Facebook Twitter
ბს-1693-1647(კ-08) 11 ივნისი, 2009 წ

ბს-1693-1647(კ-08) 11 ივნისი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ც-ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 9 იანვარს ვ. ც-ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1997 წლის 1 აპრილიდან მუშაობდა ... რაიონის მიწის მართვის სამმართველოში მიწათმოწყობის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე, ხოლო 2004 წლის 1 სექტემბერს, მიწის მართვის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შედეგად, გათავისუფლდა სამსახურიდან. 2007 წლის ზაფხულში განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საიდანაც აცნობეს, რომ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით უნდა მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. აღნიშნულმა ორგანიზაციამ 2007 წლის 8 აგვისტოსა და 17 დეკემბრის წერილებით აცნობა, რომ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის კრედიტორული დავალიანების დაფარვა არ განეკუთვნება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებას, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს მის სამართალმემკვიდრეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე, 109-ე და შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლების საფუძველზე მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დავალდებულება სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 იანვრის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ მოპასუხედ მიუთითა ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

2008 წლის 26 მარტის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა ერთ-ერთი მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანების - 665 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით ვ. ც-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისრა ვ. ც-ძის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების – 665 ლარის ანაზღაურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 სექტემბრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითება, რომ ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების ღონისძიებათა თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 9 ივლისის ¹56 დადგენილებით განხორციელდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ლიკვიდაცია და განისაზღვრა მისი ქონებრივი და სამართლებრივი მდგომარეობა ლიკვიდაციის შემდეგ. ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ” 2004 წლის 1 ივნისის საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მატერიალურ – ტექნიკური ბაზა, შენობები, მონაცემთა საინფორმაციო ბანკი და სხვა ქონება, აგრეთვე დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსება. ანუ, აღნიშნული ნორმატიული აქტით შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსება გადაეცა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რაც თავისთავად ნიშნავდა ლიკვიდირებული დეპარტამენტის ქონებრივი უფლებებისა და შესაბამისი ვალდებულების მასზე გადაცემას. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის ¹1633 ბრძანების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ეთხოვა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მის ანგარიშზე დარჩენილი ნაშთი მთლიანად გადაეცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის. აღნიშნული თანხებიდან უნდა განხორციელებულიყო დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით სამსახურიდან გათავისუფლებული მუშაკებისათვის საბოლოო ანგარიშსწორება, ვინაიდან თანხები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა. ამასთან, შემდეგი წლების დავალიანების დასაფარავად ეთხოვა ფინანსთა სამინისტროს თანხის გადაცემა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის. რამდენადაც ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს ცალკე მხარჯველ დაწესებულებას, აღნიშნული დაფინანსების მისაღებად მას შეეძლო ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, წარედგინა საბიუჯეტო განაცხადი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის, თუკი ჩათვლიდა, რომ მისი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები არ იქნებოდა საკმარისი დავალიანების დასაფარავად. აღნიშნულს ადასტურებს სახელფასო დავალიანების გადახდის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2006 წლის 24 ნოემბრის ¹04-02/12032 წერილი, რომლის მიხედვითაც ყოფილი მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის კრედიტორული დავალიანებები, მათ შორის სახელფასო დავალიანებებიც, უნდა დაფაროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტში (28.12.05) აღნიშნული იყო, რომ ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ყოფილი მიწის მართვის დეპარტამენტის ზონის რეგისტრატურაში რეგისტრირებული უფლებები მიიჩნევა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულად. მართალია, დასახელებულ კანონში 2007 წლის 11 მაისს შეტანილ იქნა ცვლილება და 33-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდა განსხვავებული სახით, მაგრამ მუხლის ძველი რედაქცია ცხადყოფს, რომ იმ მომენტისათვის, როდესაც წარმოიშვა სახელფასო დავალიანება, მიწის მართვის დეპარტამენტის უფლებამონაცვლე იყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. გარდა ამისა, ვინაიდან მთავრობის ¹56 დადგენილების საფუძველზე მოხდა მიწის მართვის დეპარტამენტის ლიკვიდაცია და მისი ფუნქცია, რომელიც დაკავშირებული იყო უძრავი ქონების რეგისტრაციასთან, გადაეცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ყოფილი მიწის მართვის დეპარტამენტის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად განმარტა ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების ღონისძიებათა თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 9 ივლისის ¹56 დადგენილების პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ლიკვიდაციის უზრუნველყოფა დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. ამავე დადგენილებით, მართალია, მიწის მართვის დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შენობები, მონაცემთა საინფორმაციო ბანკი და სხვა ქონება, აგრეთვე დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსება უნდა გადასცემოდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მაგრამ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განთავსებულია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ, სააგენტოსთან გაფორმებული უზუფრუქტის ხელშეკრულებების საფუძველზე, მფლობელობაში გადაცემულ შენობებში. კასატორის განმარტებით, თანამშრომლების შერჩევა მოხდა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგად, რომლის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 10 სექტემბრის ¹1101 ბრძანებით და სააგენტო შეიქმნა ახალი, საკუთარი საშტატო რიცხოვნობით. როგორც კასატორი აღნიშნავს, ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს 2004 წლის კანონით, საბიუჯეტო დაფინანსება განსაზღვრული იყო მიწის მართვის დეპარტამენტისთვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის კი შექმნის დღიდან დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად მიღებული შემოსავლები, რაც ხმარდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის’’ შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია’’.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – მიწის მართვის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისიის მუშაობის შედეგებისა და დასკვნის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის ¹1633 ბრძანება, რომლის მე-7 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელფასო დავალიანება შეადგენდა 938,4 ათას ლარს და აღნიშნული სახელფასო დავალიანების დასაფარად საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ფინანსთა სამინისტროს სთხოვა თანხების გამოძებნა. ამავე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, იუსტიციის მინისტრმა ფინანსთა სამინისტროს აგრეთვე სთხოვა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე დარჩენილი ნაშთის – 111,8 ათასი ლარის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემა და მანვე განსაზღვრა ამ თანხის გამოყენების მიზნობრიობა. ამავე ბრძანების მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტს დაევალა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისიის მიერ გამოანგარიშებული, აუდიტის დასკვნით დადასტურებული და გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე კორექტირებული ნაშთების ყველა საბალანსო ანგარიშების მიხედვით სამინისტროს ნაერთ ბალანსში ასახვა. მათ შორის იყო სახელფასო დავალიანების თანხები, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო საბიუჯეტო დავალიანებას და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფინანსურ ვალდებულებებთან არანაირი კავშირი არ გააჩნია.

