Facebook Twitter
ბს-1711-1665(კ-08) 23 აპრილი, 2009 წ

ბს-1711-1665(კ-08) 23 აპრილი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე – ა. კ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 აპრილის განჩინება

დავის საგანი - დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 19 აგვისტოს ა. კ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს .... საიდანაც გაათავისუფლეს 2007 წლის 20 მარტს.

მოსარჩელის განმარტებით, სამსახურში მუშაობის დროს მიუღებელი დარჩა 1998 წლის ხელფასი – 138,24 ლარი, კვების კომპენსაცია – 236 ლარი, მატერიალური დახმარება – 35,36 ლარი, ჯილდო – 70,72 ლარი, სულ –1311,80 ლარი, 1999 წლის ხელფასი – 212,46 ლარი, კვების კომპენსაცია – 354 ლარი, მატერიალური დახმარება – 35,41 ლარი, ჯილდო – 141,64 ლარი, სულ –743,51 ლარი, 2000 წლის ხელფასი – 141,64 ლარი, კვების კომპენსაცია – 236 ლარი, ჯილდო – 70,82 ლარი, სულ – 448,46 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების 1672,29 ლარის ანაზღაურება.

მოპასუხე – საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. კ-შვილის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ა. კ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების – 1672,29 ლარის ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონი აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას, საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურობისათვის დაწესებულ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებს.

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან, ზემოაღნიშნული კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსამსახურეს აქვს უფლებები და გარანტიები მიიღოს თანამდებობრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები და პირობები, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით მოსამსახურეთათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სხვა დამატებითი უფლებები და გარანტიები – ასეთი სახის დამატებითი უფლებები და გარანტიები სამხედრო მოსამსახურეთათვის განსაზღვრულია სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებით, კერძოდ, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის სოციალური და სამართლებრვი დაცვის გარანტიას იძლევა სახელმწიფო და სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული პირობების გათვალისწინებით, სამხედრო მოსამსახურის სხვა დამატებითი სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით.

ამავე კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურე სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე იმყოფება, ამასთან, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, სანიმუშო დისციპლინისა და საბრძოლო მომზადებაში წარჩინებული მაჩვენებლებისათვის წლის განმავლობაში შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო და/ან მატერიალური დახმარება. აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა და ამდენად, შრომითი გასამრჯელოს – ხელფასის, ფულადი ჯილდოს, მატერიალური დახმარებისა და სასურსათე ულუფის გაცემის ვალდებულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აკისრია კანონმდებლობის საფუძველზე, ანუ იგი ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი ვალდებულებაა. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული სამართლებრივი ნორმა მოსარჩელეს ანიჭებს შესაძლებლობას, მოითხოვოს სახელმწიფოსაგან მიუღებელი შრომითი გასამრჯელო – ხელფასი, ფულადი ჯილდო, მატერიალური დახმარება და სასურსათე ულუფა, რადგან ამ მოთხოვნის უფლების რეალიზების შესაძლებლობა არ არის შეზღუდული დროის კონკრეტული პერიოდით.

რაც შეეხება ხანდაზმულობის სამწლიან ვადას, აგრეთვე პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების გამო მოთხოვნის უფლებას, სასამართლოს განმარტებით, ეს სამართლებრივი ინსტიტუტები შემოღებულია კერძო სამართლის საკანონმდებლო აქტით _ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (129-ე მუხლი) და მოქმედებს კერძოსამართლებრივი ურთიერთობების სფეროში, რასაც ნამდვილად არ განეკუთვნება მოსარჩელე ა. კ-შვილსა და ადმინისტრაციულ ორგანოს _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა. უდავოა, რომ მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა როგორც სამხედრო მოსამსახურე და ეს ურთიერთობები რეგულირდება საჯარო სამართლის საკანონმდებლო აქტით _ "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" და "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონებით, აგრეთვე "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მომსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულებით და "სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" დებულებით, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულების შესაბამისად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადები შეეხება ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებს. მოსარჩელე ა. კ-შვილსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დადებული არ ყოფილა რაიმე სახის ხელშეკრულება, მათ შორის ურთიერთობა რეგულირდებოდა საჯარო კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების _ ბრძანებების მეშვეობით, ამიტომ განსახილველ სასარჩელო მოთხოვნაზე ვერ გავრცელდება სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

