Facebook Twitter
ბს-1681-1635(კ-08) 25 ივნისი, 2009 წ

ბს-1681-1635(კ-08) 25 ივნისი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე

სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი

კასატორი – ლ. ბ-ძე, წარმომადგენელი – ბ. ს-შვილი

მოწინააღმდეგე მხარეები – თბილისის სააღსრულებო ბიურო, წარმომადგენელი – ე. ა-აცი; თბილისის სარეგისტრაციო სამსახური, წარმომადგენელი – თ. ბ-შვილი; ნ. შ-ია

მესამე პირები – ბ. ს-შვილი, მ. ჩ-იანი,

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი - აუქციონის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

2006 წლის 10 მაისს ლ. ბ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსა და ნ. შ-იას მიმართ, აუქციონის ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ჩ-იანის სასარგებლოდ დაეკისრა 8965 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე სასამართლოს მიერ 2005 წლის 17 იანვარს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც 2005 წლის იანვრიდან თბილისის სააღსრულებო ბიურო ახორციელებდა სააღსულებო წარმოებას.

კრედიტორის – მ. ჩ-იანის წარმომადგენლის რეხვიაშვილის 2005 წლის 15 მარტის განცხადების საფუძველზე, სააღსრულებო ბიუროს მიერ დაიწყო აღნიშნული დროისათვის მის საკუთრებაში არსებულ ბინაზე (მდებარე, ... გამზ. ¹..., ბინა 64) იძულებითი აუქციონის განხორციელება. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სააღსრულებო ფურცლის სააღსრულებო ბიუროში შეტანა და შემდგომ იძულებითი აუქციონის ჩატარების მოთხოვნა განხორციელებულ იქნა არაუფლებამოსილი პირის მიერ. აღნიშნული დასტურდება იმ გარემოებითაც, რომ კრედიტორის – მ. ჩ-იანის მიერ გაცემულ რწმუნებულებას მოქმედების ვადა ამოეწურა 2004 წლის 26 სექტემბერს, შესაბამისად, სააღსრულებო ბიუროს არაუფლებამოსილი პირის მიერ წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე არ უნდა ეწარმოებინა სააღსულებო წარმოება.

პირველი აუქციონი ჩატარდა 2005 წლის აპრილში, თუმცა აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ბინის გასხვისება არ მოხდა, განმეორებითი აუქციონები დაინიშნა 2005 წლის 24 მაისს და 2005 წლის 4 ოქტომბერს. სააღსრულებო წარმოების მასალებში არ მოიპოვება ოქმები და ასევე არ არსებობს ისეთი დოკუმენტები, რომლებიც აღმასრულებელს შესაძლებლობას მისცემდა გადაედო, შეეჩერებინა ან შეეწყვიტა აუქციონის ჩატარება, რითაც დაირღვა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 29-ე მუხლი, რომლის შესაბამისადაც სასამართლო აღმასრულებელი ვალდებულია ყოველი სააღსრულებო მოქმედების შესრულების თაობაზე შეადგინოს ოქმი.

2005 წლის 24 მაისს მის მიერ კრედიტორისათვის გადახდილ იქნა 7000 აშშ დოლარი და სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხიდან დასაფარი დარჩა 1964 აშშ დოლარი.

მოსარჩელის განმარტებით, სააღსრულებო წარმოებაში მოიპოვება 2005 წლის 22 ნოემბრით დათარიღებული კრედიტორის – მ. ჩ-იანის განცხადება სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების თაობაზე. 6 დღის შემდეგ კრედიტორმა კვლავ შეიტანა სააღსრულებო ფურცელი და კვლავ მოითხოვა აღსრულება. სააღსრულებო ბიუროს მიერ 2006 წლის 17 იანვარს კვლავ დაინიშნა აუქციონი, როგორც აღნიშნული აუქციონის ოქმიდან ირკვევა, კვლავაც არ მოხდა ბინის გასხვისება მყიდველის არ არსებობის გამო, ბინა შეფასებულ იქნა შპს ,,...» მიერ 30000 აშშ დოლარად. ამის შემდეგ კრედიტორის 2006 წლის 23 იანვრის განცხადების საფუძველზე კვლავ დაინიშნა განმეორებითი აქუციონი და მისი ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2006 წლის 14 მარტი. აღნიშნულს ადასტურებს კრედიტორის განცხადება, რომლითაც ის ითხოვს 14 მარტის აუქციონის გადადებას. 2006 წლის 16 მარტს კრედიტორი კვლავ ითხოვდა განმეორებითი აუქციონის ჩატარებას, რის საფუძველზეც აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2006 წლის 6 აპრილი. კასატორის განმარტებით, არც ამ აქუციონის ოქმი არსებობს, რომლითაც შესაძლებელი გახდებოდა 6 აპრილის აუქციონის მიმდინარეობის, მისი შედგების, თუ გადადების მიზეზების გარკვევა. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ სააღსრულებო წარმოებაში არ მოიპოვება დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა აუქციონის საჯაროდ გამოცხადების ფაქტს, კერძოდ, აუქციონის მასობრვი ინფორმაციის საშუალებებში გამოცხადებას (ეს არ ეხება მხოლოდ ორ შემთხვევას 2005 წლის 5 აპრილის და 2006 წლის 11 აპრილის აუქციონებს). აღნიშნული კი წარმოადგენს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 77-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევას.

