¹ბს-1714-1668(კ-08) 12 მარტი 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. გ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 3 მაისს თ. გ.-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ, ხოლო მესამე პირად საქართველოს ფინანსთა სამინისტრო დაასახელა.
მოსარჩელის განმარტებით, იგი 1998 წლის 30 სექტემბრიდან მუშაობდა საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის სამტრედიის შემკრებ-გამანაწილებლის სადისპეტჩერო-სარეგისტრაციო ბიუროს წამყვანი ინსპექტორის თანამდებობაზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004 წლის 2 აგვისტოს შესაბამისი ბრძანების საფუძველზე მოსარჩელე გადაყვანილ იქნა საბაჟო ,,...-ის’’ საბაჟო-საგუშაგო ,,...ის პორტის’’ საბაჟოO კონტროლის განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2006 წლის 7 აპრილის ¹180-კ ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 21 აპრილის ¹244 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს საბაჟო ორგანოში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების’’ 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნტის, ასევე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების’’ მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მისი საბაჟო კონტროლის განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში საქართველოს ფინანსთა სამნისრტოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2006 წლის 7 აპრილის ¹180-კ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 17 მაისის საოქმო განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად საქართველოს ფინანსთა სამინსტრო ჩაება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ. გ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2006 წლის 7 აპრილის ¹180-კ ბრძანება მოსარჩელე თ. გ.-ის საბაჟოO ,,...ის’’ საბაჟო-საგუშაგო ,,...ის პორტის’’ საბაჟოO კონტროლის განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან; მოპასუხეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დაევალა მოსარჩელის შრომითი მოწყობის შესახებ საკითხის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. მოსარჩელეს უარი ეთქვა სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე; მოპასუხეს თ. გ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან მოსარჩელის შრომითი მოწყობის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დღემდე.
საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთაA კოლეგიის 2007 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა აღნიშნული გადაწყვეტილების მთლიანად გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა თ. გ.-მა, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით თ. გ.-ის საბაჟო ,,...-ის’’ საბაჟო-საგუშაგო ,,...-ის პორტის’’ საბაჟო კონტროლის განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვა.თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის გდაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება და თ. გ.-ს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფლებაზე; თ. გ.-ს ასევე უარი ეთქვა შეგებებული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ ‘’ პუნქტების და 394-ე მუხლის ,,ე’’ პუნქტის მოთხოვნები, ანუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და გადაწყვეტილება იურიდიულად არ იყო საკმარისად დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი იყო.
სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა არ გაიზიარა სამართლებრივი შეფასებები და დასკვნები. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს საბაჟო ორგანოში სამსახურის გავლის წესის შესახებ’’ დებულების მეოთხე მუხლის თანახმად, ატესტაცია არის მისი პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობასთან წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება. ასევე, ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულების’’ მეორე მუხლის შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარებას ახორციელებდა საკონკურსო-საატესტაციო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე და წევრები.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას მიეკუთვნებოდა მოხელის პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასება. შესაბამისად, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ ატესტაციას დაქვემდებარებული პირის შეფასების კრიტერიუმების განხილვა ვერ გახდებოდა სასამართლოს მსჯელობის საგანი, გარდა იმ შემთხვევისა თუ აღნიშნული კომისიის მიერ დარღვეული იყო ატესტაციის ჩატარების პროცედურა. დადგენილი იყო, რომ თ. გ.-ის შეფასება მოხდა გასაუბრების ფორმით, რაც დაფიქსირებული იყო ვიდეოფირზე და ამ გასაუბრების შედეგს წარმოადგენდა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის უარყოფითი რეკომენდაცია. თ. გ.-ის პროტესტი არ დააკმაყოფილა ასევე საპრეტენზიო კომისიამაც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე არ დასტურდება ისეთი გარემოებების არსებობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გასაჩივრებული აქტის ბათილობა, შესაბამისად, არ არსებობს მისი სამართლებრივი შედეგებიც, როგორიცაა სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება თ. გ.-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 31 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. გ.-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 31 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2009 წლის 12 მარტამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. გ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. გ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.