კასატორი აღნიშნავდა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – მიწის მართვის დეპარტამენტის ძირითად ფუნქციას არასოდეს წარმოადგენდა უძრავ ნივთებზე უფლებათა საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფუნქციები კი ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის ¹835 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულებით, ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით ამომწურავად არის განსაზღვრული და ძირითადად წარმოადგენს უძრავ ნივთებზე უფლებების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის საჯარო რეესტრში რეგისტრაციას.

როგორც კასატორი მიუთითებს, არც ერთ კანონში ან რაიმე სამართლებრივ აქტში არ არის აღნიშნული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების მიწის მართვის დეპარტამენტის სამართალმემკვიდრეობის საკითხი. ასევე, არაფერია ნათქვამი მიწის მართვის დეპარტამენტის უფლება-მოვალეობების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემის შესახებ. ასე რომ, საქართველოს იუსტიციის სამინიტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – მიწის მართვის დეპარტამენტის მუშაკისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მოთხოვნა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

კასატორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ იუსტიციის სამინისტროს მიწის მართვის დეპარტამენტში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეები დაკავებული თანამდებობიდან გაათავისულა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და არა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.

კასატორი მიუთითებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ და 2008 წლის ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონებზე და აღნიშნავს, რომ ფინანსთა სამინისტრო ახდენს კანონით გათვალისწინებული თანხების გამოყოფას და საბიუჯეტო ორგანიზაციების სახელფასო დავალიანებების გასტუმრებას. ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განაცხადს წარუდგენენ მხარჯველი დაწესებულებების ხელმძღვანელები, ხოლო საქართველოს ფინანსთა მინისტრის პოზიციის თანახმად, სახელმწიფოს ეს დავალიანება დაიფარება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, კასატორის მითითებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის მიმართვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი საქვეუწყებო დაწესებულების საჯარო მოსამსახურისათვის საბიუჯეტო დავალიანების დასაფარად თანხების გამოყოფის შესახებ უკანონო და უშედეგოა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 19 თებერვლის განჩინებით დასაშვებად იქნა მიჩნეული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

2009 წლის 28 მაისს ვ. ც-ძემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც უარი განაცხადა სასარჩელო განცხადებაზე და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ვ. ც-ძის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მისი განცხადება სარჩელზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, უნდა შეწყდეს საქმის წარმოება ვ. ც-ძის სარჩელზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართლაწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ – ვ. ც-ძემ უარი განაცხადა რა სარჩელზე, გამოხატა ნება თავისი საპროცესო უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც ადმინისტრაციული პროცესის მონაწილე მხარის ნების შეუზღუდავი გამოვლენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

საკასაციო სასამართლოს ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნია მხარეებისათვის იმაზე მითითება, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხევევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. ც-ძის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ დავაზე შეწყდეს საქმის წარმოება, ამასთან, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 სექტემბრის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,გ» ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ც-ძის განცხადება სარჩელზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 სექტემბრის განჩინება და ვ. ც-ძის სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება;

3. მოსარჩელეს განემარტოს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.