2006 წლის 6 აპრილიდან 5 დღის ინტერვალით, 2006 წლის 11 აპრილისათვის კვლავ ინიშნება განმეორებითი აუქციონი. ამ აუქციონის ჩატარების შედეგად მის საკუთრებაში არსებული 30000 აშშ დოლარად შეფასებული საცხოვრებელი ბინა 1964 აშშ დოლარის გადახდევინების უზრუნველსაყოფად, გაიყიდა 10500 ლარად და ბინის მყიდველი არის ნ. შ-ია. აღნიშნულის თაობაზე თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულების მიერ მიღებულ იქნა 2006 წლის 12 აპრილის ¹01/24-435 განკარგულება. მოსარჩელის განმარტებით, აუქციონის ჩატარების თაობაზე მისთვის უცნობი იყო, აღნიშნულის მიუხედავად 2006 წლის 11 აპრილის აქუციონის ოქმში მითითებულია რომ თითქოს იგი ესწრებოდა აუქციონს და ასევე აღნიშნულია, რომ თითქოს მან უარი განაცხადა ხელის მოწერაზე. მოსარჩელის განმარტებით, არ არსებობს დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა მისთვის 2006 წლის 6 და 11 აპრილის აუქციონის შეტყობინების ფაქტი, რითიც დაირღვა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მე-18 მუხლი, 25-ე მუხლის მე-2 მე-3 პუნქტები და 71-ე მუხლის მე-3 პუნქტი.

მოსარჩელის მითითებით, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონი იცნობს აუქციონის ორ სახეს და მისი ჩატარების ორ შემთხვევას. ეს არის პირველი იძულებითი აუქციონი და განმეორებითი აუქციონი. კონკრეტულ შემთხვევაში ჩატარებულია ორი პირველადი აუქციონი და ხუთი განმეორებითი აუქციონი, რომელთაგან მხოლოდ ერთზე არის შედგენილი აუქციონის ოქმი, რის გამოც დანარჩენი განმეორებითი აუქციონების ჩატარების, გადადების, თუ მისი შედეგების თაობაზე ცნობები არ არსებობს. თუ პირველად აუქციონზე არ მოხდება შესაბამისი შემოთავაზება, მაშინ ინიშნება განმეორებითი აუქციონი. აუქციონის მეორედ ჩატარების დროს ყველაზე დაბალი ფასი, სულ ცოტა, აუქციონის ხარჯებს, გარდამავალ უფლებათა ღირებულებას და კრედიტორის მოთხოვნებს მაინც უნდა ფარავდეს, აღნიშნულის განუხორციელებლობის შემთხვევაში აუქციონი აღარ ჩატარდება და კრედიტორს ეძლევა ნივთის ნატურით გადაცემის შესაძლებლობა. მაშასადამე, თუ განმეორებითი აუქციონი ვერ შედგება და შესაბამისად, კანონით დადგენილი პირობებით ვერ იქნება უზრუნველყოფილი ნივთის გასხვისება, აუქციონის შემდგომი ჩატარება დაუშვებელია (“სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 77-ე მუხლი). აღნიშნულიდან გამომიდნარე, 2005 წლის 5 აპრილი და 2005 წლის 24 მაისის განმეორებითი აუქციონის გარდა, ყველა სხვა დროისათვის დანიშნული აუქციონი უკანონოა.

ამასთან, მას შემდეგ რაც კრედიტორმა მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის უკან დაბრუნება, ამოიწურა პირველი აუქციონის ჩატარების შემდეგ მეორე აუქციონის ჩატარებისათვის კანონით დადგენილი 6 თვიანი ვადა და პირველი პირველადი აუქციონის შემდგომი ორი განმეორებითი აუქციონი იყო აღსრულების განახლება. 2005 წლის 5 აპრილის, 2005 წლის 24 მაისის და 4 ოქტომბრის განმეორებითი აუქციონების შედეგად ვერ მოხერხდა დარჩენილი 1964 აშშ დოლარის გადახდევინება, რაც კრედიტორს აძლევდა შესაძლებლობას “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 35-ე მუხლის “ა” პუნქტის შესაბამისად დაებრუნებინა სააღსრულებო საბუთი, მაგრამ აღნიშნული არ აუქმებს მანამდე აღმასრულებლის მიერ განხორციელებულ სააღსრულებო მოქმედებებს და შესაბამისად ძალაში რჩება 2005 წლის 5 აპრილის პირველი აუქციონი, ასევე ძალაში რჩება 2005 წლის 24 მაისის და 4 ოქტომბრის განმეორებით აუქციონებთან დაკავშირებით განხორციელებული მოქმედებები. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის თანახმად, აღსრულებასთან დაკავშირებით მიღებული ღონისძიებები უქმდება იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორისათვის სააღსრულებო საბუთის დაბრუნება ხდება აღსრულების შეწყვეტის საფუძველით. კონკრეტულ შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემთხვევას ადგილი არ ჰქონია და სააღსრულებო საბუთის დაბრუნება განხორციელებეული იქნა 35-ე მუხლის საფუძველზე, რაც არც აუქმებს და არც აჩერებს სააღსრულებო წარმოებას. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, პირველი აუქციონის ჩატარების შემდეგ შესაძლებელია მხოლოდ განმეორებითი აუქციონის ჩატარება.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა 2006 წლის 11 აპრილის განმეორებითი აუქციონის ოქმისა და თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2006 წლის 12 აპრილის ¹01/24-435 განკარგულების ბათილად ცნობას, ასევე საჯარო რეესტრის ჩანაწერის, რომლითაც მოპასუხე – ნ. შ-იას საკუთრებაში აღირიცხა საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ. თბილისში, ... გამზ. ¹...-ში, ბათილობას და აღნიშნული ბინის საჯარო რეესტრში მის საკუთრებაში აღრიცხვას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 მაისის განჩინებით იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2006 წლის 16 მაისის ¹11187/1-460 წერილის გაუქმების თაობაზე სარჩელი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნაზე შეწყდა საქმის წარმოება.

ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 3 მაისის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ბ. ს-შვილი.

ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ძის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული ¹3/2413 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმადაც ლ. ბ-ძეს მ. ჩ-იანის სასარგებლოდ დაეკისრა 8964 აშშ დოლარის გადახდა შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში. ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი სადავო თანხის 2.5% სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 10-ე, 113-ე მუხლების საფუძველზე მასვე დაეკისრა ზემოაღნიშნული თანხის 7% სააღსრულებო მოსაკრებლის სახით. ამავე კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტისა და 28-ე მუხლის თანახმად, მიეცა წინადადება 5 დღის ვადაში ნებაყოფლობით გადაეხადა მასზე დაკისრებული თანხა. წინააღმდეგ შემთხვევაში სააღსრულებო ფურცლის აღსრულება მოხდებოდა იძულებითი წესით. იძულებითი აღსრულების ხარჯები დამატებით დაეკისრებოდა მოვალეს. აღნიშნული გაფრთხილება ლ. ბ-ძეს ჩაჰბარდა 2005 წლის 30 ნოემბერს.

განხორციელდა მოვალის ლ. ბ-ძის საცხოვრებელი ბინის აუდიტის მიერ შეფასება და შეფასდა 30 000 აშშ დოლარად. აღნიშნული შეფასება ლ. ბ-ძეს ჩაჰბარდა 2005 წლის 28 დეკემბერს და განემარტა, რომ «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად მას უფლება ჰქონდა დასწრებოდა აღსრულების მიმდინარეობას, გაცნობოდა სააღსრულებო მასალებს და ედავა ქონების კუთვნილებაზე ან მის ფასზე.

კრედიტორმა განცხადებით მიმართა სასამართლო აღმასრულებელს და მოითხოვა იძულებითი აუქციონის დანიშვნა მოვალის სახელზე რიცხულ იპოთეკით დატვირთულ ბინაზე და მიუთითა, რომ ლ. ბ-ძეს დაკისრებული ჰქონდა მის სასარგებლოდ 8964 აშშ დოლარი და ამ თანხიდან მას მიღებული ჰქონდა 7000 აშშ დოლარი «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კანონის 69-ე მუხლის თანახმად გაიცა განკარგულება იძულებითი აუქციონის დანიშვნის თაობაზე.

პირველი იძულებითი აუქციონი დაინიშნა 2006 წლის 17 იანვარს, აღნიშნულის შესახებ ეცნობათ: მოვალე ლ. ბ-ძეს, კრედიტორს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. გამოცხადდა გაზეთ «...».

პირველი იძულებითი აუქციონი სასამართლო აღმასრულებელმა გახსნილად გამოაცხადა. აუქციონზე მყიდველი არ გამოცხადდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პირველი საჯარო აუქციონი ჩატარებულად ჩაითვალა. კრედიტორმა განმეორებით მიმართა სასამართლო აღმასრულებელს განმეორებითი აუქციონის დანიშვნის თაობაზე.

განმეორებითი აუქციონი დაინიშნა 2006 წლის 14 მარტს, აუქციონის შესახებ ეცნობათ კრედიტორს, ასევე მოვალეს გაეგზავნა ფოსტით და ჩაჰბარდა პირადად ლ. ბ-ძეს 2006 წლის 4 მარტს. გამოქვეყნდა გაზეთ «...», თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. განმეორებითი აუქციონი რომელიც დანიშნული იყო 2006 წლის 14 მარტს გადაიდო კრედიტორის განცხადების საფუძველზე.

2006 წლის 16 მარტს კრედიტორმა მოითხოვა განმეორებითი აუქციონის დანიშვნა მოვალის სახელზე რიცხულ ბინაზე.

განმეორებითი აუქციონი დაინიშნა 2006 წლის 6 აპრილს, გამოქვეყნდა გაზეთ «...», ეცნობა თბილისის სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, კრედიტორს და მოვალეს - ლ. ბ-ძეს, 2006 წლის 29 მარტს, ფოსტის მეშვეობით.

გაზეთ «...» გამორჩენილი იქნა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონით გათვალისწინებული 68-77 მუხლები, რაზედაც 2006 წლის 3 აპრილს სასამართლო აღმასრულებლის მიერ შედგენილი იქნა ოქმი და 2006 წლის 6 აპრილს დანიშნული განმეორებითი აუქციონი გადაიდო. განმეორებითი აუქციონი დაინიშნა 2006 წლის 11 აპრილს, გამოქვეყნდა გაზეთ «...», სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, კრედიტორს და მოვალე მხარეს ლ. ბ-ძეს ეცნობა 2006 წლის 4 აპრილს.

