა დააზუსტა საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძველი, საკასაციო პალატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას შეამოწმებს მხოლოდ ამ ფარგლებში. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არ არის ჩაბმული სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, როგორც სამართალურთიერთობის მონაწილე. საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ ქ. ბათუმი, ... ქ. ¹132-ში მდებარე 520,80 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრე არის სახელმწიფო. «სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ» კანონის მე-3.1 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვას, განკარგვას, მათ შორის, პრივატიზებას (გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის მართვის უფლებით გადაცემული, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილისა), და სარგებლობის უფლებით გადაცემას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. ამდენად, იგი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებასთან, მათ შორის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით წამოჭრილ სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფოს და ამ სახის დავა შეეხება მის ინტერესებს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხელახალი განხილვისას საქმეში ჩაბმული უნდა იქნეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ვინაიდან მისი იურიდიული ინტერესის არსებობა განსახილველი დავის მიმართ დადასტურებულია სათანადო მტკიცებულებებით და სასამართლოს გადაწყვეტილება ზემოქმედებას მოახდენს მის უფლებებზე.

სსკ-ის 394-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების მიღება სამართალურთიერთობის მონაწილე მხარის მონაწილეობის გარეშე ქმნის გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სახეზეა სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი არსებითი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საქმის განმხილველმა სასამართლომ დავაში უნდა ჩააბას სამართალურთიერთობის მონაწილე პირი, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ყველა გარემოება, სათანადო შეფასება მისცეს შეკრებილ მტკიცებულებებს და გამოიტანოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «...» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

3. სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.