ბს-1700_1654 (კ-08) 17 ივნისი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ს. ბ-ძე (მოსარჩელე)
დავის საგანი – ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და ქმედების განხორციელება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ს. ბ-ძემ 2008 წლის მაისში სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯ-1-ის პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2008 წლის 10 აპრილის ¹ვ/1429-ე წერილის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) ბათილად ცნობა, ს. ბ-ძის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილედ ცნობის შესახებ მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ქმედების განხორციელების (რაც გულისხმობდა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილის ცნობის გაცემას) დავალება.
ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ს. ბ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2008 წლის 10 აპრილის ¹ვ/1429 ადმინისტრაციული აქტი და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა აფხაზეთში წარმოებულ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ცნობის გაცემა ს. ბ-ძის მიმართ.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ბ-ძე 1991 წლის 15 ივნისიდან ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს “...” დაზვერვის ბატალიონში რიგითად, ხოლო 1993 წლის 13 თებერვლიდან 1993 წლის 10 მარტამდე მიღებული აქვს მონაწილეობა აფხაზეთის რეგიონის საბრძოლო ოპერაციებში. სასამართლომ საქმეში წამოდგენილი საბრძოლო მოკვლევით დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ბ-ძე 1992 წლის 10 ივნისიდან 1993 წლის 6 დეკემბრამდე ჩარიცხული იყო ეროვნული გვარდიის ... დაზვერვის ბატალიონის პირად შემადგენლობაში და მას მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში აფხაზეთის რეგიონში, სადაც საომარი მოქმედების დროს დაიჭრა 1993 წლის 9 მარტს. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ 2008 წლის 10 აპრილს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის წერილით ს. ბ-ძეს განემარტა, რომ 2008 წლის 8 აპრილის განცხადების საფუძველზე ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა სამმართველოში ჩატარდა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა აფხაზეთში წარმოებულ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის თაობაზე და ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის საარქივო მასალებში არსებულ ბრძანებებში არ იქნა მოპოვებული ინფორმაცია მისი შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხვისა და ამორიცხვის შესახებ, რის გამოც მოთხოვნა დატოვებული იქნა დაკმაყოფილების გარეშე.
სასამართლომ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილი; ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 96-ე მუხლის პირველ ნაწილი.
სასამართლომ ჩათვალა, ვინაიდან დადგენილია ს. ბ-ძის მონაწილობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთში მიმდინარე ბრძოლებში, უდავოა მისი საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხვისა და სამსახურის გავლის ფაქტი, ხოლო სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ არის დასაბუთებული ის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რომელთა გამოც არ უნდა იქნეს ზემოაღნიშნული გარემოებები გათვალისწინებული.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორი განმარტავს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2001 წლის 18 ივლისის ¹155 ბრძანება და საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის 1995 წლის მარტის ¹44 ბრძანება. კასატორი თვლის, რომ სასამართლოს დასაბუთება არ იძლევა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის გამოყენების საფუძველს; კასატორს მიაჩნია, თუ სასამართლო უკიდურეს შემთხვევაში მოახდენდა სადავო აქტის ბათილობას, მაშინ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა იმავე მუხლის მე-4 ნაწილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ნოემბრის განჩინება; ს. ბ-ძის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2008 წლის 10 აპრილის ¹3/1429 ადმინისტრაციული აქტი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დაევალოს ხელახლა განიხილოს ს. ბ-ძის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხულად და შემდგომ ამორიცხულად ცნობის შესახებ ბრძანების გამოცემის საკითხი და საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების და მტკიცებულების დაინტერესებული მხარის მონაწილეობით გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის საფინანსო განყოფილების უფროსის მ. ა-ძის 2006 წლის 8 თებერვალს გაცემული ¹239 ცნობით ს. ბ-ძე ირიცხებოდა ეროვნული გვარდიის «...» დაზვერვის ბატალიონში სახელფასო უწყისებში 1992 წლის 1 სექტემბრიდან 1993 წლის 1 ოქტომბრამდე რიგითის თანამდებობაზე (ს.ფ. 22); ს.ფ. 24-ზე წარმოდგენილია ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ¹70241 სამხედრო ნაწილის მეთაურის ვ/პოლკოვნიკის მიერ 1994 წლის 9 თებერვალს გაცემული ¹57 ცნობა იმის შესახებ, რომ ს. ა. ძე ბ-ძე არის მე-2 ბრიგადის 117-ე ბატალიონის «...» სამხედრო მოსამსახურე, რიგითი 1991 წლის 15 ივნისიდან 1993 წლის 13 თებერვლამდე და 1993 წლის 10 მარტამდე მიღებული აქვს მონაწილეობა აფხაზეთის რეგიონის საბრძოლო ოპერაციებში, რომელიც დაიჭრა 1993 წლის 9 მარტს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2008 წლის 10 აპრილის ¹3/1429 წერილზე, რომლითაც ს. ბ-ძეს ეცნობა, იმის გამო, რომ ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის საარქივო მასალებში არსებული 1992-1993 წლების ბრძანებებში არ მოიპოვება მონაცემები მისი შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხვისა და ამორიცხვის შესახებ, მისი თხოვნა დატოვებულია დაკმაყოფილების გარეშე (ს.ფ. 21).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსზე, რომლის თანახმად განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მისცეს განმცხადებელს განცხადების უარმყოფელ გარემოებათა შესახებ საკუთარი აზრის წარდგენის შესაძლებლობა, რისი უარმყოფელი გარემოებებიც დასაბუთებული უნდა იქნეს მის მიერ მიღებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. აღნიშნული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს_საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ისე გამოიცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი_ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2008 წლის 10 აპრილის ¹3/1429 წერილი, რომ მის მიერ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება კანონით დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ არის გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეისწავლოს და ჩაატაროს ყველა ღონისძიება მოსარჩელის შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვის, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის, შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის სიებიდან ამორიცხვის დასადასტურებლად. საბრძოლო მოკვლევის ჩატარებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს ყველა იმ დოკუმენტის მოპოვებას და ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც ასახავენ სამხედრო ფორმირებებისა და ოპერატიულ დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების ნუსხას და რაოდენობას და მოსარჩელის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვალდებულია მოსარჩელის მიერ მითითებული ინფორმაციის მიხედვით, დააზუსტოს განმცხადებლის მიერ დასახელებული ფაქტები, აწარმოოს კომპეტენტურ პირთა გამოკითხვა, ჩამოართვას ახსნა-განმარტება, გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტაცია, მიმართოს სხვადასხვა უწყებას განცხადებაში მითითებულ გარემოებათა ან წარმოდგენილ დოკუმენტთა გადამოწმების და დაზუსტების მიზნით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც მოცემულ საქმეზე გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი; ამ ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ნოემბრის განჩინება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ს. ბ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2008 წლის 10 აპრილის ¹3/1429 ადმინისტრაციული აქტი; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს ხელახლა განიხილოს მოსარჩელე ს. ბ-ძის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხულად და შემდგომ ამორიცხულად ცნობის შესახებ ბრძანების გამოცემის საკითხი და საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების და მტკიცებულების დაინტერესებული მხარის მონაწილეობით გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ სადავო საკითხთან დაკავშირებით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ს. ბ-ძის მიმართ;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.