განმეორებითი აუქციონი გახსნილად გამოცხადდა, გამოტანილ იქნა მოვალის საცხოვრებელი ბინა. აუქციონის დღისთვის მოვალეზე დაკისრებულმა თანხამ შეადგინა 2424.58 აშშ დოლარი – ეროვნულ ვალუტაში და გადასახდელმა თანხამ შეადგინა 4382,56 ლარი.

გამოცხადდა ბინის საწყისი ფასი 30.000 აშშ დოლარი, საწყისს ფასში ყიდვის სურვილი არავის გამოუთქვამს. მ. გ-შვილმა ნ. შ-იას რწმუნებულმა გააკეთა შემოთავაზება 4900 ლარი, მ. ჩ-იანმა 5000 ლარი, გაიმართა ვაჭრობა ფასთან დაკავშირებით. საბოლოოდ მ. გ-შვილმა გააკეთა შემოთავაზება 10500 ლარი. აღნიშნული თანხა სამჯერ გამოცხადდა და ეს უკანასკნელი ცნობილ იქნა გამარჯვებულად, ხოლო თანხა შევიდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე მთლიანად და გაიცა განკარგულება.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოვალე ლ. ბ-ძემ თბილისის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშიდან მიიღო აუქციონზე ქონების რეალიზაციის შედეგად დარჩენილი თანხა 6117,44 ლარი, რითაც მან სააღსრულებო ბიუროს მიერ ჩატარებული აუქციონის კანონიერება აღიარა.

ყოველივე აღნიშნულზე მითითებით და საქმის მასალებზე დაყრდნობით, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღსრულების პროცესში დარღვეული არ ყოფილა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონით გათვალისწინებული დებულებები. კერძოდ, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მტკიცება იმის შესახებ, რომ აუქციონის ჩატარებისას დაირღვა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 ნაწილი, აგრეთვე 77-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები. სასამართლომ თბილისის სააღსრულებო ბიუროდან გამოთხოვილი სააღსრულებო წარმოების, კერძოდ ¹0-1/05-01-2424 საქმის მასალების საფუძველზე დადგენილად ჩათვალა, რომ როგორც პირველი, ისევე II აუქციონის შესახებ განცხადება სრლყოფილი სახით იქნა გამოქვეყნებული გაზეთ «...» და განცხადება შეიცავდა მითითებას აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილის, აგრეთვე უძრავი ქონების საწყისი ფასის შესახებ.

სასამართლომ მიიჩნია, რომ არ იყო დარღვეული ასევე «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 71-ე მუხლის III ნაწილის მოთხოვნა აუქციონის დროისა და ადგილის შესახებ მხარეთა გაფრთხილების თაობაზე; სასამართლომ აღნიშნა, რომ მოვალე ლ. ბ-ძე აუქციონის შესახებ გაფრთხილებულ იქნა სსს კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მტკიცება იმის შესახებ, რომ 2006 წლის 11 აპრილის აუქციონი იყო ფიქტიური, არ დასტურდებოდა რაიმე მტკიცებულებით.

ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-ძემ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 მაისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება მ. ჩ-იანი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 სექტემბრის განჩინებით ლ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-ძემ.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა მნიშვნელოვანი საპროცესო ნორმები. არ იქნა გამოკვლეული საქმე სრულყოფილად. იგი არ ეთანხმება ექსპერტიზის დასკვნას, ვინაიდან, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ექსპერტიზის მიმდინარეობისას ექსპერტის მხრიდან პირადად ს. ნ-შვილისაგან არ ყოფილა აღებული ხელმოწერის ნიმუშები. სააღსრულებო ბიუროდან, როგორც ე. ა-აცმა აღნიშნა, მათი შეხედულების მიხედვით შერჩეული იქნა რამოდენიმე დოკუმენტი ს. ნ-შვილის ხელმოწერით და ისინი გამოიყენეს საექსპერტო ნიმუშად. რის გამოც, კასატორის აზრით, დანამდვილებით იმის დადასტურება, რომ ე. ა-აცის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებზე ნამდვილად ს. ნ-შვილის ხელმოწერა იყო შეუძლებელია. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საფოსტო გზავნილზე მისი ხელმოწერის ნამდვილობა ვერ დადგინდა ექსპერტიზით, თუმცა გაუგებარია რითი დაადასტურეს რომ აუქციონის შესახებ მისთვის ცნობილი იყო.

კასატორის აღნიშვნით, აუქციონებს შორის არ არის დაცული კანონით დადგენილი ვადა. აუქციონები ჩატარდა კანონდარღვევით. ჩატარებული იყო რამდენიმე პირველადი და შემდეგ რამდენიმე განმეორებითი აუქციონი, აღნიშნულზე მითითებას შეიცავს განჩინებაც, მაგრამ არაა ნამსჯელი, თუ რამდენად კანონიერადაა ეს აუქციონები ჩატარებული, მაშინ როდესაც აღნიშნული წარმოადგენს ბათილობის ერთ-ერთ საფუძველს.

