ბს-1712-1666(2კ-08) 11 მარტი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – 1) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
2) ი. მ.-ე (მოსარჩელე)
დავის საგანი – სახელფასო დავალიანებისა და ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
კასატორი ი. მ.-ის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ი. მ.-მ 2008 წლის თებერვალში სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სახელფასო დავალიანებისა და ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის ზიანის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით ი. მ.-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელე ი. მ.-ის სასარგებლოდ 1998-2000 წლების თანამდებობრივი სარგოს 480,7 ლარის ოდენობით ანაზღაურება; ი. მ.-ს უარი ეთქვა კვების კომპენსაციის, ჯილდოს, მატერიალური დახმარებისა და ზიანის ანაზღაურებაზე ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და ი. მ.-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ი. მ.-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ი. მ.-ის სასარგებლოდ ხელფასის _ 480,7 ლარის, ჯილდოს _ 275,06 ლარის, მატერიალური დახმარების _ 68,11 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივრები შეიტანეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და ი. მ.-მ.
კასატორმა _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა ხანდაზმულია.
კასატორმა _ ი. მ.-მ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისროს მის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის 826 ლარის გადახდა, ასევე ანგარიშსწორების დაყოვნების გამო ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ი. მ.-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ი. მ.-ის საკასაციო საჩივრები არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ი. მ.-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.