Facebook Twitter

ბს-1698-1652(კ-08) 31 ივლისი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

განიხილა ი. პ-შვილის 30.07.09წ. განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.10.08წ. განჩინებაზე წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 21.07.2004 წ. გადაწყვეტილებით ი. პ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უარი ეთქვა მოპასუხე _ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 24.03.2004 წ. ¹49 წერილის მესამე და მეოთხე პუნქტების ბათილად ცნობისა და საჯარო ინფორმაციის გადაცემის დავალდებულებაზე, უსაფუძვლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.10.08წ. განჩინებით ი. პ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 21.07.2004 წ. გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.10.08წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. პ-შვილმა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 30.01.09წ. განჩინებით, სასკ-ის 34.3 მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. პ-შვილის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს 30.07.09წ. განცხადებით მომართა ი. პ-შვილმა, რომლითაც უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე და საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა. განცხადების ავტორმა მიუთითა, რომ სადავო საკითხის მიმართ აღარ გააჩნია დავის შემდგომში გაგრძელების ინტერესი, ამასთან სარჩელში მის მიერ დაყენებული მოთხოვნები პრაქტიკულად დაკმაყოფილებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კასატორის განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

მოცემულ შემთხვევაში კასატორმა ი. პ-შვილმა საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მოახდინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე მხარის ნების გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამავე კოდექსის 378-ე მუხლის, 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე მიიჩნევს, რომ ი. პ-შვილის საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 372-ე, 378-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. პ-შვილის განცხადება დაკმაყოფილდეს;

2. ი. პ-შვილის საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო;

3. ძალაში დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.10.08წ. განჩინება;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.