პირველადი აუქციონი ჩატარდა 2005 წლის 5 აპრილს, თუმცა აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ბინის გასხვისება არ მოხდა (იხ 2005 წლის 5 აპრილის იძულებითი აუქციონის ოქმი). განმეორებითი აუქციონები დანიშნული იქნა 2005 წლის 24 მაისს და 2005 წლის 4 ოქტომბერს. სააღსრულებო წარმოების მასალებში არ მოიპოვება ოქმები, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა გარკვეულიყო თუ როგორ ჩატარდა 2005 წლის 24 მაისის და 4 ოქტომბრის განმეორებითი აუქციონები და რა შედეგებით დასრულდა. ასევე არ არსებობს ისეთი სახის დოკუმენტი, რომელიც აღმასრულებელს შესაძლებლობას მისცემდა გადაედო, შეეჩერებინა ან შეეწყვიტა აუქციონის ჩატარება. აღნიშნული კი წარმოადგენს “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 29-ე მუხლის დარღვევას, რომლის თანახმადაც სასამართლო აღმასრულებელი ვალდებულია ყოველი სააღსრულებო მოქმედების შესრულების თაობაზე შეადგინოს ოქმი.

კასატორის მითითებით, მის მიერ 2005 წლის 24 მაისს კრედიტორისათვის გადახდილ იქნა 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარი და სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხიდან დასაფარი დარჩა 1964 (ათასცხრაას სამოცდაოთხი) აშშ დოლარი (იხ. 2005 წლის 24 მაისი შეთანხმება თანხის გადაცემის თაობაზე).

სააღსრულებო წარმოებაში მოიპოვება კრედიტორის _ მ. ჩ-იანის 2005 წლის 22 ნოემბრით დათარიღებული განცხადება სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების თაობაზე. ექვსი დღის შემდეგ, კრედიტორს 2006 წლის 4 იანვარს განმეორებით შეაქვს სააღსრულებო ფურცელი სააღსრულებო ბიუროში და კვლავ ითხოვს მის აღსრულებას. სააღსრულებო ბიუროს მიერ თავიდან იქნა დაწყებული სააღსრულებო წარმოება და 2006 წლის 17 იანვარს, კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, კვლავ დაინიშნა პირველი იძულებითი საჯარო აუქციონი. როგორც 2006 წლის 17 იანვარს იძულებითი აუქციონის შესახებ ოქმით ირკვევა, არც ამჯერად მოხდა კასატორის ბინის გასხვისება მყიდველის არ არსებობის გამო. ბინა შეფასებულ იქნა შპს «...» მიერ 30000 (ოცდაათი ათასი) აშშ დოლარად. ამის შემდეგ კრედიტორის 2006 წლის 23 იანვრის განცხადების საფუძველზე კვლავ ინიშნება განმეორებითი აუქციონი და მისი ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2006 წლის 14 მარტი. კრედიტორის განცხადებით 14 მარტის აუქციონი გადაიდო. რასაც ადასტურებს მის სახელზე გამოგზავნილი 2006 წლის 4 მარტით დათარიღებული საფოსტო შეტყობინება და 2006 წლის 1 მარტით დათარიღებული სასამართლო აღმასრულებლის წერილი. 2006 წლის 16 მარტს კრედიტორი კვლავ ითხოვს განმეორებითი აუქციონის ჩატარებას, რის საფუძველზეც აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2006 წლის 6 აპრილი. გაურკვეველი მიზეზების გამო, მსგავსად სხვა შემთხვევებისა, არც ამ შემთხვევისათვის არსებობს ოქმი, რომლითაც შესაძლებელი გახდებოდა 6 აპრილის აუქციონის მიმდინარეობის, მისი შედეგების, თუ გადადების მიზეზების გარკვევა. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ სააღსრულებო წარმოებაში არ მოიპოვება დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა აუქციონის საჯაროდ გამოცხადების ფაქტს, კერძოდ, აუქციონის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოცხადებას (ეს ეხება მხოლოდ ორ შემთხვევას 2005 წლის 5 აპრილისა და 2006 წლის 11 აპრილის აუქციონებს). აღნიშნული კი წარმოადგენს «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 77-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევას. კასატორს მიაჩნია, რომ ამ დარღვევით მნიშვნელოვნად შეილახა მისი, როგორც მოვალის ინტერესი, რადგან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აუქციონის გამოცხადებით შესაძლებელია მყიდველთა ფართო წრის დაინტერესება, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად აბრკოლებს საკუთარი ნივთის მეტ-ნაკლებად ხელსაყრელ ფასში გაყიდვის შესაძლებლობას.

2006 წლის 6 აპრილიდან 5 დღის ინტერვალით, 2006 წლის 11 აპრილისთვის კვლავ ინიშნება განმეორებითი აუქციონი. 6 აპრილი გახლდათ ხუთშაბათი, ხოლო 11 აპრილი _ სამშაბათი. ამ აუქციონის ჩატარების შედეგად მის საკუთრებაში არსებული 30000 აშშ დოლარად შეფასებული საცხოვრებელი ბინა, 1964 აშშ დოლარის გადახდევინების უზრუნველსაყოფად, გაიყიდა 10500 ლარად და ბინის მყიდველი (ახალი მესაკუთრე) გახდა ნ. შ-ია. აღნიშნულის თაობაზე თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ მიღებულ იქნა 2006 წლის 12 აპრილის 301/24-435 განკარგულება. კასატორის აღნიშვნით, 2006 წლის 6 და 11 აპრილის აუქციონების ჩატარების თაობაზე მისთვის უცნობი იყო. არცერთი ამ აუქციონის დანიშვნის, მისი ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ მისთვის კანონით დადგენილი წესით არავის უცნობებია. რითიც დაირღვა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის მე-18 მუხლით მისთვის, როგორც მოვალისათვის, დადგენილი უფლება დასწრებოდა აღსრულების (აუქციონის) მიმდინარეობას, ასევე დაირღვა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები და 71-ე მუხლის მე-3 პუნქტი.

«სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონი იცნობს აუქციონის ორ სახეს და მისი ჩატარების მხოლოდ ორ შემთხვევას. ეს არის პირველი იძულებითი აუქციონი და განმეორებითი აუქციონი. კასატორის შემთხვევაში ჩატარებულია ორი პირველადი აუქციონი და ხუთი განმეორებითი აუქციონი, რომელთაგან მხოლოდ ერთზე არის შედგენილი აუქციონის ოქმი, რის გამოც დანარჩენი განმეორებითი აუქციონის ჩატარების, გადადების, თუ მისი შედეგების თაობაზე ცნობები არ არსებობს. თუ პირველად აუქციონზე არ მოხდება შესაბამისი შემოთავაზება, მაშინ ინიშნება განმეორებითი აუქციონი. აუქციონის მეორედ ჩატარების დროს ყველაზე დაბალი ფასი, სულ ცოტა, აუქციონის ხარჯებს, გარდამავალ უფლებათა ღირებულებას და კრედიტორის მოთხოვნებს მაინც უნდა ფარავდეს, აღნიშნულის განუხორციელებლობის შემთხვევაში აუქციონი აღარ ჩატარდება და კრედიტორს ეძლევა ნივთის ნატურით გადაცემის შესაძლებლობა. მაშასადამე, თუ განმეორებითი აუქციონი ვერ შედგება და შესაბამისად, კანონით დადგენილი პირობებით ვერ იქნება უზრუნველყოფილი ნივთის გასხვისება, აუქციონის შემდგომი ჩატარება დაუშვებელია. ამ მოტივით, 2005 წლის 5 აპრილის პირველი და 2005 წლის 24 მაისის განმეორებით აუქციონების გარდა, კასატორის აზრით, ყველა სხვა დროისათვის აღნიშნული აუქციონი უკანონოა.

მნიშვნელოვანია შეფასდეს პირველი აუქციონის ჩატარების შემდეგ, ისევ პირველი იძულებითი აუქციონის ჩატარების ფაქტიც. მას შემდეგ, რაც კრედიტორმა მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის უკან დაბრუნება, ამასთან ამოიწურა პირველი აუქციონის ჩატარების შემდეგ მეორე აუქციონის ჩატარებისათვის კანონით დადგენილი 6 თვიანი ვადა და პირველი პირველადი აუქციონის შემდგომ ორი განმეორებითი აუქციონი გვქონდა, აღსრულების განახლება კვლავ იძულებითი აუქციონის თავიდან დაწყების გზით დაუშვებელია. 2005 წლის 5 აპრილის პირველი, 2005 წლის 24 მაისის და 4 ოქტომბრის განმეორებითი აუქციონების შედეგად ვერ მოხერხდა დარჩენილი 1964 აშშ დოლარის გადახდევინება, რაც კრედიტორს აძლევდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 35-ე მუხლის ,,ა” პუნქტის შესაბამისად, დაებრუნებინა სააღსრულებო საბუთი, მაგრამ აღნიშნული არ აუქმებს მანამდე აღმასრულებლის მიერ განხორციელებულ სააღსრულებო მოქმედებებს და შესაბამისად ძალაში რჩება 2005 წლის 5 აპრილის პირველი აუქციონი, ასევე ძალაში რჩება 2005 წლის 24 მაისის და 4 ოქტომბერს განმეორებით აუქციონებთან დაკავშირებით განხორციელებული მოქმედებები.

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის თანახმად, აღსრულებასთან დაკავშირებით მიღებული ღონისძიებები უქმდება იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორისათვის სააღსრულებო საბუთის დაბრუნება ხდება აღსრულების შეწყვეტის საფუძვლით. კასატორის მითითებით, მათ შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემთხვევას ადგილი არ ჰქონია და სააღსრულებო საბუთის დაბრუნება განხორციელებულ იქნა 35-ე მუხლის საფუძველზე, რაც არ აუქმებს და არც აჩერებს სააღსრულებო წარმოებას. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, პირველი აუქციონის ჩატარების შემდეგ შესაძლებელია მხოლოდ განმეორებითი აუქციონის ჩატარება.

კასატორი ასევე აღნიშნავდა, რომ უკანონოა 2006 წლის 11 აპრილის განმეორებითი აუქციონის ჩატარება და ამ აუქციონთან დაკავშირებით შედგენილი იძულებითი აუქციონის ოქმიც, ასევე უკანონოა თბილისის სააღსრულებო ბიუროს სასამართლოს აღმასრულებლის ს. ნანობაშვილის მიერ 2006 წლის 12 აპრილს მიღებული ¹01/24-435 განკარგულება, რომლითაც 2006 წლის 11 აპრილს განმეორებით აუქციონზე მისი ბინის ახალ მესაკუთრედ ცნობილ იქნა ნინო შეროზია. აღნიშნული დოკუმენტები თავისი არსით წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონით დადგენილ ნორმებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს, ექვემდებარება ბათილად გამოცხადებას.