სასამართლომ ასევე არ გაიზირა მოპასუხის მოსაზრება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელი ხელფასის მოთხოვნის ნაწილში წარდგენილი უნდა ყოფილიყო "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127.1 მუხლით დადგენილ ვადაში, იმ დღიდან, როდესაც ის გათავისუფლდა სამსახურიდან, ე.ი. გათავისუფლებიდან ერთი თვის ვადაში, მაგრამ, სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული კანონით მოწესრიგებულია საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, მოსამსახურის სამართლებრივი მდგომარეობა, სწორედ ამ კანონის 37-ე მუხლით დაეკისრა ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულება, გასცეს შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეზე, რათა მან შესრულებული სამუშაოსათვის მიიღოს ანაზღაურება, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი და საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს დაფინანსების შემცირების საფუძველი.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ მოსარჩელე ითხოვდა 1998-2000 წლების ხელფასს, მატერიალურ დახმარებას, ჯილდოსა და კვების კომპენსაციას.

,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-14 მუხლით საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.

შრომის კანონთა კოდექსის (2006 წლის) 31-ე მუხლის მე-2 ნაწილით, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ, სამუშაო ადგილზე, ხოლო იმ დროს მოქმედი ,,შრომის კანონთა კოდექსის» 81-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოსამსახურეების შრომის ანაზღაურება ხდება დროებლივად, 94-ე მუხლის პირველი პუნქტით ხელფასი გაიცემა ყოველი ნახევარი თვის შემდეგ მაინც, თუ შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე კანონის 96-ე მუხლის თანახმად, კი მოსამსახურეს, მისი დათხოვნისას კუთვნილი მთელი თანხა ეძლევა დათხოვნის დღეს.

,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად, (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს.

,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილით, სამხედრო მოსამსახურეს წლის განმავლობაში შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო.

ამდენად, უდავოა, რომ ხელფასის გაცემა წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რომლის მოთხოვნაზე ვრცელდება სსკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა და არა ამავე კოდექსის 128-ე მუხლით დადგენილი ათწლიანი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო ამ ვადის ათვლა, სსკ-ის 130-ე მუხლის შესაბამისად, იწყება იმ პერიოდიდან, როდესაც მოსარჩელეს უნდა მიეღო ხელფასი.

,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 127.1 მუხლით მოხელეს უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურობრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება.

აპელანტის მოსაზრებით, მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაეყენებინა იმ დღიდან ერთ თვეში, რაც დადგენილია ხელფასის გაცემის დღედ, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, სამ წელიწადში (როგორც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების).

ამასთან, აპლენატის მითითებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული საქართველოს სამხედრო საჰაერო ძალების მთავარი შტაბის 2007 წლის 14 ივნისის ¹423 ცნობა, ვინადან აღნიშნულს მხოლოდ ინფორმაციული ხასიათი აქვს და გამოცემულია სზაკ-ით დადგენილი ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და ამასთან, მიუთითა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2007 წლის 7 აგვისტოს ¹9/2407 მიწერილობა და სამხედრო საჰაერო ძალების მთავარი შტაბის მიერ 2007 წლის 14 ივნისს გაცემული ცნობა ¹423 წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას შესაბამისი საბიუჯეტო ასიგნებების არსებობის შემთხვევაში სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე, რითაც აღიარებულია მოპასუხის მხრიდან სახელფასო დავალიანების არსებობა. აღნიშნული კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის კანონისმიერი საფუძველია.

სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი ცნობები საინფორმაციო ხასიათია და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, ვინაიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების თანახმად, ფინანსების მართვის დეპარტამენტის მოვალეობას არ წარმოადგენდა საჯარო ინფორმაციის გაცემა, აღნიშნული დეპარტამენტი ახორციელებდა დამტკიცებული ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვას და პასუხისმგებელი იყო ფინანსური დისციპლინის განმტკიცებაზე.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 აპრილის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონირება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა. კ-შვილი მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს .... სამხედრო საჰაერო ძალების მთავარი შტაბის ¹423 ცნობის (ს.ფ. 4) თანახმად, მოსარჩელის მიმართ მოპასუხის დავალიანება შეადგენს: 1998 წლის ხელფასს – 138,24 ლარს, კვების კომპენსაცია – 236 ლარს, მატერიალური დახმარება – 35,36 ლარს, ჯილდო – 70,72 ლარს, სულ –1311,80 ლარს, 1999 წლის ხელფასი – 212,46 ლარს, კვების კომპენსაცია – 354 ლარს, მატერიალური დახმარება – 35,41 ლარს, ჯილდო – 141,64 ლარს, სულ –743,51 ლარს, 2000 წლის ხელფასი – 141,64 ლარს, კვების კომპენსაცია – 236 ლარს, ჯილდო – 70,82 ლარს, სულ – 448,46 ლარს.

"სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.

«საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებაში მოცემულია მოსამსახურის ხელფასის ცნება, რომლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, თანამდებობრივი სარგოს გარდა, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) მიეკუთვნება ასევე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული. კვების კომპენსაცია წარმოადგენს «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით რეგლამენტირებულ სასურსათო ულუფას. აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის (2007 წლის 11 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ამდენად, სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის პერიოდში «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად, ღებულობს კომპენსაციას სასურსათო უზრუნველყოფის _ ულუფის სახით. «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის გარდამავალი ნორმის შემცველი 1341-ე მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. ამდენად, აღნიშნული მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ იგი არ ეხება საჯარო მოსამსახურისათვის კომპენსაციის ანაზღაურებას ამ მუხლით დადგენილი წესით. სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ამასთან, ხელფასი განსხვავდება უზრუნველყოფის სახისაგან _ სასურსათო ულუფისაგან, რაც განსხვავებულადაა მოწესრიგებული «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341-ე მუხლში. ამდენად, ვინაიდან სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის მიერ მისაღები კომპენსაციის სახეს, ზემოაღნიშნული გარდამავალი ნორმა («საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341-ე მუხლი) აღნიშნულ კომპენსაციაზე არ ვრცელდება. შესაბამისად, თუ სამხედრო საჰაერო ძალების მთავარი შტაბის მიერ გაცემულ საინფორმაციო ხასიათის ცნობაში სახელფასო დავალიანებასთან ერთად, მითითებულია კვების ულუფის დავალიანებაზე, ხელფასისაგან განსხვავებით, კვების ულუფის დავალიანების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ათვლილ უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამხედრო საჰაერო ძალების მთავარი შტაბის მიერ გაცემული ცნობა ატარებს ინფორმაციულ ხასიათს, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის, ამა თუ იმ პირზე გაცემული ცნობა, რომელიც შეიცავს პირის მიმართ ამ ორგანოს დავალიანების შესახებ ინფორმაციას, წარმოადგენს ამავე ორგანოში დაცულ და მის მიერ ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში კანონით დადგენილი წესით გაცემულ საჯარო ინფორმაციას.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისათვის კვების კომპენსაციის თანხის ანაზღაურების ნაწილში არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც გათვალისწინებულია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 01 აპრილის განჩინება კვების კომპენსაციის თანხის _ 826 ლარის ა. კ-შვილის სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში ა. კ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.

რაც შეეხება გასაჩივრებულ განჩინებას დანარჩენ ნაწილში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში განჩინება მიღებულია კანონის სწორი გამოყენებისა და განმარტების საფუძველზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება გაზიარებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 01 აპრილის განჩინება კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ა. კ-შვილის მოთხოვნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის კვების კომპენსაციის – 826 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 01 აპრილის განჩინება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელფასო დავალიანების – 846,29 ლარის დაკისრების ნაწილში დარჩეს უცვლელად;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.