კასატორის მითითებით, სააღსრულებო ფურცლით, რომლის საფუძველზეც მოხდა აღსრულება, დაკისრებული ჰქონდა 8 964 აშშ დოლარი, ხოლო აღსრულება მოახდინეს 2325.58 აშშ დოლარზე. შეთანხმება, რომელიც შედგა მასსა და კრედიტორს შორის, კრედიტორისათვის გადაცემულ იქნა 700 აშშ დოლარი. აღმასრულებელი ვალებული იყო წარედგინა სასამართლოსათვის, სასამართლო თავის მხრივ შეიტანდა შესაბამის ცვლილებას გადაწყვეტილებაში და გამოსცემდა ახალ სააღსრულებო ფურცელს. აღმასრულებელს კი არ ჰქონდა უფლება 8 964 აშშ დოლარზე გაწერილი სააღსრულებო ფურცლით, აღსრულება მოეხდინა 2325.58 აშშ დოლარზე.

კასატორი ასევე აღნიშნავდა, რომ აუქციონის ოქმზე მითითებულია თითქოს მან და ერთმა დამსწრემ ხელი მოაწერეს ოქმს, მაგრამ მის ქვემოთ, არც აღმასრულებლის და არც დამსწრეთა ხელმოწერა არ არის. გაუგებარია ეს მინაწერი, რომელიც კანონით გათვალისწინებული წესით არ არის დამოწმებული, ვინ და როდის გააკეთა. არ დაიკითხა სხდომაზე წარდგენილი მოწმეები, რომელთა ჩვენებასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ იმსჯელა და არ გამოიკვლია მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, რაც საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა უგულებელყოფა და მნიშვნელოვანი დარღვევაა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 სექტემბრის განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემეობათა გამო:

საკასაციო სასამართლო ცალსახად ადასტურებს იძულებითი აღსრულების პროცესში «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონით განსაზღვრული რიგი პროცედურული ნორმების დარღვევის ფაქტს. კერძოდ, საქმეში არ მოიპოვება 2005 წლის 24 მაისსა და 2005 წლის 4 ოქტომბრის განმეორებითი აუქციონის ოქმები. რითიც დარღვეულია ზემოაღნიშნული კანონის 29-ე მუხლი, რომლის შესაბამისადაც, აღმასრულებელმა ყოველ სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ უნდა შეადგინოს ოქმი, ოქმი უნდა შეიცავდეს შედგენის ადგილს და დროს, აღმასრულებლის ვინაობას, რომელმაც შეადგინა ოქმი, აგრეთვე იმ პირების ვინაობას, რომლებიც ესწრებოდნენ სააღსრულებო მოქმედების შესრულებას; სააღსრულებო საბუთის დასახელებას, რომლის მიხედვითაც ხდება აღსრულება; კრედიტორისა და მოვალის დასახელებას; სააღსრულებო მოქმედების შესრულების საგანს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააღსრულებო წარმოების პროცესში ოქმის არსებობა-არარსებობის ფაქტზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული აუქციონის კანონიერების საკითხი, მაგრამ, იმავდროულად საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზემოაღნიშნული დარღვევა წინამდებარე შემთხვევაში ვერ იქცევა კასაციის დაკმაყოფილებისა და აუქციონის შედეგების ბათილობის საფუძვლად, ვინაიდან 2005 წლის 24 მაისსა და იმავე წლის 4 ოქტომბერს ჩატარებულ განმეორებით აუქციონს არ მოჰყოლია სამართლებრივი შედეგი, აღნიშნულს მხარისათვის არ მიუყენებია პირდაპირი და უშუალო ზიანი, და რაც ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, წინამდებარე დავის საგანს წარმოადგნენს 2006 წლის 11 აპრილს ჩატარებულ განმეორებითი აუქციონის შედეგები, რომლის კანონიერების შემოწმებასაც წინამდებარე სარჩელის საფუძველზე ითხოვს მხარე.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას 2006 წლის 11 აპრილს ჩატარებული აუქციონის კანონშეუსაბამობის თაობაზე და თვლის, რომ სახეზე არ არის კასაციის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური და მატერიალური საფუძვლები.

როგორც საქმის მასალებით დასტურდება, 2006 წლის 04 იანვარს კრედიტორმა განცხადებით მიმართა სააღსრულებო ბიუროს, რომლის საფუძველზეც მოითხოვა დარჩენილი გადაუხდელი თანხის იძულებითი წესით გადახდევინება იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაციის გზით (ტ.I, ს.ფ. 33).

იმავე დღეს სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებელმა გასცა განკარგულება ¹01/24-012 იძულებითი აუქციონის დანიშვნის თაობაზე, ხოლო 2006 წლის 06 იანვარს განცხადება იძულებითი აუქციონის დანიშვნის თაობაზე გაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, მოვალე ლ. ბ-ძეს, კრედიტორ მ. ჩ-იანს და გაზეთ «...».

«სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, აღმასრულებელი სააღსრულებო მოქმედებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

იმავე კანონის 71-ე მუხლის თანახმად, აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს ადგენს აღმასრულებელი, რის შესახებაც იგი აუქციონის ჩატარებამდე არანაკლებ 7 დღით ადრე აკეთებს სპეციალურ განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს: უძრავი ქონების მესაკუთრის სახელს და საცხოვრებელ ადგილს; აღმასრულებლის საკონტაქტო მონაცემებს, აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს; უძრავი ქონების საწყის ფასს, რომელიც არის ამ ქონებაზე ყადაღის დადების აქტში მითითებული ან ექსპერტის/აუდიტის მიერ დადგენილი საბაზრო ფასი; უძრავი ქონების ადგილმდებარეობასა და მოკლე აღწერას; განცხადებას იმის შესახებ, რომ ყველა სხვა პირი, რომელსაც აქვს უფლებები უძრავ ნივთზე, ვალდებულია, ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარადგინოს აუქციონის დაწყებამდე; აუქციონის პირობებს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აღმასრულებელი ვალდებულია აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ საჯარო განცხადება განახორციელოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

2006 წლის 17 იანვარს 1200 საათზე აუქციონის ჩატარების შესახებ განცხადება გაკეთებულია გაზეთ «...», ინფორმაცია გამოცხადებულია სრული მოცულობით.

მითითებული მასალების ანალიზი საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაადასტუროს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ 2006 წლის 17 იანვარს აუქციონი გამოცხადებულია «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმების დაცვით.

განმეორებითი აუქციონი დაინიშნა 2006 წლის 14 მარტს, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, კასატორს აუქციონის შესახებ ეცნობა ფოსტის მეშვეობით, რის თაობაზე შეტყობინება უშუალოდ მას ჩაჰბარდა 2006 წლის 4 მარტს. აღნიშნულით სააღსრულებო ბიუროს მხრიდან დაცულია «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა, რომლის შესაბამისადაც, აღმასრულებელი აუქციონის დროისა და ადგილის შესახებ მხარეებს აცნობებს აუქციონის ჩატარებამდე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და საშუალებებით.

ინფორმაცია 2006 წლის 14 მარტს განმეორებითი აუქციონის გამოცხადების თაობაზე გამოქვეყნებულია გაზეთში «...».

2006 წლის 14 მარტს დანიშნული აუქციონი გადაიდო კრედიტორის განცხადების საფუძველზე, რასაც დასაშვებად მიიჩნევს «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» პუნქტი.

2006 წლის 16 მარტს კრედიტორმა კვლავ მოითხოვა განმეორებითი აუქციონის ჩატარება, აუქციონი დაინიშნა 2006 წლის 6 აპრილს, რომელიც გადაიდო გაზეთში არასრული ინფორმაციის გამოქვეყნების მოტივით. განმეორებითი აუქციონი დაინიშნა 2006 წლის 11 აპრილს, რაც გამოქვეყნდა გაზეთში «...», აღნიშნულის თაობაზე ეცნობა კრედიტორს და მოვალეს. საქმის მასალების შესაბამისად მოვალეს შეტყობინება ჩაჰბარდა 2006 წლის 4 აპრილს.

საგულისხმოა, რომ კასატორი სადავოდ ხდის ზემოაღნიშნული შეტყობინების მისთვის ჩაბარების ფაქტს და კასაციის ძირითად მოტივს წარმოადგენს სწორედ ის გარემოება, რომ აღნიშნულით შეილახა მისი უფლებები.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკასაციო სასამართლო გაიზიარებს კასატორის მოტივაციას აღნიშნულის თაობაზე, რის საფუძველსაც გარკვეულწილად იძლევა კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნა, აღნიშნული ვერ იქცევა აუქციონის შედეგების ბათილობის საფუძვლად, ვინაიდან მოვალისათვის შეტყობინების გაგზავნის კანონისმიერი ვალდებულების ძირითად მიზანს წარმოადგენს პირის უფლება ჰქონდეს ინფორმაცია, უზრუნველყოს საკუთარი უფლებების რეალიზება და ხელი შეუშალოს მე-3 პირთა მხრიდან მისი უფლებების რაიმე სახით ხელყოფის ფაქტს. 2006 წლის 11 აპრილს შედგენილი სხდომის ოქმით დასტურდება, რომ აუქციონს ესწრებოდა კასატორი – ლ. ბ-ძე, დაფიქსირებულია, რომ მან სხდომის ოქმის ხელმოწერაზე განაცხადა უარი. სააღსრულებო ბიუროში მისი შესვლის ფაქტი დადასტურებულია საქმეში დაცული სარეგისტრაციო ჟურნალის ჩანაწერით. საქმეში არ მოიძებნება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა აუქციონის მსვლელობის პროცესში კასატორის მხრიდან რაიმე სახის პრეტენზიის გაცხადების ფაქტს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების პრინციპიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ წარმოადგინა და ვერ მიუთითა იმ მტკიცებულებებზე, რომელიც დაადასტურებდა მისი განცხადების რეალურობას, ეჭვქვეშ დააყენებდა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან წარმოდგენილ მასალებს და საკასაციო სასამართლოს მისცემდა პროცესუალურ შესაძლებლობას, ემსჯელა კასატორის უფლებების შელახვის ფაქტზე. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას აუქციონის უკანონობის თაობაზე და თვლის, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ იძლევა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.